"გარგანტუა და პანტაგრუელი" - ცხოვრებისეული ფილოსოფია...
ფრანსუა რაბლეს გასაოცარი წიგნის, "გარგანტუა და პანტაგრუელის" არსის გაგება თუ გვსურს, სწორედ პანტაგრუელიზმს უნდა ჩავუკვირდეთ - კეთილი გოლიათის, რომანის მთავარი გმირის, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეულ ფილოსოფიას...
თავად ავტორი პანტაგრუელიზმს განსაზღვრავს როგორც "სიღრმისეულსა და დაუძლეველ სიცოცხლისმოყვარეობას, რომლის წინაშეც ყოველივე წარმავალი უძლურია". იმავდროულად, სხვადასხვა გამოკვლევასა თუ ენციკლოპედიაში შემდეგნაირ ფორმულირებებს შეიძლება შეხვდეთ: "ეს არის უნარი, იყო მხიარული, ბრძენი და კეთილი"; "ესაა სკეპტიციზმისა და უდარდელობის სისტემა"... თუმცა საქმე ასე მარტივად სულაც არ არის. ყოველი ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი, დაწურული ფორმულირება, მით უფრო, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ მრავალგანზომილებიან, მრავალსახოვან და არაორდინარულ წიგნთან, როგორიცაა ფრანსუა რაბლეს ხსენებული რომანი, შეცდომის დაშვების რეალურ საშიშროებას შეიცავს. საშიშროებას იმისა, რომ მკითხველს მხატვრულ ნაწარმოებზე არაადეკვატურ, სულაც გაპრიმიტივებულ წარმოდგენას შეუქმნის.
პანტაგრუელიზმი რთული, კომპლექსური მოვლენაა. მისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, მახასიათებელი და შეიძლება ითქვას, მძაფრი იარაღი - სიცილია! ამ სიცილში არ იგულისხმება უბრალოდ იუმორი ანდა სატირა, არამედ ეს გახლავთ სახალხო დღესასწაულის, კარნავალის სტიქია - დღესასწაულისა, რომლის დროსაც ყველა ტაბუ და აკრძალვა დროებით უქმდება და კარნავალის მონაწილე ადამიანი თავდავიწყებას ეძლევა.
თუმცა სიცილს რაბლეს რომანში ასე ვთქვათ, დამატებითი ფუნქციაც აქვს, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, შემეცნებითი დანიშნულება აქვს მინიჭებული, იგი გონებას წმენდს გაქვავებული დოგმატიზმისგან, საშუალებას აძლევს ადამიანს, გათავისუფლდეს ფსიქიკური აფექტებისგან, რომლებიც სამყაროს შეცნობაში ხელს უშლის. საერთოდაც, სიცილი ადამიანის ბუნებრივი უნარი და მდგომარეობაა, რომელიც ევროპელს, თავის დროზე, შუა საუკუნეებში, დაკარგულიც კი ჰქონდა, და აუცილებლად უნდა დაებრუნებინა. ამ საქმეში მას რაბლეს წიგნმა არაჩვეულებრივი, ფასდაუდებელი დახმარება გაუწია. რაბლეს წიგნში სიცილს ამბივალენტური ხასიათი აქვს, ის ნამდვილად არაერთმნიშვნელოვანია, ერთდროულად ნეგატიურიცაა და პოზიტიურიც, დამცინავიც და ამამაღლებელიც, ოღონდ "გარგანტუა და პანტაგრუელის" ადეკვატური გაგებისთვის აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე და შუა საუკუნეების ადამიანის სტერეოტიპები, შაბლონური წარმოდგენები, სააზროვნო კლიშეები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. ამიტომ ის, რაც რაბლეს რომანში დღეს უხეშ ნატურალიზმად აღიქმება, თავის დროზე, სრულიად სხვანაირად ესმოდათ. რაბლეს შემოქმედების მკვლევართ ძალიან დიდხანს მიაჩნდათ, რომ ავტორი ნოვატორია, ებრძვის ყოველივე დრომოჭმულს, რომ წიგნი თავისთავად წარმოადგენს ფრანგული აღორძინების ენციკლოპედიურ ძეგლს, ფრანგი ხალხის ერთგვარ ეროვნულ ეპოპეას, რომელშიც ალეგორიულად აირეკლა საფრანგეთის საზოგადოების სხვადასხვა ფენის ყოფა-ცხოვრება. რომანის ლიტერატურული საფუძვლები: იგავები, ანდაზები, თქმულებები თუ ლეგენდები, ჟანრული სურათები, ზღაპრული გმირები თუ ფანტასტიკური პერსონაჟები ხალხური შემოქმედებიდან, ფოლკლორიდან არის ნასესხები. რომანის ენაც, ძირითადად, ხალხურია. ამ ყველაფერმა განაპირობა რაბლეს ქმნილების წარმოუდგენელი პოპულარობა ხალხში და ეს დღემდე გრძელდება...
მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ რაბლე ამხელს საზოგადოებრივი მოწყობის მანკიერ მხარეებს, თავს ესხმის კათოლიკურ ეკლესიას, მაგრამ იგი არა მხოლოდ დასცინის ყოველივე იმას, რაც, მისი აზრით, გასაკიცხია, არამედ აქვს ერთგვარი პოზიტიური პროგრამაც. ამის ნიმუშად მოჰყავთ ხოლმე უკვე ნახსენები თელემის სააბატოს ეპიზოდი და რომანის ის ნაწილი, რომელიც პანტაგრუელის აღზრდას ეხება - ანუ ავტორის წარმოდგენები პროგრესული პედაგოგიკის თაობაზე, რაც სქოლასტიკურ განათლებას უპირისპირდება, უმთავრესად ტექსტების დაზეპირებას რომ გულისხმობდა. სხვათა შორის, საინტერესო ფაქტია, რომ თურმე, თავის დროზე, რაბლეს პედაგოგიკური შეხედულებების განხილვას ილია ჭავჭავაძემ საგანგებო წერილი მიუძღვნა. მოკლედ რომ ვთქვათ, ანბანურ ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა: თავისი წიგნით რაბლე ამკვიდრებს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების რენესანსისეულ იდეალს. და საერთოდაც, რაბლე ჰუმანიზმის მეხოტბე და მქადაგებელია.
თუმცა პოსტმოდერნისტული ეპოქის მკვლევრებმა რაბლეს წიგნის ასეთი ცალსახა გაგება ეჭვქვეშ დააყენეს. მათ ყურადღება მიაქციეს იმას, თუ როგორ აღწერს ავტორი იმავე თელემის სააბატოსა თუ პანტაგრუელის აღზრდა-განათლებას. და მართლაც, ეს ყველაფერი აბსურდია, თავიდან ბოლომდე პაროდიული თამაშია.
ლიტერატორებს შორის გაჩნდა მოსაზრება, რომ რაბლე, სინამდვილეში, ყველაფერს დასცინის,– მათ შორის, რენესანსის იდეალებსაც; ანუ მისთვის ცალკე აღებული ადამიანი სულაც არ წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებულ ღირებულებას, და სინამდვილეში არც პროგრესის იდეას ცნობს. ყველაფერი, რაც ხდება, მისთვის ერთნაირად აბსურდულია. კაცობრიობის ცხოვრება წინსვლა კი არ არის, არამედ უაზრო სიარული წრეზე - მოჯადოებულ წრეზე.
რაბლეს სახელგანთქმული რომანი თავიდან ბოლომდე ირონიულია და ეს ირონია, გროტესკი, პაროდიულობა, ეს აბსურდის ფეიერვერკი თავისთავადია და ყოვლისმომცველი.
ამ მხრივ, "გარგანტუა და პანტაგრუელი" არაჩვეულებრივად თანამედროვე, შეიძლება ითქვას, პოსტმოდერნისტული რომანია. და მით უფრო საინტერესო და ახლობელია ჩვენთვის, XXI საუკუნის ადამიანებისთვის.
ირაკლი ლომოური