"ჩემზე მეტად არავინ განიცდის"
"იმედი მქონდა, სამოასთან მატჩში მაინც ვითამაშებდი"
ვიქტორ კოლელიშვილს კანადელებთან მატჩისას მომხდარი გაწევ-გამოწევა ძვირად დაუჯდა: საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" მესამეხაზელი ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს! ასე რომ, აშშ-ისა და სამოას ნაკრებებთან შეხვედრების გარდა, ვიტოს საფრანგეთის ჩემპიონატის ორი მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. შეგახსენებთ, კანადის ნაკრებთან მატჩის 36-ე წუთზე ვიქტორ კოლელიშვილი ანდერვუდის წინააღმდეგ დაჯარიმდა, ამ უკანასკნელმა კი ჩვენებურისთვის სამაგიეროს გადახდა მუშტებით სცადა და... ამას რაც მოჰყვა, თავადაც ნახავდით, ჩვენთვის ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ნოემბრის ტესტ-მატჩების ჩამთავრება "ბორჯღალოსნებს" გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე უწევთ. ქომაგზე მეტად, ამის გამო გული თავად მორაგბეს სწყდება:
- ნოემბრის ტესტებს მოუთმენლად ველოდი, ძალიან მინდოდა გუნდს ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში დავხმარებოდი. უზომოდ გულდაწყვეტილი ვარ, ჩემზე მეტად არავინ განიცდის, რომ ვერ ვთამაშობ, თუმცა ვეღარაფერს შევცვლი... თავს არ ვიმართლებ, მაგრამ კანადელებმა აშკარად საჩხუბრად გამოიწიეს და ცხელ გულზე ვეღარ გავაცნობიერე, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. არ უნდა ავყოლოდი, თავი უნდა შემეკავებინა, მაგრამ ვერ მოვთოკე და ბევრიც დავკარგე... რას ვიზამთ, სამომავლოდ მეცოდინება, როგორ უნდა მოვიქცე!
- მატჩის მეორე ტაიმი როგორი საყურებელი იყო სათადარიგოთა სკამიდან?
- როგორი იქნება, როცა თამაში გინდა და მოედანს ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს ტოვებ? გაწევ-გამოწევა რაგბიში იშვიათი არ არის და რას ვიფიქრებდი, ასე მკაცრად თუ დამსჯიდნენ. იმედი მქონდა, სამოასთან მატჩში მაინც ვითამაშებდი, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით მხოლოდ სანაკრებო შეხვედრების კი არა, ორი საკლუბო მატჩის გამოტოვებაც მომიწევს.
- მწვრთნელმა რა გითხრა შესვენებისას, მილტონ ჰეიგს როგორი რეაქცია აქვს ხოლმე ასეთ დროს?
- იგივე მითხრა, რასაც ასეთ დროს სხვა მწვრთნელები ეტყოდნენ შეგირდს. თავადაც ხედავდა, როგორ განვიცდიდი მომხდარს და ბევრი ლაპარაკი აღარ დასჭირვებია... უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, წვიმამაც დაასვა დაღი - გვიჭირდა სველი ბურთის ხელში შემაგრება, ზუსტი პასის გაკეთება... სამაგიეროდ, გუნდი მეორე ტაიმში ათამაშდა უკეთ, ლელოც დავდეთ და უპირატესობა თამაშის ბოლომდე შევინარჩუნეთ. მთავარი სწორედ ეს არის - დავამარცხეთ ისეთი ძლიერი ნაკრები, როგორიც კანადაა.
- ნოემბრის ტესტ-მატჩები ჰეიგის ორწლიანი მუშაობის ერთგვარი შეჯამებაა... თავად თუ ხარ კმაყოფილი ზელანდიელი მწვრთნელის საქმიანობით?
- ალბათ, ჰეიგის მუშაობას რაგბის სპეციალისტები უკეთ შეაფასებენ. პირადად მე კი, ჯერჯერობით, ნამდვილად არა მაქვს საფუძველი, უკმაყოფილო ვიყო. ახალი სათამაშო სტილის დანერგვას დრო სჭირდება და ვფიქრობ, 2015 წლის მსოფლიო თასამდე ყველაფერი მოესწრება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს "მონპელიეს" შერკინების მწვრთნელი დიდიე ბესი ეხმარება. მასზე რას იტყვი?
- შერკინების გარდა, ჩვენს გუნდს სხვა კომპონენტებშიც ავარჯიშებს და კანადელებთან მატჩში ეს აუტების მოწოდებისასაც დაგვეტყო. ბესი ძალიან გამოცდილი მწვრთნელია, არც მონდომება აკლია და დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ.
- საკლუბო ამბებზეც ვთქვათ: რისი დამსახურებაა, საფრანგეთის მეორე დივიზიონს "ლიონი" დამაჯერებლად რომ ლიდერობს?
- ძლიერი მწვრთნელისა და მოთამაშეების. "ლიონში" ჩემთვის ეს პირველი სეზონია, თუმცა, ვიცი, რომ ტოპ-14-ის საგზურისთვის ლიონელები შარშანაც იბრძოდნენ. უმაღლეს დივიზიონში გადასვლის უმთავრესი პრეტენდენტები ვართ, მაგრამ წინ კიდევ არაერთი მატჩია და წარმატებით თამაში სეზონის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ. სხვათა შორის, რაც ამ კლუბში ვარ, 11 მატჩში გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და იმ შეხვედრაში არ მითამაშია. ასე რომ, ჯერჯერობით, "ლიონთან" წაგება არ მაკავშირებს და იმედია, ასეც გაგრძელდება.