"ბოსკამპს მწვრთნელობის რა გაეგებოდა?!" (ექსკლუზივი)
"ფეხბურთიდან იმ დროს წავედი, როცა ყველას ვუყვარდი, ყველა პატივს მცემდა. ჩემთვის არც საქართველოში შეუგინებია ვინმეს და არც - რუსეთში..."
"არ მინდა, ვიფიქრო, რომ ქართული გენი დაიკარგა... საქართველოს ჩემპიონატიც ძალიან სუსტია..."
დრო იყო, ზაზა ჯანაშია ნაკრების შეკრებაზე მოსკოვიდან თბილისში... ავტომანქანით ჩამოდიოდა! ახლაც ჩამოვიდა, ოღონდ - თვითმფრინავით და ოჯახთან ერთად. ეროვნული ნაკრების და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი თბილისში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, რათა სამშობლოში იცხოვროს, შვილები ქართულად აღზარდოს და თუ შესთავაზებენ, ქართულ კლუბში იმუშაოს. რატომ ითამაშა საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ცხრა მატჩი, რისთვის აჩუქეს "მერსედესი" და ვინ გაავსო რუსების თვითმფრინავი ღვინით - ეს და სხვა საინტერესო ამბები 1990-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გაიხსენა...
- ბევრისგან გამიგონია, ნიჭი რომ არ გაეფლანგა, გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშებდაო... ეთანხმებით ამ აზრს?
- არა. მიმაჩნია, რომ რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მეტს ვერ შევძლებდი... მოწინააღმდეგის მოტყუება მეც შემეძლო, მაგრამ რა აზრი აქვს, მთელი გუნდი მოატყუო და მერე ვერაფერი გააკეთო?! ფეხბურთიდან იმ დროს წავედი, როცა ყველას ვუყვარდი, ყველა პატივს მცემდა. ჩემთვის არც საქართველოში შეუგინებია ვინმეს და არც - რუსეთში...
- საქართველოს ნაკრებში მხოლოდ 9 მატჩი რომ ითამაშეთ, ვისი ბრალია?
- ეს მწვრთნელებს უნდა ჰკითხოთ. საქართველოში ყველამ იცის, რატომ ვითამაშე ასე ცოტა ნაკრებში. არადა, ექვსჯერ გამომიძახეს და ოთხი ბურთი გავიტანე, მეტი რა უნდა გამეკეთებინა?! ერთ-ერთ მატჩზე რომ გამომიძახეს, "ლოკომოტივის" თავკაცმა იური სიომინმა უთხრა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს - ოთხი დღის შემდეგ მოსკოვის "სპარტაკთან" რუსეთის თასის ფინალი გვაქვს სათამაშო, ზაზას მეტი თავდამსხმელი არ მყავს და თუ არ უნდა ათამაშოთ, ვერ გამოვუშვებო. როგორ არა, აუცილებლად ითამაშებსო და... თბილისში რომ ჩამოვედი, თამაშის წინადღეს მოულოდნელად გადაიფიქრეს... ასეთია ქართული მენტალიტეტი და ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იკარგება. სპორტში ბიძაშვილ-მამიდაშვილობა და მეგობრობა არ უნდა იყოს...
- ნაკრების შეკრებაზე ავტომანქანით რომ წამოხვედით მოსკოვიდან, მწვრთნელისგან საყვედურს არც მაშინ იმსახურებდით?
- (იცინის) თუ კარგად ითამაშებს, რა მნიშვნელობა აქვს, ფეხბურთელი შეკრებაზე ავტომანქანით ჩამოვა, თვითმფრინავით თუ ცხენით?!
- ფეხბურთელი გზაში ორ დღეს რომ გაატარებს, როგორღა უნდა ითამაშოს?!
- ორი დღე კი არა, 18 საათი (!) დამჭირდა, მაგრამ არც მაგას აქვს მნიშვნელობა - მომცეს შანსი და ვერ ვითამაშე? საყვედური იმ შემთხვევაში უნდა ეთქვათ, თუ ცუდად ვითამაშებდი, მაგრამ მწვრთნელობის რა გაეგებოდა...
- იოჰან ბოსკამპს გულისხმობთ?
- დიახ. ბოსკამპთან მანქანით ჩამოსვლის გამო ნამდვილად არ მიჩხუბია. ლაპარაკს მიკრძალავდა! რას ჰქვია, არ ვილაპარაკო? წლობით უნახავ ფეხბურთელებს შევხვდი და როგორ არ მომეკითხა? თამაშში ნამდვილად არ შეუშლია ამას ხელი.
- სწორედ მაშინ არ იყო, ბოსკამპმა ქართველებს მენტალიტეტი რომ დაგვიწუნა?
- ბოსკამპის დასაწუნი რა გვჭირდა? ისიც თუ მწვრთნელი იყო და... 6 წლისას მავარჯიშებდნენ ისე, ნაკრებში მის დროს რომ ვვარჯიშობდით...
- ნანობთ რამეს? კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
- არაფერს! ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ასეთი ვარ. ისე რომ არ მოვქცეულიყავი, შესაძლოა, ფეხბურთი საერთოდ ვერ მეთამაშა... არც არაფერს ვნანობ... საფეხბურთო კარიერა იმ დროს დავასრულე, როცა ჯერ კიდევ შემეძლო თამაში და არც მაგინებლები მყავდა. აბა, ის ჯობს, ზოგიერთი ფეხბურთელი ცოცხალ-მკვდარი რომ დალასლასებს მოედანზე და ყველა ლანძღავს?
- გატანილი გოლის შემდეგ კულბიტს ვინმეს მიბაძვით აკეთებდით?
- არა, ჩემი საფირმო ილეთი იყო. სანამ კარგად ვისწავლიდი, ორჯერ ხელიც კი მოვიტეხე. ახლაც ვაკეთებ - მერე რა, რომ წონა მაქვს მომატებული?
- წონის პრობლემა ყოველთვის გქონდათ...
- რომის "ლაციოსთან" მატჩის წინ სიომინმა თავად ამწონა და 87 კილოგრამი ვიყავი, სამი კილოგრამით ზედმეტი... საბედნიეროდ, იმ მატჩში ძალიან მაგრად ვითამაშე და ჯარიმას ამის წყალობით გადავურჩი. იტალიელები ჩემით სწორედ მაშინ დაინტერესდნენ, მაგრამ "ლაციოსაც" და სხვა კლუბებსაც სიომინი სპეციალურად ეუბნებოდა დიდ ფასს, ჩემი შეძენა რომ გადაეფიქრებინათ...
- თუმცა, ზედმეტი წონის გამო ხშირად გაჯარიმებდათ...
- მაჯარიმებდა, მაგრამ კარგად რომ ვთამაშობდი, თანხას მაინც მიბრუნებდნენ (იცინის).
- "ლოკომოტივის" ფეხბურთელებს შორის, მობილური ტელეფონი პირველს თქვენ გქონდათ. კიდევ რითი გამოირჩეოდა 1990-იანი წლების ბოლოს ზაზა ჯანაშია თანაგუნდელებისგან?
- ქართველებს ფუფუნება გვიყვარს, რუსებს კი ასეთი რაღაცები დიდად არც აინტერესებდათ. კარგად მახსოვს, ის ტელეფონი 1.000 დოლარზე მეტი ღირდა. თანაც, იმხელა იყო, თავში რომ ჩაგერტყა ვინმესთვის, ვეღარც წამოდგებოდა (იცინის). კიდევ რითი გამოვირჩეოდი? ავტომანქანაც ყოველთვის თანაგუნდელებზე უკეთესი მყავდა... "ლოკომოტივში" რომ ჩავედი, "ვაზ 2107" მომცეს, თუმცა, უკვე ერთი თვის შემდეგ, გერმანიიდან BMჭ ჩამოვაყვანინე და იმით დავდიოდი...
- საჩუქრად "მერსედესი" მართლა მიიღეთ?
- რა მარკაც არსებობს, მგონი, ყველა მქონია... "მაკაბისთან" მატჩის წინ მეგობარი შემპირდა - გოლს თუ გაიტან და მოიგებთ, საჩუქარი ჩემზეაო. ერთი კი არა, იმ შეხვედრაში სამი გოლი გავიტანე და ნამატჩევს, რესტორანში "მერსედესის" გასაღები დააგდო მაგიდაზე... მანქანით სწრაფად სიარულიც მიყვარდა, თუმცა, ყველა მცნობდა და ამის გამო არასდროს დავუჯარიმებივარ. მხოლოდ ავტოგრაფისთვის მაჩერებდნენ.
- გულშემატკივრებისგან თუ მიგიღიათ საჩუქრები?
- რას ამბობთ?! საჩუქარი ის იყო, ტაშს რომ მიკრავდნენ... "ლოკომოტივის" ქომაგებს ძალიან ვუყვარდი. "ანჟისთან" მოგებულ თასის ფინალს სულაც ჩემი სახელი დაარქვეს: დაღესტნელებმა 87-ე წუთზე გაგვიტანეს, 89-ზე გავათანაბრე, პენალტების სერიაში კი ჩვენ გავიმარჯვეთ... მოსკოვის "ლოკომოტივს" "თასის გუნდს" ეძახდნენ, რადგან ყველაზე წარმატებით სწორედ ქვეყნის თასზე ვთამაშობდით...
- თანაკლუბელებს არა მხოლოდ ავტომანქანებით, სმაშიც სჯობდით...
- არ ვიცი, ახლანდელი ფეხბურთელები სვამენ თუ არა, მაგრამ მაშინ საკმაოდ ბევრს ვსვამდით. ყოველ შემთხვევაში, სუფრასთან ყველას ვათრობდი... ქართველმა თუ არა, ვინ უნდა დალიოს?! რა თქმა უნდა, მაშინ ვქეიფობდით, როცა ვისვენებდით, თორემ თამაშამდე ორი დღით ადრე თუ ქეიფს გადაჰყევი, როგორღა ითამაშებ?!
- საქართველო-რუსეთის მატჩის შემდეგ სტუმართა თვითმფრინავი ღვინით რომ გაავსეთ, ის როგორ იყო?
- რუსეთის ნაკრებისთვის ის საუკეთესო საჩუქარი იყო. "ლოკომოტივის" კაპიტან იგორ ჩუგაინოვს შევპირდი, რომ 20 ლიტრ საუკეთესო ღვინოს ვაჩუქებდი. არადა, ოცი კი არა, ორმოცი ლიტრი გავატანე... უნდა გენახათ, ოცლიტრიან ბოცებს ტრაპზე როგორ მივათრევდით (იცინის). ავედით ბორტზე და... მთელი სალონი ღვინისბოთლებიანი ყუთებით არის სავსე! მერე ვეხუმრებოდი ჩუგაინოვს - რაღას მათრევინებდი ამ ბოცებს, თვითმფრინავი სავსე ყოფილა-მეთქი... ჩვენ რომ იმ დღეს მოსკოვამდე ვიმგზავრეთ, ისე ემგზავროს ყველას! ვის ახსოვდა თამაშის შედეგი, ან საერთოდ ფეხბურთი (იცინის)?!
- ათი წელიწადია, საქართველოში არ ყოფილხართ...
- დიახ, 2003 წლის შემდეგ... ოჯახს მარტო ხომ ვერ დავტოვებდი? როცა მოვახერხე, წამოვედი კიდეც. მინდა, ჩემი შვილები ქართულად გაიზარდონ. მოსკოვში დარჩენა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ქართველი ბიჭი რუსეთში ისე ვერ გაიზრდება, როგორც სამშობლოში, ქართული მენტალიტეტი არ ექნება! მინდა, ჩემი შვილები სამშობლოში გაიზარდონ და იცოდნენ, რა არის საქართველო!
- ბოლოს რას საქმიანობდით მოსკოვში?
- "ლოკომოტივში" 1994 წელს დაბადებული ბავშვების გუნდს ვავარჯიშებდი. სხვა რა უნდა მეკეთებინა? ბიზნესმენი მე არ ვარ და ფეხბურთის და მწვრთნელობის გარდა სხვა არც არაფერი ვიცი... ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემს შვილებს, ქართველ ფეხბურთელებსაც გავზრდი! ჩემი უფროსი ვაჟი - ზაზა ჯანაშია საფეხბურთო სკოლა "საბურთალოში" ვარჯიშობს. ჯერ 10 წლის არის, მაგრამ ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი უნდა დადგეს!
- საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩები თუ ნახეთ?
- ვნახე და ძალიან მიკვირს, ფეხბურთელები როგორ არ უნდა იყვნენ საქართველოში? ან მწვრთნელები ავარჯიშებენ ბავშვებს არასწორად, ან თავად ფეხბურთელებს არ აქვთ საკმარისი მოტივაცია. თუ არ გინდა, რაღატომ ვარჯიშობ, ან შენს თავს რატომ ტანჯავ, ან სხვას? ალბათ, მაინც მწვრთნელების ბრალია... არ მინდა, ვიფიქრო, რომ ქართული გენი დაიკარგა... საქართველოს ჩემპიონატიც ძალიან სუსტია...
- თქვენისთანა თავდამსხმელები გვჭირდება...
- წამოიზრდება ცოტა ხანში და (იცინის)...