კულისებს მიღმა ბერკეტებია - გახდება თუ არა ივანიშვილი რუხი კარდინალი? - კვირის პალიტრა

კულისებს მიღმა ბერკეტებია - გახდება თუ არა ივანიშვილი რუხი კარდინალი?

"სამოქალაქო სექტორში გადასული ივანიშვილის პროგრამა-მაქსიმუმი "ქართველი სოროსობა" იქნება"

"რუხი კარდინალობის სასტიკი წინააღმდეგია თავად ბიძინაც"

"შექმნილები შემოქმედისგან შორს ვერ იქნებიან"

ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, მისი თანამდებობიდან წასვლა ქვეყანას ძლიერ პოლიტიკურ პერსონალიებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ივანიშვილი უარს იტყვის თავის ფორმალურ წოდებაზე, მაინც დარჩება კულისებიდან მოქმედ ძალად. ამ მოსაზრებას უცხოური გამოცემების ნაწილიც იზიარებს, დასავლურ პრესაში გამოქვეყნებულ რამდენიმე სტატიაში ნათქვამია, რომ პარტია, რომლის ლიდერების, ღარიბაშვილისა და მარგველაშვილის პოლიტიკური გამოცდილება წელიწადსა და 9 თვეს ითვლის, ივანიშვილის გავლენისაგან მისი წასვლის შემდეგაც ვერ გათავისუფლდება.

ასე რომ, იმის შესახებ, დარჩება თუ არა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის აჩრდილი, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს... ვერ თანხმდებიან ამ საკითხზე ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებიც.

ნოდარ სარჯველაძე, ფსიქოლოგიის პროფესორი:

- იმის შანსი, რომ ბიძინა ივანიშვილი რუხი კარდინალი გახდეს, მართლაც დიდია. რახან პოლიტიკაში შემოვიდა და პოლიტიკური მართვის გემო იყნოსა, იგი უკვე აღარ შეჩერდება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, - ხელისუფლებაში მისი გუნდია, მის მიერ დანიშნული ადამიანები და მემკვიდრეები არიან. ამას ისიც ემატება, რომ სიმბოლურად გათამაშდა მონარქისტული მოდელი, როდესაც მეფე ნიშნავს თავის მემკვიდრეს. ის, რომ ხელისუფლებაში დატოვებული მისი გუნდი არც თუ ისე ძლიერია, ივანიშვილს აიძულებს, მათთან მუდმივად ჰქონდეს ურთიერთობა, რათა ”გაამაგროს” ისინი. მის მიერ ხელდასმული ”რესპუბლიკელების” რეიტინგი, ივანიშვილის გამოჩენამდე ძალიან დაბალი იყო. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ამ პარტიის წევრები ოდიოზურები არიან, თუნდაც იმიტომ, რომ მათ და ”ნაციონალებს”, პრაქტიკულად ერთი და იგივე პლატფორმა აქვთ... ამ და სხვა მიზეზების გამო, ბიძინა ივანიშვილს კოალიციის პოზიციის გამაგრება მოუწევს, რაც ისე ვერ ვერ მოხერხდება, თუ ფარული და უხილავი კავშირები არ ექნებათ. ამას შეიძლება უხილავი კარდინალობა დავარქვათ, როდესაც ის მართავს, მაგრამ თავად არ ჩანს. ფაქტი ასეთია - თუ ის მართლაც სამოქალაქო სექტორში გადავა, გამოდის, რომ ”ენჯეო” გახდება, მე თითქმის 20 წელია არასამთავრობოში ვარ დ ვიცი, რასაც ნიშნავს აქ მუშაობა...

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ მაქსიმუმი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, არის ის, რომ გახდეს ქართველი სოროსი. ექნება ის რეპუტაცია და შესაძლებლობები, რაც სოროსს ჰქონდა და დღემდე აქვს. ამ შემთხვევაში მართლაც მოხდება სამოქალაქო საზოგადოებრივი სექტორის გაძლიერება.

- თუკი ის მართლა გახდა რუხი კარდინალი, ასეთ პირობებში როგორ შეიძლება განვითარდეს სახელმწიფო?

- ჯერ-ჯერობით ეს ხელისუფლება ივანიშვილის მიმართ დისტანციას ვერ დაიჭერს, რადგან ისინი, როგორც პოლიტიკური ფიგურები, სწორედ ივანიშვილის მიერ არიან შექმნილ-გამოძერწილები. თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის არსებობა ვინ იცოდა საერთოდ და ვისაც ვიცნობდით, არც ისინი იყვნენ მაინცდამაინც რეიტინგულები, ბევრი კი პოლიტიკურად "ჩამოწერილი" იყო... ასე რომ, შექმნილები შემოქმედისგან შორს ვერ იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებისას ივანიშვილის აზრის გათვალისწინება მოუწევთ. სხვა რომ არაფერი, მის უკან კიდევ 6 მილიარდი დგას და უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთ თანხას მაგნიტური მიმზიდველობა აქვს. ყველას გვახსოვს, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს მილიონები დაურიგა. ფაქტია, რომ ფულს პოლიტიკაში დიდი ძალა აქვს. მაგალითად, ივანიშვილის განცხადებებს ინსტრუქციას რომ აყოლებენ, იმას კი არა, ამას გულისხმობდაო, მე ერთ-ერთ პოლიტიკოსს ვკითხე, ეს რომ ივანიშვილს არ ეთქვა, ადამიანს, რომლის უკანაც 6 მილიარდი დგას, როგორ შეაფასებდი ამ მოსაზრებას-მეთქი, სისულელედ მივიჩნევდიო... ანუ რა გამოდის, აზრი სისულელეა, მაგრამ მას ფული აძლევს სიბრძნეს?.. ფაქტია, მისი მემკვიდრეები, მათ შორის, გიორგი მარგველაშვილი, მისი ნების წინააღმდეგ ვერ წავლენ, რადგან ივანიშვილთან დისტანციაში ყოფნა მათთვისვე იქნება წამგებიანი.

გიორგი ვოლსკი, პარლამენტარი:

- ის ეპოქა, როდესაც ქართულ პოლიტიკას რუხი კარდინალები მართავდნენ, წავიდა, ყოველ შემთხვევში წასვლის პროცესშია. ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ეს ნამდვილად არ მოხდება. რუხი კარდინალობის სასტიკი წინააღმდეგია თავად ბიძინაც და არც ერთი ჩვენგანის ინტერესებში არ შედის ასეთი რამ. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ რჩევა საჭირო გახდეს, მაგრამ არა ექსკლუზიურად ბიძინა ივანიშვილისა, არამედ ზოგადად, იმ ადამიანების, ვისაც საქმეში ჩახედულია და რჩევა ეკითხებათ.

- თუმცა, თუ დასავლური პრესის არგუმენტებს მოვიშველიებთ, - ხელისუფლებაში პოლიტიკურად გამოუცდელი პირები არიან, განსაკუთრებით, პირველი და მეორე პირები და სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს ბიძინა ივანიშვილის ჩარევის აუცილებლობას...

- არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის გამო, რომელიც მართალია, საფინანსო სფეროში, მაგრამ მმართველ დონეზე იყო ჩართული და მენეჯმენტში საკმაოდ კარგი გამცდილება აქვს. კარგი განათლებაც აქვს მიღებული და ზოგადად, არჩევნებამდე და მის შემდეგაც არაფერი შეშლია. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული ტრადიციით, ყველა თემაზე გახსნილად, გულწრფელად ვსაუბრობთ. ასე რომ, ბევრი დამაზღვეველი მექანიზმი არსებობს, რომ მას რუხი კარდინალობა არ მოუწიოს, თუმცა, არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ის ახლოს უნდა იყოს მთავრობასთან, უფრო მეტად კი, საზოგადოებასთან. ისე კი, კარგი იქნება რუხი კარდინალის ცნებას თუ ზუსტად განვსაზღვრავთ, - ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, არსად გამოჩნდეს, ძალიან ცოტა თუ იცნობს და სიტუაციას ისე განაგებს, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ და ასეთი თვისებები ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნამდვილად არ გამოუვლენია...

ლალი პაპასკირი