"არც ერთი ერი არ გამოგვდგომია განსაცდელის ჟამს"
"ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ და ამ დროს გარყვნილებას თესავენ"
"ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ არჩევნის რეჟიმში, თუ რომელი ქვეყნის მონა უნდა გავხდეთ, მაგრამ თუ არჩევანზე მიდგა საქმე, ორი ბოროტებიდან უფრო მცირე უნდა ავირჩიოთ."
თბილისის უძველეს და ულამაზეს ადგილას, ძველ გაბაანთხევში, დღევანდელ ვერის პარკთან, ორი ტაძარი დგას: ლურჯი მონასტერი და რუსული ეკლესია - ასე უწოდებს ხალხი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარს, სადაც ერთმანეთის გვერდით ლოცულობენ სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებლები - ქართველები, რუსები, სომხები, ებრაელები... გვესაუბრება ამ ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე:
- მამაო, რუსებიც და ქართველებიც ერთმორწმუნეები არიან, რა შეიძლება ითქვას ამ ორი ერის საკმაოდ მძიმე და რთულ ურთიერთობაზე?
- ბოლო 200 წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა რუსეთთან, იმიტომ, რომ საქართველო რუსეთის იმპერიაში შედიოდა. 1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც ორ ქვეყანას შორის დაიდო, წმინდა ქრისტიანული შინაარსიდან გამომდინარე, ორივე მხარისთვის მისაღები იყო. ერთმორწმუნე რუსეთმა დაარღვია რა ეს დადებული ტრაქტატი, არა მხოლოდ დაიპყრო საქართველო, არამედ გაუუქმა ავტოკეფალიაცა და სამეფო ტახტიც. ეკლესიიდან დაითხოვეს ქართველი სასულიერო პირები, მრავალსაუკუნოვანი ფრესკები შეღებეს და გადაათეთრეს - ასეთი საშინელებები ჩაიდინეს უფლისა და საქართველოს წინააღმდეგ. ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ერი გამოგვდგომოდეს. განსაცდელის ჟამს. საქართველოსთან მხოლოდ უფალი და დედაღვთისმშობელი იყო. ასე იყო რუსეთთანაც. გავიხსენოთ თუნდაც ასპინძის ბრძოლა, როცა რუსეთის ჯარი არ დაეხმარა ქართველებს და ავანტიურისტმა გენერალმა ტოტლებენმა ქართველები მრავალრიცხოვან მტერს შეატოვა. ასეთი რამ შემდგომშიც ბევრჯერ მომხდარა. ბუნებით ქართველები მიმნდობი და სიტყვის პატრონი ხალხია, ალბათ ამიტომაც ვენდეთ რუსეთის იმპერიას, რომელმაც ჩვენი ნდობა ბოროტად გამოიყენა. ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ უფლის დაშვების გარეშე არ შეიძლება რამე მოხდეს, რაც გვემართება ჩვენივე ცოდვების შედეგია და მადლობა ღმერთს!
- ქართულ საზოგადოებაში დღეს ხშირად კამათობენ - რომელი უფრო ნაკლებ ზიანს მოგვიტანს - რუსეთი, თუ დასავლეთი?
- ისტორიას რომ გადავხედოთ, საქართველოს არასოდეს, არც ერთი ერი არ დახმარებია. ამიტომ, რა იმედი უნდა გვქონდეს რომელიმე ქვეყნისა, მათ შორის, თუნდაც ამერიკის, ან ევროპისა? თუ რუსეთი ძალისმიერი, უხეში მეთოდებით მოდიოდა, ამერიკა და დასავლეთი კი პირიქით, კეთილშობილური ნიღბით, ლიქნით, მოტყუებით გვებრძვიან, რომ ჩვენი ხალხი რომელიმე სექტაში, ან ორგანიზაციაში გააერთიანონ. ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ, ამ დროს გეიაღლუმებს გვიტარებენ და ქართველ ერში გარყვნილებას თესავენ. დავსვათ შეკითხვა - რომელი ჯობია? ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ არჩევნის რეჟიმში, თუ რომელი ქვეყნის მონა უნდა გავხდეთ, რომელმა უნდა ჩაგვყლაპოს. რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ დავითისა და თამარის ეპოქის მსგავსად, "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს", მაგრამ თუ არჩევანზე მიდგა საქმე, ორი ბოროტებიდან უფრო მცირე უნდა ავირჩიოთ. დანარჩენი კი მკითხველმა განსაჯოს. მე არ ვამბობ, რომ რუსეთთან ისეთი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, როგორიც 200 წლის განმავლობაში და თუნდაც კომუნისტების ეპოქაში გვქონდა, (ღმერთმა დაგვიფაროს) მაგრამ ნებისმიერ ერთან დიალოგს და ნორმალურ დამოკიდებულებას წინ არაფერი უდგას. თუნდაც ერთმორწმუნეობიდან გამომდინარე, მაინც უნდა ვცადოთ საერთო ენის გამონახვა რუსეთთანაც.
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.