რა ენაზე მეტყველებდნენ აიეტი და მედეა?
თუ რა მოსახლეობა დახვდათ კოლხეთში არგონავტებს და რა ენაზე მეტყველებდნენ აიას ქვეყანაში, სადაც გავრცელებული იყო ოქროს საწმისის კულტი, ამის დადგენა შეიძლება ბერძნულ ტექსტებში შემონახული ერთი სიტყვითაც კი.
ცხვრის კულტი ჩვენში დღემდეა შემორჩენილი, ხოლო ბერძნულ ტექსტებში შემონახული სიტყვა გახლავთ ოქროს საწმისის ბერძნული სახელწოდება კოვო/კოვა.
ქართული სიტყვის ტყავ-ის მეგრულ-ლაზური ვარიანტი უნდა ყოფილიყო ტყოვ/ტკოვ ფორმა (თანამედროვე მეგრული ”ტყები”, ლაზური - ”ტკები”).
ბერძნებმა ეს სიტყვა გამოიყენეს სიტყვა ”ტყავის” მნიშვნელობით იმ სპეციფიკური ”ცხვრის ტყავის” აღსანიშნავად, რომელსაც განსაკუთრებული საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა.
სავარაუდოა, რომ ოქროს საწმისის და, საერთოდ, ტყავის აღსანიშნავად ბერძნები საკუთარი ”დერმას” გვერდით იყენებდნენ კოვ-ს. ეს სიტყვა უთუოდ შეითვისეს იმ ქვეყანაში, სადაც გავრცელებული იყო ცხვრის ტყავის კულტი.
ეს კი ნიშნავს, რომ ბერძნების მოსვლის ეპოქაში დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო დიალექტი - მეგრულ-ლაზურის წინაპარი, რომელზედაც ტყავი აღინიშნებოდა ტყოვ-ტკოვ ფორმით.
ამ დიალექტის დღევანდელი გაგრძელებაა მეგრული და ლაზური.
არგონავტების გემ ”არგოს” სახელს საფუძვლად უდევს, სერგი ჯიქიას გონებამახვილური მიხვედრით, ეგრ-ის-ი, ქვეყნის სახელწოდების დასავლურ ქართული აგრ/არგ ვარიანტი, რომლისგანაც ეთნონიმი მ-არგ-ალ-ი წარმოდგება.
მაშასადამე, მედეა და აიეტი, აიას ქვეყნის ხალხი მეტყველებდა მეგრულ-ლაზურის წინაპარ, კოლხურ ენაზე. სახელი, კოლხური, მართებულად უწოდა ამ წინაპარ ენას აკაკი შანიძემ.
პ.ს. სურათი ფილმიდან "იასონი და არგონავტები"
თამაზ გამყრელიძე