"ხშირად ბაძავდა და ყველაზე მეტად ჰგავს ათათურქს - მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობა" - კვირის პალიტრა

"ხშირად ბაძავდა და ყველაზე მეტად ჰგავს ათათურქს - მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობა"

"არ შეიძლება იმის დამალვა, რომ სააკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი იყო, ვინც კი ოდესმე ყოლია საქართველოს"

"ქვეყანა, რომლის ისტორია 2003 წლიდან იწყებოდა - ეს იყო მიშას ყველაზე დიდი შეცდომა"

" პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ წარმატებები აინტერესებდა და თვალს ხუჭავდა პრობლემებზე, ყველას ეუბნებოდა, ცუდი ამბები არ მითხრათო"

"ვერავინ უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლაც რეფორმატორი იყო, მაგრამ დემოკრატი არასოდეს ყოფილა"

რამდენიმე დღეში საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. თუ რა გზა გაიარა მან, რა გააკეთა, რა ვერ გააკეთა და რა არ გააკეთა მან თავის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი საუბრობს... გვინდა ასევე გულისტკივილით ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ამ საკითხზე ობიექტური მოსაზრებების მქონე ექსპერტი გვეპოვნა, მარცხი განვიცადეთ - პრეზიდენტს ან განუწყვეტლივ აქებენ, ან ასევე განუწყვეტლივ და შემართებით ლანძღავენ.

ლევან ბერძენიშვილი:

- მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ჰქონდა შანსი, ესარგებლა უპრეცედენტო მხარდაჭერით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მას მხარს უჭერდნენ რუსეთშიც კი. უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს ასე გაუმართლებს. გარდა ამისა, ის მოსახლეობის 97-მა % აირჩია, მას ალტერნატივა არ ჰყავდა. არ დავმალავ, მან კარგად დაიწყო კიდეც და აშკარა წარმატებები ჰქონდა. მისი პირველი წარმატება იყო "ვარდების რევოლუციის" მშვიდობიანი დასრულება, თუმცა, ცხადია, ამაში შევარდნაძის წვლილიც ერია... მისი პლუსია ასევე აჭარის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ასე რომ, სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ მმართველობის პირველივე წელს, ინაუგურაციიდან ერთ თვეში, დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის გადაწერა მოინდომა, რათა პრეზიდენტის უფლებამოსილებები გაეზარდა. ამის შემდეგ კი დაიწყო ისტორიის გადაწერა და გამუდმებით ამბობდა, რომ მან, ხალხთან ერთად, მაგრამ სხვა პოლიტიკოსების გარეშე მოახდინა რევოლუცია. ახალი ისტორიის დაწერას რომ მორჩა, დააპირა ახალი ქვეყანა აეშენებინა, რომლის ისტორია 2003 წლიდან იყო იწყებოდა. ეს იყო ასევე მისი ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა. საქართველოს მონუმენტური ისტორია აქვს, მიხეილ სააკაშვილები კი მიდიან და მოდიან. მისი ილუზია, რომ დავით აღმაშენებელსა და ათათურქს თავის თავში აერთიანებდა, იმ ბრმა ნდობამ გამოიწვია, რომელიც მას ქართველმა ხალხმა ასე უანგაროდ უბოძა. მან საკუთარი დიდების გამოცდას ვერ გაუძლო. ის გახდა პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ წარმატებები აინტერესებდა და თვალს ხუჭავდა პრობლემებზე, ყველას ეუბნებოდა, ცუდი ამბები არ მითხრათო.

- მის მიერ განხორციელებულ საგარეო პოლიტიკაზეც გკითხავთ, - დასავლურ პრესაში მას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც რეფორმატორს, ქარიზმატულ ლიდერს, რომელმაც პატარა საქართველო დასავლეთთან დაახლოვა...

- საგარეო პოლიტიკაში საქართველოს კურსი შევარდნაძის შემდეგ არ შეუცვლია, ჯერ მან თქვა დასავლეთი, შემდეგ სააკაშვილმა თქვა დასავლეთი, დასავლეთი და ახლა ჩვენ ამას სამჯერ ვამბობთ, - დასავლეთი, დასავლეთი, დასავლეთი... ნატო შევარდნაძესაც უნდოდა, მაგრამ სააკაშვილი დასავლეთისთვის უფრო სანდო იყო, რადგან ამერიკაში განათლება მიღებული კაცი იყო, რომელიც ბრწყინვალედ საუბრობდა ინგლისურად, იცის სხვა უცხო ენებიც, ფრანგული, ესპანური, ჰოლანდიური და შესანიშნავად საუბრობს რუსულ და უკრაინულ ენებზეც. მან ღიად და ერთგვარად დაუფიქრებლად გამოხატა დასავლეთის მიმართ ლტოლვა, გაამყარა კავშირი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოსთან, ამერიკას ვგულისხმობ და მთელ მსოფლიოს დაუდასტურა, რომ საქართველოს აშკარად პროდასავლური კურსი ჰქონდა აღებული. თუმცა, მან ვერ იპოვა ოქროს შუალედი, ვერ დაადგა იმ გზას, რასაც პოლონეთი და ბალტიისპირეთს ქვეყნები დაადგნენ და გაამწვავა ურთიერთობა რუსეთთან. წამოეგო რუსულ პროვოკაციას და შემდგომ, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკა ზიზღზე ააგო, მის დროს რუსულ ენას, კულტურას, სიმღერებსაც კი ებრძოდნენ... საბოლოოდ, ამან ისევ მისი, როგორც დიდი პოლიტიკოსის პერსონა დააკნინა.

ამავდროულად, ვერავინ უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლაც რეფორმატორი იყო, მაგრამ დემოკრატი არასოდეს ყოფილა, რაზეც გამუდმებით თვალს ხუჭავდა საერთაშორისო საზოგადოება. არ შეიძლება დემოკრატი იყოს პრეზიდენტი, რომელიც წყვეტს, რა ფერად უნდა შეიღებოს სახლი თბილისში.

- თუმცა, შარშან, საპარლამენტო არჩევების შემდგომ, ვიხილეთ ერთ დღეში შეცვლილი, გარდაქმნილი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დამარცხება მშვიდად აღიარა. რბილად რომ ვთქვათ, ბევრი ასეთ ნაბიჯს მისგან არ მოელოდა...

- დიახ, მართლაც ბევრისთვის მოლოდნელად, მან საკუთარ თავში დამარცხების აღაირების ძალა იპოვა და ეს მათლაც მისასალმებელია, რადგან ხელისუფლების გადაცემა, სრულიად მშვიდობიან გარემოში მოხდა. თუმცა, შემდეგ ამას მთელი წლის განმავლობაში ნანობდა. ეს მის გამოსვლებში ჩანდა.

- მას დაუსახელებია თავის იდეალი პოლიტიკოსები, თქვენ რომელ პოლიტიკოსს ამსგავსებთ მას?

- ძალიან ხშირად ბაძავდა ათათურქს და ყველაზე მეტადაც სწორედ მას ჰგავს. თუმცა, ეს არის ათათურქი, რომელსაც ბევრჯერ მოეცარა ხელი. ანუ ქართველ ხალხს მიშას მიმართ ისეთივე პატივისცემა არ ჰქონდა და ექნება, როგორიც თურქ ხალხს ათათურქის მიმართ დარჩა... ჩემი აზრით, სააკაშვილს ხელი იმიტომ მოეცარა, რომ საკუთარ თავზე ბევრად მეტს ფიქრობდა, ვიდრე ქვეყანაზე და პოლიტიკაზე. საკუთარ პერსონაზე ფიქრი, მისი მთავარი ნაკლი აღმოჩნდა, რადგან როგორც წესი, პოლიტიკოსებს, საკუთარ პერსონაზე ფიქრის უფლება არა აქვთ. თუმცა, რ შეიძლება იმის დამალვა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი იყო, ვინც კი ოდესმე ყოლია საქართველოს. ის, რომ, ბოლო ხანებში გაუჭირდა და პოლიტიკური ძალა დაკარგა, არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ არაფერს წარმოადგენდა ან სუსტი პოლიტიკოსი იყო. აჭარის საკითხს, პირადად მე, მას არასდროს დავუვიწყებ, ისევე, როგორც ზოგიერთ იმ რეფორმას, რომელიც ავად თუ კარგად, მაინც განხორციელდა, მაგალითად, პოლიციის რეფორმა, კონკრეტულად კი, პატრულის. შენიშვნები არსებობს, მათ მიერ ძალის გადამატებასა და ზოგადად, პოლიციის პოლიტიზირებულობაზე, მაგრამ იმის დავიწყება არ ღირს, რომ ეს მეტწილად წარმატებული რეფორმა იყო. მისი მოღვაწეობა მაგონებს გენიალურ ქართულ კინოფილმს, "იყო შაშვი მგალობელი", რომელიც პერსონაჟსაც დიდი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს მიედ-მოედო და ვერ განახორციელა. მიხეილ სააკაშვილს ათასი სიკეთის გაკეთები შანსი ჰქონდა და 5 გააკეთა. გავა დრო და ისტორია მას დამსახურებებსაც ჩაუთვლის, ისევე როგორც ნაკლებსა და წარუმატებლობებს.

- რას უტოვებს მიხეილ სააკაშვილი თავის მემკვიდრეს?

- ის ტოვებს მემკვიდროებას, რომელიც თვალს გვიხელს იმ ფაქტზე, საქართველო არ შეიძლება იყოს პოლიციური სახელმწიფო და ჰყავდეს სუპერძლიერი პრეზიდენტი. ეს მას სულაც არ უნდოდა, მაგრამ ასე გამოუვიდა. მან დაამტკიცა, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ უნდა იყოს. ეს მის უნებური ღვაწლია, მაგრამ ისტორია დადებითად ჩაუთვლის. გარდა ამისა, მის კარგ დანატოვრად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ საქართველო ძალიან მტკიცედ მიიწევს ნატოსკენ. ის ამ მიმართულებით უფრო თანმიმდევრული იყო, ვიდრე შევარდნაძე. ჩვენ არ ვიღებთ მემკვიდრეობად, ტოტალურ მოსმენებს, საზოგადოების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას, რაც მე საკუთარ თავზე ვიწვნიე, როდესაც აგენტებად გამოგვაცხადა და ამას ვერასდროს დავუვიწყებ.

- როგორ ფიქრობთ, ბატონო ლევან, მოუწევს თუ არა მას კანონის წინაშე პასუხისგება?

- დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში არ აღმოჩნდება და არავითარი სურვილი არ მაქვს, იგი ციხეში ვიხილო. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ხვალ რას ჩაიდენს, ან რა აღმოჩნდება ჩადენილი. კანონზე მაღლა ვერ დავდგები, მაგრამ ძალიან ჩემი დიდი სურვილია, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, ცუდია თუ კარგი, ციხეში არ ვნახო.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)