"რომ არა 2007 წლის 7 ნოემბერი, იქნებოდა სხვა 7 ნოემბერი" - კვირის პალიტრა

"რომ არა 2007 წლის 7 ნოემბერი, იქნებოდა სხვა 7 ნოემბერი"

2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი აქცია, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა. საზოგადოებაში დღემდე არ განელებულა აღშფოთების ის განცდა, რაც ამ დარბევას მოჰყვა. ეკისრებოდა თუ არა მაშინდელ ხელისუფლებას ამაზე პასუხისმგებლობა, კომენტარი იმავე ხელისუფლების წარმომადგენელს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, აკაკი ბობოხიძეს ვთხოვეთ:

- 7 ნოემბერი ეს იყო პოლიტიკური შეცდომა, პოლიტიკურ შეცდომებზე კი პასუხს სიტყვიერად კი არა, პოლიტიკურად აგებენ და პრეზიდენტის გადადგომა იყო სწორედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შეცდომაზე. რაც შეეხება ძალის გადაჭარბებას, მე არ ვთვლი, რომ ეს იყო გადაჭარბება,უბრალოდ არანაირი საჭიროება არ იყო იმ ქმედებებისა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა, თუმცა, მე ვფიქრობ, სახელმწიფოს ქონდა იმის უფლება, რომ პარლამენტიდან 20 მეტრში გამართული კარვების აქცია აღეკვეთა.

-არ გეთანხმებით, როგორც ზოგადად, ასევე დეტალებში. ხალხი დაარბიეს რიყის მონაკვეთზეც, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული პარლამენტის შენობას.

-აქციის დარბევა არ გაგრძელებულა, შემდგომში ქალაქის სხვადასხვა უბნებში იყო უწესრიგობა და სწორედ ეს აღიკვეთა.

- ბატონო აკაკი, შეგახსენებთ, რიყეზე იყო აქცია და მონაწილეები წყლის ჭავლით და ძალის გამოყენებით დაშალეს...

- რა მნიშვნელობა აქვს წყალს? აბა რით უნდა დაეშალათ? არაფერია იმაში განსაკუთრებული, რომ წყლით დაშალეს, თუმცა მე ვთვლი, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მიუხედავად იმისა, დაცული იყო თუ არა კანონი მომიტინგეების მხრიდან, ვფიქრობ, რომ არ ღირდა ეს ყველაფერი იმად, რაც მოხდა.

-7 ნოემბერს სასტიკად დაარბიეს დამოუკიდებელი ტელეკომპანია "იმედი", რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიდან არავის გაუპროტესტებია, მაშინ როცა,რამდენიმე ხნის წინ, ისინი ერთხმად გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ თავისუფალ მედიაზე ახალი ხელისუფლება ზეწოლას ანხორციელებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაქვთ ამის მორალური უფლება?

- კი მაგრამ, თქვენ არ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში რაღაცეები შეიცვალა? არ უნდა ხდებოდეს ის, რაც არაა მოსახდენი. რა მნიშვნელობა აქვს, ადრე რა ხდებოდა? დღეს ხომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მოვიდა დემოკრატიის დროშით (მაგრამ დიდი დემოკრატიულობა მათ არ ეტყობათ). საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ხანა, როდესაც დემოკრატიის სახელით მოდიან ხელისუფლებაში და მერე არადემოკრატიულები ხდებიან.

- განა თქვენი ხელისუფლება, რომელიც ასევე დემოკრატიის დროშით მოვიდა, არ იქცა არადემოკრატიულად?

-მე ვფიქრობ, გარკვეულწილად ესეც იყო შეცდომა, სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი ჩვენს ხელისუფლებას არ ქონდა, მაგრამ ეს ჩვენივე ბრალია. ასევე მინდა გითხრათ, რომ "იმედი" დილიდან საღამომდე ატრიალებდა, დარბევის სამიოდე კადრს და ქმნიდა ილუზიას, რომ დარბევა მიმდინარეობდა უწყვეტ რეჟიმში. ეს გაკეთდა შეგნებულად, თუმცა მათ ალბათ ამის უფლება ქონდათ. მაგრამ მე ვთვლი, რომ მაშინ "იმედი" ქმნიდა ისტერიულ გარემოს და ამას აკეთებდა გამიზნულად.

- ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორმა ხომ არ ითამაშა დიდი როლი "იმედის" დარბევაში?

-მეეჭვება, რომ პატარკაციშვილის გამო მომხდარიყო ეს ყველაფერი.

- რომ არა 2007 წლის 7 ნოემბერი, როგორ ფიქრობთ, 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნებში იმავე შედეგს მივიღებდით?

- რომ არა 2007 წლის 7 ნოემბერი, იქნებოდა სხვა 7 ნოემბერი. დემოკრატიის ლოზუნგებით მოსულმა ადამიანებმა სინამდვილეში პირადი შურისძიება და ინტერესები დააყენეს წინა პლანზე. რაც შეეხება 1 ოქტომბერს, უამრავი მიზეზი არსებობდა იმისთვის, რომ არჩევნები ამ შედეგით დასრულებულიყო.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)