"ეს მაგონებს საბჭოთა პერიოდს, როდესაც სექსი არ არსებობდა" – ლაშა ბუღაძე სკოლებში 18+ ლიტერატურის შესახებ
ცოტა ხნის წინ სკოლებში შეიტანეს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, მათ შორის ჯერომ სელინჯერი, მილან კუნდერა, მიშელ ველბეკი, ჟან-ჟენე და სხვ. ამ ნაწარმოებების ნაწილმა მასწავლებელთა (და არა მარტო მათი) გულისწყრომა დაიმსახურა. მათი თქმით წიგნებში არის სექსუალური ხასიათის მონაკვეთები, რაც კატეგორიულად მიუღებელია სკოლის მოსწავლისათვის. ჩვენ დავუკავშირდით მწერალ ლაშა ბუღაძეს და ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ:
ლაშა ბუღაძე:
- ჩემი აზრით, 14-15 წლის ასაკის მოზარდებმა, სასურველია, წაიკითხონ ყველა თემატიკის წიგნი, რადგან თუნდაც ავუკრძალოთ რაიმეს კითხვა, დაუკმაყოფილებელი ინტერესის გამო შესაძლოა ტელევიზიით ისეთ რამეს უყუროს, ან ინტერნეტიდან ისეთი რამე გადმოწეროს, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი და ბევრად უარესი იქნება. ხშირად მიკვირს, რომ მაინცდამაინც წიგნებზე გაგიჟდებიან ხოლმე და მეორე წუთში ბავშვები, აბსოლიტურად უკონტროლოდ სარგებლობენ ინტერნეტით, სტუმრობენ ისეთ საიტებს, რომ სულ გაოგნდები ადამიანი, მაგრამ ჩვენთან რატომღაც წესია, რომ ყვირილს იწყებენ, როდესაც საქმე წიგნს ეხება. აჯობებს ბავშვის ფსიქიკაზე სხვა კუთხით იფიქრონ, თორემ წიგნი ყველაზე ნაკლებ სახიფათოა.
- როგორ ფიქრობთ, დაბალ კლასებში არ უნდა იყოს გარკვეული აკრძალვა ასეთი სახის ლიტერატურაზე?
- ალბათ, მასწავლებლებიც და მშობლებიც უნდა აქცევდნენ ყურადღებას, თუ რას კითხულობს ბავშვი. მე როდესაც ვიყავი 7-8 წლის, ნამდვილად ვერ წავიკითხავდი ვერც მილან კუნდერას და ვერც ჟან-ჟენეს, ჯერ ერთი, რომ ვერაფერს გავიგებდი და თანაც ჩემი მშობლები და მასწავლებლებიც (მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა) ისეთ ლიტერატურას მირჩევდნენ, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩემი ასაკის შესაბამისი იყო.
-თუმცა, რომ გცოდნოდათ, ამა თუ იმ წიგნში იყო ეროტიული სცნები, მშობლებისგან და მასწავლებლებისგან მალულად არ გექნებოდათ წაკითხვის სურვილი?
- როცა რაღაც ასაკიდან ჩნდება სექსის მიმართ ინტერესი, მერე უკვე ყველაფერი გაინტერესებს. ჩემს ბავშვობაში არ იყო ინტერნეტი და ხან რას ვნახულობდით და ხან რას, უამრავ რამეს ვიგებდით და ვის ჭორებს არ ვუსმენდით, ეს ყველაფერი ბუნებრივი ინსტინქტია, ესაა რაღაც დაფარულის შეცნობის ინტერესი, რომელიც ფიზიოლოგიასთანაა დაკავშირებული. ჩემი აზრით, არა ამ ინტერესის ქონა, არამედ ამისადმი ინტერესის არ გამოხატვაა პრობლემატური.
- "ვეფხისტყაოსანშიც" არის მრუშობის სცენა, თუმცა ეს იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც გმობენ ანალოგიურს უცხოურ ლიტერატურაში, მიუღებელი არაა...
-აქ მარტივად არის საქმე, ვინც ყვირის და ვინც ხმამაღლა გამოთქვამს პრეტენზიებს, როგორც წესი, ის არაა მკითხველი, რადგან მკითხველი არასოდესაა მშიშარა და მას ლიტერატურაში აღწერილი რეალობების (არ აქვს მნიშვნელობა, რა არის რეალობა) არ ეშინია. მკითხველი ადამიანი არის ძალიან თავდაჯერებული, მან იცის რომ წიგნი ესთეტიური სამყაროა, რომელსაც გარკვეული გავლენა შეიძლება ქონდეს ცნობიერებაზე. თურმე მილან კუნდერას რომანი დაგმეს იმის გამო, რომ ამ რომანში ნახეს სიტყვა "სექსი", ეს უბრალოდ სასაცილოა. კუნდერა უდიდესი მწერალია, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწარმოებების ავტორი, მთელ მსოფლიოში აღიარებული და ვიღაც მასწავლებელი რომ მილან კუნდერას წიგნს არ წააკითხებს მოზარდს, ამ შემთხვევაში დგას მასწავლებლის გაუნათლებლობის პრობლემა. ეს მაგონებს საბჭოთა პერიოდს, როდესაც სექსი არ არსებობდა. ცენზორობა დიდი ცდუნებაა და ის, რომ იყო ცენზორი, საოცარი ვნებაა. დღეს, აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, მაგრამ ადამიანების რაღაც ნაწილს დიდი სურვილი აქვს, რომ ეს ცენზურა მაინც განახორციელონ, თუმცა რატომღაც ავიწყდებათ, რომ ეს უკურეაქციას გამოიწვევს, რადგან აკრძალული (ამ შემთხვევაში, თანაც საინტერესო) ლიტერატურა და წიგნები გაორმაგებულ ინტერესს გამოიწვევს მოზარდში. ასევე გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებაც: ამ აკრძალვით, შესაძლოა, ისე შეაშინონ მოზარდი, რომ ისინი დაფრთხნენ და საერთოდ აღარც გაეკარონ წიგნებს.
-"ჯაყოს ხიზნებში", გარდა მრუშობისა, არის ძალადობაც, მაგრამ ეს არცერთ პედაგოგში არ იწვევს პროტესტს. აქ ერთგვარად ნაწარმოებების ეროვნული ნიშნით დაყოფასთან ხომ არ გვაქვს საქმე?
- შეიძლება ეგრეც იყოს და შეიძლება, უბრალოდ, "ჯაყოს ხიზნები" მან იცის, რომ უნდა ახსნას ასე: მარგო არის საქართველო, რომელზეც ძალადობენ და ამ ალეგორიებით აგრძელებს ახსნას. ეს უკვე ტრადიციაა, ეს მისი ბრალი არაა, მას ეს ასე ასწავლეს და მხოლოდ ასეთი ცალსახა ინტერპრეტაციაა მისთვის ცნობილი. შესაძლოა ამ კატეგორიის მასწავლებლებს მილან კუნდერა არც გაუგიათ და საერთოდ არ იცის ეს ავტორი, ხოლო რაც არ იცი, იმის ყველაზე მეტად გეშინია.
- ასეთი მასწავლებლებისგან ხვალ ხომ არ უნდა ველოდოთ "დეკამერონის", "მარტოობის ასი წელის"-ის და სხვ. აკრძალვას?
- არათუ "დეკამერონის" წაკითხვა, შესაძლოა, საერთოდ კითხვა აღარ მოუნდეს ადამიანს, როდესაც ეუბნები: ეს შეიძლება და ეს არ შეიძლება, თანაც ამას აკეთებ ძალიან უხეშად. ეს ბავშვს დააფრთხობს, ადრეულ ასაკში კი ისედაც ძალიან რთულია ბავშვმა გამოიმუშავოს კითხვის ინსტიქტი. როდესაც ბავშვს რაღაცისადმი ძლიერი ინტერესი აქვს და შენ აკრძალვებს უწესებ, ამით აფრთხობ და საერთოდ წაკითხვის ყოველგვარ ხალისს უკარგავ. ასეთ დროს მას აღარ მოუნდება წაკითხვა, მეტიც, ბავშვს ეგონება, რომ კითხვა არის ვალდებულება, რომელიც საჭიროა მასწავლებლისთვის და კიდევ რამდენიმე ადამიანისთვის ანუ მისთვის კითხვა სიამოვნების წყაროდ აღარ იქცევა. ეს საშიშროება ნამდვილად დგას, თორემ თუ ვიღაც მასწავლებელი დაგმობს "დეკამერონს", ამით ბოკაჩოს ნამდვილად არაფერი დააკლდება.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)