"დაზღნარდით", ცხოველებო ანუ თბილისის ზოოპარკის ტრაგედია - კვირის პალიტრა

"დაზღნარდით", ცხოველებო ანუ თბილისის ზოოპარკის ტრაგედია

ვარაზისხევზე ჩამოსვლისას რატომღაც სულ ეს ფრაზა მახსენდება - მიდით, ლომებო, მიდით, მიაწექით, თქვენ გენაცვალეთ!!! ეს გამოთქმა, ძირითადად, ქართველ რაგბისტებს, კალათბურთელებსა და მილიონში ერთხელ, ფეხბურთელებსაც ეხებათ. თუმცა ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ლომებში ნამდვილად არ იგულისხმება თბილისის ზოოპარკში არსებული კატისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენლები - მათ სახელიღა აქვთ საერთო ტელევიზორში ნანახ ცხოველთა მეფეებთან. არ იფიქროთ, თითქოს ადამიანს ცხოველზე წინ ვაყენებდე, არც იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი, ათასი ადამიანის სიკვდილზე წარბს რომ არ შეიხრის და პატარა ლეკვის დანახვისას ცრემლის გუბეეებს აყენებს, უბრალოდ, რაც დღეს ზოოპარკში ხდება, საცოდაობაა.

დიადი ევროპისკენ რომ მივილტვით, ერთი ნორმალური და ადამიანური ცხოველთა დამცველი საზოგადოება "დავაგდოთ" და გვქონდეს, რა იცი, რაში გამოგვადგეს. თუ არსებობს მსგავსი დაწესებულება, კეთილი ინებოს და ხალხის დასანახად ერთხელ მაინც გამოთქვას პროტესტი ზოოპარკში არსებულ სიტუაციაზე. მესმის, ზოგიერთი იტყვის, ჩვენი უფლებები ვერ დაუცვიათ და რა ცხოველები აგიტყდათო, მაგრამ ის ორი ჯარისკაცი მაინც არ გეცოდებათ, გმირთა მემორიალს რომ იცავენ და თან მოთმინებით იტანენ ცხოველების ფეკალური მასების ცხვირწარმტაც სურნელებას?!

იმ ხელისგულისოდენა ტერიტორიაზე ცოტნე დადიანებივით რომ გყავთ თაკარა მზეზე დაყრილი ლომები, ვეფხვები და დათვები და იქვე ვირთხებს რომ ბალ-მასკარადი გაუმართავთ, არ გაწუხებთ?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ატრაქციონები რაღას დაუყენეთ გვერდით? წარმოიდგინეთ, მთელი დღის განმავლობაში ზოოპარკში ვეფხვისა და ლომის ღრიალს ვინ ჩივის, მგლის ყმუილის და ტურის კივილის ნაცვლად თინეიჯერების წრიპინა ხმა ისმის. დასხდებიან, ე.წ. ნავზე და იწყებენ ყვირილს, პარალელურად მანქანების გამაყრუებელი სიგნალი და ვინმე მთვრალიც, რომელიც მთელი ხმით ბღავის - თქვენ გენაცვალეთ, ლომებოოო!!!! მგონი, ზოოპარკში ჯობს ადამიანების სანახავად ვიაროთ, ვიდრე ცხოველების.

ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს საცოდავები ისეთი გამხდრები არიან, თავიდან ზოგიერთი ცხოველი ბუტაფორია მეგონა და ვფიქრობდი, ამიტომ ვერ მოძრაობენ-მეთქი. გარდა იმისა, რომ ნორმალური საკვები არ აქვთ ცხოველებს, მათ ბავშვების ახირებების ატანაც უწევთ, რომელებიც ბატი-ბუტებსა და კანფეტებს ატენიან ოთხფეხა მეგობრებს. ურიგო არ იქნებოდა, ამერიკის ერთ-ერთი ზოოპარკის ორიგინალური მიგნება გაგვეზიარებინა და ჩვენც გაგვეკეთებინა ყველაზე საშინელი ცხოველის გალია, სადაც მხოლოდ სარკეს დაინახავთ გალიაში, სარკეში კი... ნუ, თავადაც მიხვდებით, სარკეში რას დაინახავთ.

ადრე მახსოვს, სპილო ჩამოიყვანეს ამ ზოოპარკში და მთელ ქალაქში ჩაატარეს კონკურსი და სახელად ბაჩო დაარქვეს, ერთ წელში დაბი-დუბიც გადაუხადეს და მერე მკვდარი იპოვეს, ვიღაცას ლურსმნები შეურევია საკვებში. ცოტა ხანში შველი ნახეს მოკლული, ცალი ბარკალი არ ქონდა. თუმცა რა გასაკვირია, ქართველს შველის დანახვაზე ხომ მწვადი ახსენდება და არა შვლის ნუკრის ნაამბობი.

რა იქნება მომავალში, ნამდვილად არ ვიცი. იქამდე კი, იქნებ ერთი ცხოველთა უფლებების დამცველ საზოგადოებას მოვუყაროთ თავი. თუ არადა მსგავსი სახით ზოოპარკის არსებობა არარეკომენდირებულია. იქამდე კი სხვა რა დარჩენიათ ცხოველებს, თუ არა ის, რომ "ზღნარად" იყვნენ...