ცვილის უძველესი კბილის ბჟენი 6 500 წლისაა! - კვირის პალიტრა

ცვილის უძველესი კბილის ბჟენი 6 500 წლისაა!

ას წელიწადს იდო მუზეუმში უძველესი დაბჟენილი კბილი, რომელიც იტალიელ და ავსტრალიელ მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა სრულიად შემთხვევით ხელმეორედ "აღმოაჩინა". კლაუდიო ტუნიცის თქმით, კბილი ბჟენის კვალით გაქვავებულ ყბის ძვალზე იპოვეს, რომელიც თანამედროვე სლოვენიის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს. მას შემდეგ 24-30 წლის მამაკაცის ქვედა ყბის ძვალი იტალიის ქალაქ ტრიესტის მუზეუმში ინახებოდა.

ტუნიცმა და მისმა კოლეგებმა ყბის ძვალი მუზეუმიდან რენტგენის ახალი აპარატის ტესტირებისთვის აიღეს, ტესტის მიმდინარეობისას კი ერთ-ერთ ეშვზე უცხო მასალის კვალი აღმოაჩინეს.

ამის შემდეგ მკვლევრებმა კბილის მაღალი ხარისხის სამგანზომილებიანი გამოსახულება მიიღეს. მათ დააფიქსირეს ვერტიკალური ბზარი და დიდი ღრუ, ეს უკანასკნელი უცხო მასალით იყო ამოვსებული, რომელიც ბზარის ზედა ნაწილსაც ფარავდა.

ინფრაწითელი სპექტროსკოპიით კი დადგინდა, რომ კბილის ღრუ ფუტკრის ცვილით იყო ამოვსებული. რადიაქტიური მეთოდით ასაკის დადგენისას კი აღმოჩნდა, რომ გაქვავებული მასა "სულ რაღაც" 6500 წლისაა.

მომზადებულია LiveScience-ის მასალების მიხედვით. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”