ამბავი ეროვნებაწართმეულებზე ანუ რა დააშავა ქართულმა ფალოსმა? - კვირის პალიტრა

ამბავი ეროვნებაწართმეულებზე ანუ რა დააშავა ქართულმა ფალოსმა?

ქართველებს ქართველობას გვართმევენ!!! ავახვევინოთ საქართველოდან აზიელებს!!! ასე თუ გაგრძელდა, მალე აჭარასაც წაგვართმევენ!!! ბოლო რამდენიმე დღეა, ხშირად გაიგონებთ ასეთ მოწოდებებს. მოწოდების ავტორები ის ქართველი მამულიშვილები არიან, ვისაც აზიურ ღამის კლუბებში შესვლისა და იქ დროსტარების საშუალება არ მისცეს.

ქართველს შუაგულ თბილისში ღამის კლუბში არ უშვებდე და ამის მიზეზად ეროვნებას უსახელებდე, მართლაცდა, ვერაფერიშვილი ამბავია. თანაც გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართველი ყველაზე მეტად საკუთარი ეროვნებით ამაყობს - იმ ღვთისბოძებული ნიჭიერებითა და განსაკუთრებული თვისებებით, რაც მხოლოდ მას შეიძლება გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, შეურაცხყოფილმა და გავეშებულმა ქართველმა ვაჟკაცებმა ხელი ხმალს იკრეს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნებია აზიისა და აფრიკის 80-მდე ქვეყანასთან ამჟამად გამარტივებული სავიზო რეჟიმის გამკაცრება, დაიხუროს ყველა მსგავსი სახის ბორდელი, ყველა დაწესებულებაზე იყოს ქართული წარწერა და შეწყდეს ქართველთა დისკრიმინაცია საქართველოში.

თუმცა აქციის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა ენერგიამოზღვავებულმა მამულიშვილმა ვეღარ დაიტია პატრიოტების შეკრების კიდევ ერთი, მეტად მტკივნეული მიზეზი და მთელი ხმით იღრიალა - ქართველ ქალებს უცხოელებს ატ******ნებთ და ქართველ კაცებს შიგნით არ უშვებთო!!! ამ დიადმა ფრაზამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ, ქართველებს, ოდითგანვე ბუნებაში გვაქვს მანდილოსნის მიმართ მოწიწება და პატივისცემა (მართლაცდა, რა დააშავა ქართულმა ფალოსმა? რატომ ასეთი დისკრიმინაცია? ქართული ფალოსი ერის სამსახურში!). სხვათა შორის, მერე ბევრი კი იძახეს აქციის მონაწილეებმა, იქ რა გვინდა, ათასი წელი ფეხს არ შევდგამთო, მაგრამ რაღაცნაირად ხვდება მაინც ეს სიტყვები ყურს. აქციაზე სხვა ყურადსაღები გზავნილებიც გაჟღერდა - მაგალითად, საქართველო თურქებისა და ირანელების გარეშე! ისე, ერთი წამით წარმოვიდგინე, საქართველოში მცხოვრები თურქების დევნა თუ დავიწყეთ, თურქეთში მცხოვრებ ქართველებს რა დღე დაადგებათ, მაგრამ მოდით, ეს ფრაზაც ემოციებს მივაწეროთ.

ისე, თუ სხვა მიზეზი არ არის და მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი ოთხი პუნქტის შესრულებას ვითხოვთ, ურიგო არ იქნებოდა, სამართლებრივი კუთხით გეპოვათ გამოსავალი. აქცენტი გაგეკეთებინათ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე და გაგეპროტესტებინათ ვანდალიზმის გარეშე. ქვეყანაში სადაც ორ ათეულ კილომეტრში სოფელს სოფელზე ვკარგავთ, სადაც ბავშვები შიმშილით იხოცებიან, სადაც გაბოროტებული საზოგადოების გამო უამრავ ადამიანს ცხოვრება უმახინჯდება, სადაც ტყეს ტყეზე ჩეხავენ, დავიჯერო, თურქული ბარებისა და ლგბტ პირების მეტი სადარდებელი არააა?! არ ვიცი, თქვენ გადაწყვიტეთ, თუ აზრს შეიცვლით, აქვეა დაკარგული ტერიტორიები და იქიდან დაიწყეთ გაპროტესტება, ოღონდ, იქაც ასე ომახიანად უნდა შეუძახოთ -ჯოს და -ტყან თანდებულიანი მარგალიტობანი.

თურქულ ბარებში ქართველი "სექს-სესტრები" ვახსენეთ და შეიძლება მიზეზი ქართველების კლუბებში არშეშვებისა, სწორედ ქართველი გოგონები იყვნენ, რომელთაც არ სურთ რომელიმე ნაცნობმა დაინახოს და სახელი "გაუფუჭდეთ" - სახეზეა ე.წ. "პატიოსანი ბოზების" ფენომენი, რომელიც უკვე პოპულარული ტერმინი გახდა. ცოტა მეეჭვება, ეს გოგონები ქართველი ქალის განთქმულ კდემამოსილებასა და მოკრძალებას წარმოაჩენდნენ, ამიტომ, ამათაც შეუძახებდეს ერთი ვინმე კარგი იქნება, ოღონდ ისე არა - ჰაიტ, შე კახპავ, იმათ რომ აძლევ, ჩვენ რად არაო!

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ეთნო-დაწესებულებები ევროპაშიც არის, სადაც ხალხი ეთნიკური ნიშნით იკრიბება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერ მსგავსი დაწესებულება ფეხს ვერ მოიკიდებს. ცალსახად არ ვამართლებ ეთნიკური ნიშნით ქართველებისთვის კლუბში შესვლის აკრძალვას, მაგრამ პროტესტსაც გააჩნია. უცხოელებზე რომ გადააქვთ აგრესია და გაჰყვირიან - ხალხო, ასე მალე აჭარასაც დავკარგავთ და ქუდზე კაცი გამოდითო, ამაზე ანეგდოტი გამახსენდა - კაცი ქორწილშია და ურეკავენ, ჯუმბერ, დროზე წამოდი, შენი ცოლი გაააუპატიურეს, სახლი გაძარცვეს და მანქანა მოგპარესო. გავარდება ეს კაცი, მოყვება ავარიაში და მეორე დღეს ძმაკაცები დაადგებიან საავამდყოფოში ამ კაცს სანახავად და ეუბნებიან - ჯუმბერი შენ არ გქვია, ცოლი და მანქანა შენ არ გყავს და კაცურად, სად გარბოდი, რომ გარბოდიო?! ეგრე მოგვდის ჩვენც - ოციოდე კილომეტრში მთელ სოფლებს გვართმევენ და ჩვენ გავყვირით, თურქები თბილისის ღამის კლუბებში არ გვიშვებენ, აჭარა საფრთხეშია, გადავარჩინოთო.

აქვე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მინდა შევეხო, ადამიანის უფლებების დაცვით გართულებს ღამით რომ აღარ ძინავთ, იმედია, ამ ფაქტს მხოლოდ პოტენციურ გრანტად არ აღიქვამენ და მხოლოდ ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას არ შეეცდებიან.

პ.ს. ქართულ ტელეკომპანიებს - დღედაღამ თურქულ სერიალებს რომ ატრიალებთ, თურქულ ბარებზეც გაგეკეთებინათ 2-წუთიანი სიუჟეტი...