შეურჩიეთ სახელი პატარა უფლისწულს! - ექსკლუზიური შესაძლებლობა "კვირის პალიტრის" მკითხველისათვის - კვირის პალიტრა

შეურჩიეთ სახელი პატარა უფლისწულს! - ექსკლუზიური შესაძლებლობა "კვირის პალიტრის" მკითხველისათვის

თბილისის ზოოპარკში მტაცებლების რაოდენობა წარმოუდგენლად იზრდება. ბენგალიური, თეთრი ვეფხვების მაქსიმუსის და კამერონის ოჯახში მატებაა. კამერონმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, მარტის შუა რიცხვებში ორი მშვენიერი ძუ ბოკვერი, ბარბარა და რებეკა შვა. რამდენიმე დღის წინ კი ძუ ვეფხვი კიდევ სამი პატარას დედიკო გახდა, რომელთაგან ერთი ბიჭია და ორი გოგონა. ბენგალიური თეთრი ვეფხვები "სამეფო ვეფხვების" სახელითაც არიან ცნობილი და ისინი საუკუნეების განმავლობაში ამშვენებდნენ ინდოელი თუ ბანგლადეშელი რაჯების სასახლეებს.

ზოოპარკის ხელმძღვანელობა "კვირის პალიტრის" მკითხველს ექსკლუზიურად სთავაზობს ბოკვერები "მონათლოს", ანუ სახელები შეურჩიოს.

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ხუმრობს, რომ ახალი ამბით განსაკუთრებით კმაყოფილი მაქსიმუსია, რომელსაც როგორც იქნა, მემკვიდრე (ჯუნგლების კანონით მეტოქეც) შეეძინა და იმის გამო, რომ ერთი ცოლი მაკედ ჰყავდა, მეორესთან, სალისთან გადააბრძანეს ვოლიერში. ასე კამერონი და მისი ახალშობილებიც თავს დაცულად იგრძნობენ, ხვადის ეჭვიანობის გამო საფრთხე არ შეექმნებათ. ხვადები პატარებს ხშირად მეტოქეებად აღიქვამენ და მათ მიმართ სულაც არ გამოირჩევიან ალერსიანობით.

იმის გამო, რომ მაქსიმუსი სალისთან გადასახლდა, მოსალოდნელია, რამდენიმე თვეში ვეფხვების ოჯახში კვლავ მატება იყოს და ახლა სალი გახდეს დედა.

ბენგალიური თეთრი ვეფხვების ოჯახი თბილისის ზოოპარკში მისი არსებობის მანძილზე პირველად, სამიოდე წლის წინ გამოჩნდა. წყვილი ის იყო, ამთავრებდა "თინეიჯერობის" ასაკს, როდესაც თბილისში ჩამოიყვანეს. ბოკვერები 7-8 თვისანი იყვნენ და ადამიანების სიახლოვე არ სიამოვნებდათ. თუმცა, მალევე დაუმეგობრდნენ ზოოპარკის პირველ პირს. ზურაბ გურიელიძეს ხშირად ნახავთ ჟრუანტელის მომგვრელ სიტუაციაში, მტაცებლების ვოლიერებში, ცხაურთან გაწოლილი ცხოველები კატებივით კრუტუნებენ და "პატრონისგან" მოფერებას ითხოვენ. ხშირად ზურას გამო ერთმანეთზე ეჭვიანობენ და უღრენენ - აქედან გაქრი, ზურას ალერსში ნუ მეცილებიო.

ზურაბ გურიელიძე:

- ეს მხეცები, ძირითადად, უფრო თეთრი ვეფხვების სახელით არიან ცნობილი. არ შეგეშალოთ, თეთრი ვეფხვი არ არის ალბინოსი. მას ასეთი, ლამაზი, ეგზოტიკური შეფერილობა აქვს, ჩვეულებისამებრ ვეფხვური ზოლების თანხლებით. შეფერილობის გამო ბუნებრივ პირობებში ვერ ცოცხლობს. იოლად შესამჩნევი თეთრი ფერის მტაცებლის დანახვისას ყველა საკბილო დროულად ახერხებს გაქცევას. ამიტომაც თეთრ ვეფხვებს მხოლოდ ზოოპარკებში და ცირკებში ნახავთ, სადაც ისინი დაცული არიან შიმშილით სიკვდილისგან. ამავე დროს, ძალიან ძვირად ფასობენ. ეს ზორბა, ძლიერი და ჯანმრთელი ცხოველია. უყვარს ცურვა და ნადირობა, მაგრამ უკვე გითხარით, ბუნებაში ნადირობის შანსი პრაქტიკულად არ აქვთ. მიუხედავად ამისა,ქცევებით სრულფასოვანი ბენგალიური ვეფხვის მსგავსნი არიან.

ბევრი წუწუნებს, რომ თბილისის ზოოპარკში მტაცებლები მცირე ფართობში ცხოვრობენ. ვერ დავეთანხმები მათ. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ორ ვეფხვზე საჭიროა ყველაზე მცირე 180 კვ.მ ფართი. მაქსიმუსს და კამერონს კი 200 კვ.მ. აქვთ. რა თქმა უნდა, სასურველია მეტიც. მაგრამ ჯერჯერობით, ზოოპარკის ტერიტორია ამის საშუალებას არ იძლევა. მათ ვოლიერში აქვთ აუზი, რადგან ძალიან უყვართ ცურვა და ქანდარაც, სადაც სიამოვნებით ხტებიან, ან ნებივრობენ.

თბილისის ზოოპარკში მტაცებლების მართლაც უჩვეულო მატებაა. უკვე გვყავს 8 წითური ლომი, ორიც თეთრი ლომი, 8 იაგუარი და 8 ვეფხვი. კმაყოფილი ვართ შედეგით, რადგან მათი გამრავლება მიუთითებს იმაზე, რომ ცხოველები დაცულად და კომფორტულად გრძნობენ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტყვეობაში ვერ გამრავლდებოდნენ.

ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)