"2013 წლის ბიუჯეტი ჩავარდნისთვის არის განწირული" - სად გაქრა 600 მილიონი? - კვირის პალიტრა

"2013 წლის ბიუჯეტი ჩავარდნისთვის არის განწირული" - სად გაქრა 600 მილიონი?

ხადურის უწყება ისევ გახდა "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკის ობიექტი. ამჟამად საპარლამენტო ოპოზიცია ქვეყნის ბიუჯეტში წლის ბოლოსთვის 600 მილიონიან გარღვევას პროგნოზირებს. ფინანსთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად მზარდ პროგრესს განიცდის, რასაც ექსპერტების გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება. მათი აზრით, ბიუჯეტში ამ ეტაპზე გარღვევაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა წლის ბოლოს 600 მილიონიან ჩამორჩენას ვარაუდობენ, გასულ წელთან შედარებით. ერთი რამ ცხადია, ახალ პრემიერ მინისტრს 2014 წლის საფინანსო პოლიტიკის გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა ნამდვილად მოუწევს. ბიუჯეტში შექმნილ მდგომარეობაზე "კვირის პალიტრა" ფინანსისტ ლევან კალანდაძეს ესაუბრა.

- ექსპერტების გარკვეული ნაწილი და ოპოზიცია ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისს პროგნოზირებს. მათი აზრით, წლის ბოლოს ბიუჯეტში 600 მილიონიანი გარღვევა იქნება. თქვენ, როგორ შეაფასებდით ეკონომიკურ სიტუაციას საქართველოში?

ლევან კალანდაძე:

- ციფრი, რაც დასახელდა, ბიუჯეტის 600 მილიონიან გარღვევასთან დაკავშირებით, ექსპერტების ვარაუდია. სინამდვილეში, ეს გარღვევა არ არის, ეს არის ჩამორჩენა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამჟამად საგადასახადო შემოსავლების კუთხით, 300 მილიონით ნაკლები არის შესული ბიუჯეტში, ვიდრე ეს იყო შარშან წლის ბოლომდე. ვვარაუდობთ, რომ ეს ციფრი 600-მდე გაიზრდება. ბოლო წლებია, ტენდენციურად მძიმე სიტუაცია ფიქსირდება. შარშანწინდელთან შედარებით შარშან უფრო მეტი იყო ჩამორჩენა, წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. 2013 წელის ბიუჯეტზე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩავარდნილია.

- თუ გქონდათ ამაზე საუბარი ფინანსთა სამინისტროსთან? პრობლემები არავის აძლევს ხელს, იქნებ მოესმინათ თქვენთვის.

- წლის დასაწყისში, როცა პირველი რისკ-ფაქტორები გამოიკვეთა, ყველამ მიუთითეთ, რომ არსებული პრობლემები წლის ბოლოს აუცილებლად ბიუჯეტის გარღვევის სახით დაგვირგვინდებოდა. მაშინ საჭირო იყო მართვის პრინციპები და პრიორიტეტების გადახედვა, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს არხეინი დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხისადმი. სამწუხაროდ ჩვენი პროგნოზები გამართლდა და წლის განმავლობაში, მათი ხისტი და ჯიუტი პოლიტიკის გამო, იქამდე მივედით, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ჩავარდნისთვის არის განწირული.

- ეს წელი თითქმის გაილია. რა მდგომარეობა გველის 2014 წლის ბიუჯეტში, შეიძლება პრობლემამ უფრო გამოკვეთილი სახე მიიღოს?

- სამწუხაროდ, გრძელვადიან პერსპექტივაშიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემები 2014 წლისთვისაც გვექნება. წლევანდელ ბიუჯეტს უკვე აღარაფერი ეშველება, რაზეც პასუხისმგებლობა ფინანსთა სამინისტრომ და მინისტრმა უნდა აიღონ. პრობლემა ის არის, რომ ფინანსთა სამინისტრო არ აპირებს შეცდომების გამოსწორებას და იგივე სტრატეგიით გეგმავს 2014 წლის ბიუჯეტსაც. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო კრიტიკული იქნება ქვეყნისთვის.

- ბიუჯეტის 600 მილიონიანი ჩამორჩენა ხომ არ გამოიწვევს სოციალური პროექტების შეჩერებას 2013 წლის დასრულებამდე?

- 2013 წლის სოციალური პროექტების შეწყვეტა, ვფიქრობ, არ მოხდება. ამ ეტაპზე მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო გამოძვრება და სოციალური ვალდებულებები შესრულდება. იგივეს ვერ ვიტყვი წლევანდელი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურულ და კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე. სწორედ ამ პროექტების ხარჯზე თუ შეძლებს სოციალური პროექტები გადარჩენას.

- არადა, ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ არსებული 600 მილიონიანი ჩამორჩენა გამოგონილია და ქვეყნის ბიუჯეტი სტაბილურად ზრდას განაგრძობს.

- სამწუხაროდ, ხადურის განცხადებები წლის დასაწყისიდან მახსოვს, როცა ეკონომიკის შეუქცევად ზრდას წინასწარმეტყველებდა. აქედან გამომდინარე, მის პროგნოზებს სერიოზულად ვერ მივიღებ. როცა ამბობ, საქართველოში 2014 წელი კეთილდღეობის და აყვავების წელი იქნებაო, ეს არგუმენტირებული განცხადება არ არის. ჩემთვის, როგორც ფინანსისტისთვის, არგუმენტი ციფრია. 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით მცირდება დღგ-ს გადასახადი, ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ქვეყნაში ეკონომიკური აქტივობა მცირდება. რას იტყვის ხადური, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ბიუჯეტის კანონში რა წერია.

- როგორ ჰქონდა წინა ხელისუფლებას ეკონომიკური სირთულეები დაძლეული, რითაც ამაყობს "ნაციონალური" მოძრაობა?

- წინა ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას აბსოლუტურად განსხვავებული და მიუღებელი ფორმით ახდენდა. გასულ წლებში ქვეყნის ეკონომიკა და პოლიტიკა სახელმწიფო ტერორსა და რეკეტზე იყო დაფუძნებული. დღევანდელი ხელისუფლების საბიუჯეტო თანხების მობილიზება განსხვავებულია წინა ხელისუფლებისგან. მოვიშორეთ ერთი ჭირი, ბიზნესის ტერორის სახით, მაგრამ მეორე ჭირმა, არაკომპეტენტურობის სახით წამოყო თავი.

- რა ფორმით შეიძლება გამოიხატოს 2014 წლის საბიუჯეტო ჩამორჩენა, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ სრული კოლაფსი, ან ეკონომიკური კრიზისი მიიღოს ქვეყანამ?

-2014 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში, ფინანსთა სამინისტრომ მიდგომები თუ არ შეცვალა და საბიუჯეტო პოლიტიკა არ გააუმჯობესა, ქვეყანაში ეკონომიკურ კოლაფსს თუ არა, კრიზისს აუცილებლად მივიღებთ.

უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)