ფრთხილად, "ახალაიებო", სამეგრელოს სამალავებში ნაპოვნმა საზარელმა კადრებმა არ გამოჟონოს(!) - კვირის პალიტრა

ფრთხილად, "ახალაიებო", სამეგრელოს სამალავებში ნაპოვნმა საზარელმა კადრებმა არ გამოჟონოს(!)

ახალაიას გამართლება "კვირის პალიტრამ" 12 აგვისტოს იწინასწარმეტყველა

ოფიციალური სტატისტიკით, შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმის განხილვას, რომელზეც ბაჩო ახალაია გაამართლეს, სასამართლომ 23 სხდომა მიუძღვნა და 63 მოწმე დაჰკითხა. აი, ასეთი ჯაფა დაადგა მოსამართლე დავით მგელიაშვილს, სანამ დარწმუნდებოდა, რომ ბაჩანა "მართალია" და ხალხმა უნდა იცოდეს თავისი "გმირების" სახელები!

დავით მგელიაშვილს ჰქონდა სპეცრაზმელების ჩვენებები. ერთ-ერთ დაზარალებულ სპეცრაზმელთან ინტერვიუ "კვირის პალიტრის" მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ნომერშიც გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს: "როდესაც დაგვაკავეს (ეს ხდება 2012 წლის აგვისტოში, ახალაია შს მინისტრია, საპარლამენტო არჩევნებამდე კი დარჩენილია თვე-ნახევარი), ბაჩანა ახალაია უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენ მიმართ განხორციელებულ სადიზმში. გვაგინებდა, გვამცირებდა, გვიყვიროდა, გარეწარი, მოღალატე პინგვინები ხართო. შემდეგ საწამებლად სხვებს გადაგვაბარა. გაგვაშიშვლეს, შვიდი კაციდან სამი მიწაზე პირქვე დააწვინეს, ზოგი მუხლებზე დააჩოქეს... ერთ-ერთმა უშუალო მწამებელმა თქვა, დიდი ხანია, კაცთან არ მქონია ურთიერთობაო და შარვლის ღილებზე ხელი წაივლო... შემდეგ იქვე ნუშის ხეს ტოტები მოატეხა და ორს უკან გაუკეთა... სერჟანტებს მობილური ტელეფონით სურათები გადააღებინა, მინისტრ ბაჩანა ახალაიას უნდა გავუგზავნოთო. შემდეგ ყველა მიწაზე დაგვაწვინეს, ქამრებით გვცემეს. იქვე ჩამოიარა ჯარისკაცების ოცეულმა, რომლებსაც ჩვენზე მიუთითეს,„სამშობლოს მოღალატეები და ნაბოზარი ძაღლები არიანო. უბრძანეს, ზედ გადაევლოთ ჩვენთვის, რაც შეშინებულებმა შეასრულეს კიდეც. შემდეგ მოიყვანეს სასწავლო ცენტრში მყოფი შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს 28 თანამშრომელი და აიძულეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩვენთვის, როგორც ქვეყნის მოღალატეებისთვის, რადგან ჩვენ თურმე "ქართულ ოცნებას" თანავუგრძნობდით..."

დაპირისპირების მეორე მხარეს დგას ბაჩო ახალაიას დაცვა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს წამება კი არა,…რეინჯერთა კურსები იყო(???). ჰოდა, მოსამართლე მგელიაშვილმა "დაიჯერა", რომ ელიტური ჯარის წვრთნა წარმოუდგენელია ხის ტოტების გამოყენების გარეშე.

და როდესაც ეს "გჯერა", სხვა შეუსაბამობასაც ვერ დაინახავ, მაგალითად, იმას, რომ რეინჯერებად წვრთნიან 35 წლამდე პირებს, დაზარალებულმა სპეცრაზმელებმა კი 35 წელს გადააბიჯეს. არც იმით დაინტერესდები, რომ როდესაც ადამიანი რეინჯერთა კურსებზე მიდის, მას ამის სურვილი უნდა ჰქონდეს და საქმის კურსშიც იყოს. პირის რეინჯერად გაწვრთნა ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის და წამება ჰგონია (ხის ტოტებით), ალბათ, ახალაიას ნოვაციაა.

თუმცა, ეტყობა, მოსამართლე მგელიაშვილს ცხვრის ქურქი თვალებზე ეფარებოდა და ეს შეუსაბამობები ვერ დაინახა, ისევე, როგორც მანამდე დაემართა მოსამართლე გიორგი დარახველიძეს, რომელმაც სამხედროების წამების საქმეზე ახალაია უდანაშაულოდ ცნო.

ორ გამამართლებელ განაჩენს შორის  იყო გამამტყუნებელი განაჩენიც - ბაჩანა ახალაიას ციხის ბუნტის საქმეზე 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს (როდესაც ასეთ თემებზე ვწერ, სულ ის 62 წლის მოხუცი მახსენდება, 30-ლარიანი ფიცრის მითვისებისთვის სამი წლით ციხეში  რომ გაუშვა წინა ხელისუფლებამ).

სხვათა შორის, მოვლენების ასე განვითარება "კვირის პალიტრის" 12 აგვისტოს ნომერში ("სააკაშვილი ახალაიას შეწყალებას ამზადებს") იწინასწარმეტყველა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა გია მეფარიშვილმა. "თუ ახალაიას, როგორც წამებაში დამნაშავეს, მსჯავრს დაადებს სასამართლო, მისი შეწყალება პრეზიდენტს ხელს არ აძლევს. წამებაში მსჯავრდადებული პირის შეწყალება მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამიტომ არის დაგეგმილი ახალაიას გამართლება წამების საქმეებზე, ხოლო ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიას შეწყალებას სააკაშვილი პიარით შეფუთავს. ამ ეპიზოდში ქურდები ფიგურირებენ, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად სწორედ მათ მიმართ არის გამოყენებული, რასაც სააკაშვილი ახალაიას ღირსებად მონათლავს და შეეცდება, ის ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლ რაინდად შერაცხოს" (როგორც მოხდა კიდეც).

სააკაშვილს ახალაიას შეწყალება 17 ნოემბრამდე (სანამ უფლებამოსილება შეუწყდება) შეუძლია, თუმცა რომც შეიწყალოს, ახალაია 17 ნოემბრამდე ციხიდან ვერ გამოვა, რადგან პროკურატურამ დაახლოებით ორი კვირის წინ მას ახალი ბრალი წაუყენა, რომლის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისას ახალაიამ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ ყოფილ პოლიციელებს სასათბურე პირობები შეუქმნა.

მაგრამ ცვლის კი ეს საქმის არსს?! თუკი მოსამართლე მგელიაშვილმა "დაიჯერა", რომ ტოტებით წამება რეინჯერთა კურსის ნაწილია, მისი ცხვრის ქურქში გახვეული მორიგი კოლეგაც "ირწმუნებს", რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი პოლიციელების ციხეში ქეიფი და დროს ტარება ოფიციანტების ან ძიძების მოსამზადებელი კურსები იყო.

ჰოდა, შესაძლოა, ახალ წლამდე, ან იანვარში მაინც, ახალაიამ დიდი ზარ-ზეიმით დატოვოს მატროსოვის ციხე და "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ოჯახობამ გულისამაჩუყებელი სპექტაკლი დადგან სახელწოდებით: "გმირი" ბაჩანა გაამართლეს". შემდეგ ალბათ, დანარჩენი "გმირების" დრო დადგება.

ამ ფონზე კი ნირწამხდარ ხელისუფლებას შეუძლია დაუსრულებლად იძახოს - რა ვქნათ, დღეს სასამართლო დამოუკიდებელიაო. სასამართლო, შესაძლოა, "ქართული ოცნებისგან" მართლაც დამოუკიდებელია, მაგრამ არის კი ის თავისუფალი სხვა პოლიტიკური ძალის გავლენისგან?!

დასკვნა თქვენთვის მოგვინდვია.…

ასე რომ, რას გარბოდით, სოსო თოფურიძეებო, "მასტერებო", ქარდავებო, ადეიშვილებო თუ დათა ახალაიებო! დაბრუნდით უკან - თითო მგელიაშვილი თქვენთვისაც მოიძებნება.

რაც მთავარია, ილოცეთ, რომ სამეგრელოს სამალავებში ნაპოვნი საზარელი ვიდეოკადრებიდან, რომლებიც ამ სტატიის ავტორმა თავის კოლეგებთან ერთად რამდენიმე თვის წინ შსს-ში ნახა, საზოგადოებაში ერთმა ეპიზოდმაც არ გამოჟონოს, თორემ ხალხის რისხვისგან ვერც მგელიაშვილი გიშველით, ვერც პროკურატურა და ვერც შსს.