როგორ იბადებოდა ქართული თეატრი
გიორგი და დავით ერისთავების უნიკალური ნივთების გამოფენა
ქართული თეატრის ფუძემდებლის ხელნაწერი პიესები, „შეშლილის“ უნიკალური ხელნაწერი, სპექტაკლ „გაყრის“ პირველი პროგრამა, სათავადაზნაურო და თამამშევის თეატრის გარე ფასადის ხედები, პირველი ქართული თეატრალური სცენისა და ფარდის ესკიზი... თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში გიორგი და დავით ერისთავებსა და ქართული პროფესიული თეატრის ისტორიასთან დაკავშირებული არაერთი უნიკალური ექსპონატი ოქტომბრის ბოლოს გამოიფინება.
გიორგი და დავით ერისთავების პირადი ნივთები მუზეუმს მათმა პირდაპირმა შთამომავალმა, მანანა (მარია) ერისთავმა გადასცა. ექსპოზიციაში ეს ნივთებიც მოხვდება.
გიორგი კალანდია (თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორი): „გიორგი ერისთავის ნივთებიდან საქართველოში ბევრი არაფერია შემორჩენილი. ქალბატონმა მანანა ერისთავმა ჩვენს მუზეუმს მისი პირადი ნივთები გადასცა. მათ შორის, მაგიდის მოწყობილობა, რომელიც ანტირუსული განწყობის გამო პოლონეთში გადასახლებულ გიორგი ერისთავს ვარშავაში შეუძენია. ეს ნივთები პირველად გამოიფინება.
მაშინ, როცა გიორგი ერისთავის საფლავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იკორთაშია და იქ ჩასვლას ვერ ვახერხებთ, მის საიუბილეო წელს თბილისში მისი პირადი ნივთები გამოიფინება. ეს სწორედ ქალბატონი მანანა ერისთავის დამსახურებაა, რისთვისაც მას მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო“.
„გაყრიდან“ - „სამშობლომდე“
ერისთავების ნივთები 25 ოქტომბრიდან გამოიფინება. ექსპოზიცია „გიორგი ერისთავი და ქართული პროფესიული თეატრი“ - პირველი ქართველი დრამატურგის 200 წლის იუბილეს ეძღვნება. მნახველს შესაძლებლობა ექნება, თვალი მიადევნოს ქართული თეატრის განვითარებას გიორგი ერისთავის დასიდან 1917 წლამდე. გამოიფინება ასზე მეტი ექსპონატი. მათ შორის ბევრი ისეთი ნივთი, რომელიც აქამდე კერძო კოლექციებში ინახებოდა. კულტურის სამინისტრომ გამოფენის ორგანიზება დააფინანსა, ასევე გამოსცა 200-გვერდიანი კრებული, რომელიც მთლიანად ქართულ პროფესიულ თეატრს ეძღვნება.
გიორგი კალანდია: „არ მეგულება ქართული თეატრის მოყვარული, ვისთვისაც მამა-შვილ გიორგი და დავით ერისთავების დრამატურგია ძვირფასი არ იყოს. ქართული თეატრის ისტორია ხომ გიორგი ერისთავის პიესა `გაყრით~ იწყება, არანაკლებ ფასეულია ქართველთათვის დავით ერისთავის `სამშობლო~, რომელიც დიდხანს ამშვენებდა ქართულ სცენას. შეიძლება ითქვას, „გაყრიდან“ - „სამშობლომდე“ მთელი ეპოქაა, რომელმაც ერთგვარი საფუძველი მოუმზადა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
გამოფენაზე წარმოვადგენთ მამა-შვილის მოღვაწეობის ამსახველ მრავალ მასალას. ეს იქნება პიესების - „შეშლილის“, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, საგვარეულო ბეჭედი, რომელიც გიორგი ერისთავის მამას ეკუთვნოდა.
გამოვფენთ დავით ერისთავის პირად ნივთებს, სავიზიტო ბარათს. მისი მეუღლის, მარიამ სარაჯიშვილის სურათს, რომელიც მან პარიზში დაახატვინა. ეს ნახატიც ქალბატონმა მანანა ერისთავმა გადმოგვცა საჩუქრად.
ამას გარდა, გამოიფინება სპექტაკლ „სამშობლოს“ ქართული აფიშა“.
გიორგი ერისთავის თეატრის დასის წევრებზე მასალები ნაკლებად არის შემორჩენილი. ამ თვალსაზრისით გამონაკლისია გიორგი დვანაძე. გიგო ზაზიაშვილის მიერ შესრულებული მისი პორტრეტი და ლექსის ხელნაწერი, რომელიც გიორგი დვანაძემ გიორგი ერისთავის დაკრძალვაზე წაიკითხა - ეს ყოველივე თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმშია დაცული.
მუზეუმის დირექტორის სურვილია, მათთან ინახებოდეს გიორგი ერისთავის „გაყრის“ ხელნაწერიც, რომელსაც XX საუკუნის 60-იან წლებში რუსეთში მიაკვლიეს. ამჟამად ის საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. ის კვლავ მიმართავს იუსტიციის სამინისტროს თხოვნით, პიესის ხელნაწერი, სხვა მასალებთან ერთად, კულტურის სამინისტროს თეატრის მუზეუმში იყოს დაცული და გამოფენილი.
გამოფენაზე ერთი კუთხე დაეთმობა ქართულ თეატრალურ ფარდებს. შეძლებისდაგვარად წარმოადგენენ ყველა ესკიზს მას აქეთ, რაც კი სასცენო ფარდა შექმნილა, გრიგოლ გაგარინიდან მოყოლებული, სერგო ქობულაძის ჩათვლით.
აქვე იქნება თეატრის ფასადის ესკიზები, გეგმა, სცენისა და მაყურებელთა დარბაზის სქემა. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში თეატრში ქალებისა და მამაკაცების ერთად დაჯდომა არ შეიძლებოდა.
წერილი მომავლიდან...
კიდევ ერთი ინიციატივა - მუზეუმმა ცნობილ ქართველ რეჟისორებს მიმართა, მიეწერათ წერილი გიორგი ერისთავისთვის.
„გულწრფელი მადლობა მინდა ვუძღვნა იმ პიროვნებებს, რომლებიც დინების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, შექმნეს და გაკვალეს ახალი გზა, აღმოაჩინეს ახალი, ყველასთვის გასაგები და რთულად მისაღები ენა კომედიისა.
კომედია, რომელიც გამხელს. კომედია, რომელიც გართობს.
კომედია, რომელიც გაფიქრებს... კომედია, რომელიც სევდას გგვრის, კომედია, რომელიც გამხნევებს, კომედია, რომელიც სილას გაწნავს და სურვილს გიკარგავს, მოღიმარს გტოვებს.
ბატონო გიორგი, გენაცვალე და მადლობა...“ - წერს რეჟისორი ლევან წულაძე.
გამოფენაზე მასალები ძირითადად თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კოლექციიდან იქნება წარმოდგენილი. ექსპონატები, რომელიც დაკავშირებულია როგორც ქართული თეატრის ისტორიასთან, ასევე გიორგი და დავით ერისთავებთან, ქმნის ნათელ სურათს, რამდენად მდიდარი ტრადიციები აქვს და როგორ იქმნებოდა ქართული პროფესიული თეატრი, რომელიც 200 წელიწადს ითვლის.
ნინო ჯაფარიძე