"თუ ნორლანდის განცხადება რეალური იქნებოდა, ქართველ საზოგადოებას სულ ცოტა, უნდა შეშინებოდა"
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ ისე, როგორც მანამდე რუსები - ქართველებს და ამისთვს ბოდიში უნდა მოიხადონო". მოგვიანებით ასევე ითქვა, რომ ქართულ მედიას როგორც არაერთხელ დამართნია, ამ შემთხვევაშიც არასწორად თარგმნეს ელჩის განცხადება და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გაავრცელეს.
პოლიტოლოგი გიორგი კუჭავა, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ შეხვედრია საქართველოში სტუმრად მყოფ რიჩარდ ნორლანდს, მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, ელჩს ასეთი რამ ეთქვა.
გიორგი კუჭავა:
- ბატონი ნორლანდი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური დიპლომატია, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა მოსკოვში აშშ-ს საელჩოში სსრ კავშირის დროს. შემდგომ ხელმძღვანელობდა აშშ-ს საელჩოებს ლატვიაში, ყაზახეთში. კარგად იცნობს პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებს. მას კიდეც რომ ჰქონოდა მიზეზი, ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა, თუ უშუალო მითითებას არ მიიღებდა ვაშინგტონიდან.
რიჩარდ ნორლანდი გავიცანი 1993 წელს, როდესაც იგი საქართველოში ეუთოს მისიის პირველი მდივანი იყო. მაშინ მე საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის საკონსულტაციო საბჭოს წევრი ვიყავი. ბატონი ნორლანდი რამდენჯერმე, ჩემთან ოჯახშიც იმყოფებოდა სტუმრად. კარგად მახსოვს სტუმრისა და მასპინძლის, ბაბუაჩემის - დიპლომატისა და საბჭოთა საქართველოს პოლიტიკური მოღვაწის მიტროფანე კუჭავას საუბარი აფხაზეთის თემაზე. ბაბუა 1941-1948 წწ. მუშაობდა აფზახეთში ჯერ გაგრის რაიკომის პირველ მდივნად, შემდგომ კი აფხაზეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად. ამ წლებს მიიჩნევდა საუკეთესოდ თავის ცხოვრებაში. საუბრისას ბატონმა რიჩარდმა ჰკითხა ბაბუას, რა ურთიერთობა იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის მისი აფხაზეთში მუშაობის დროს და თუ შეინიშნებოდა რაიმე შუღლი. ბაბუამ მიუგო, რომ ქართველ და აფხაზ ხალხს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. დაძაბულობის სიმპტომები კი გაჩნდა 1954 წელს, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთმა უკრაინას გადასცა.
აფხაზეთთან დაკავშირებით საქართვლოს კომპარტიის მდივანი იდეოლოგიის დარგში დევი სტურუა საინტერესო ამბავს იხსენებდა თავის მემუარებში. ეს მოხდა 1962 წლის აგვისტოში, საქართველოს კპ ცკ პირველი მდივნის ვასილი მჟავანაძის კაბინეტში მოხდა. მასთან იმყოფებოდა აფხაზეთის ობკომის იმჟამინდელი პირველი მდივანი მიქეილ ბგაჟბა, რომელმაც მჟავანაძეს ამცნო: "დამიბარა ხრუშჩოვმა... მაიძულებდა დამეწერა მოთხოვნა აფხაზეთის მიერთებაზე კრასნოდარის მხარესთან.." ისე არ გამიგოთ, რომ მიმაჩნდეს, თითქოს რიჩარდ ნორლანდმა ბაბუაჩემისგან შეიტყო აფხაზეთში რუსეთის როლის და ქართველებსა და აფხაზებს შორის დამოკიდებულების შესახებ.
1997 წელს გამოცემულ ნაშრომში "გეოპოლიტიკის საფუძვლები" ალექსანდრ დუგინი წერს: "შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის გეოპოლიტიკის აბსოლუტურ მიზნად წარმოგვიდგება მოსკოვის საყოველთაო და შეუზღუდავი კონტროლი მთელ მის სიგრძეზე - უკრაინიდან აფხაზეთამდე. შესაძლოა ამ ზონის რამდენიმე ნაწილად დაყოფა კულტურული ნიშნით - მიეცეს ეთნიკური და კონფესიური ავტონომია ყირიმელ მალოროსებს, თათრებს, კაზაკებს, აფხაზებს, ქართველებს და ა.შ. მაგრამ ყველაფერი ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ მოსკოვის მიერ სამხედრო და პოლიტიკურ სიტუაციაზე აბსოლუტური კონტროლის ქვეშ... შავი ზღვის ჩრდილო სანაპირო უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ევრაზიული და ცენტრალიზებულად უნდა ემორჩილებოდეს მოსკოვს".
2000 წელს მოსკოვში გამოიცა ამერიკელი დიპლომატის ჯეიმს გუდბის მონოგრაფია "Неразделёная Европа. Новая логика мира в американо-российских отношениях". ავტორი დაწვრილებით აღწერს სსრ კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში აშშ-რუსეთის ურთიერთობას და მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე იმჟამად მიმდინარე პროცესებსა და უკრაინიდან ყოფილ მეტროპოლიაში ბირთვული იარაღის გატანას. უკრაინა იმდროისთვის დიდ ზეწოლას განიცდიდა, რათა უარი ეთქვა საკუთარ ბირთვულ არსენალზე. წიგნში ყურადღება მიიპყრო ერთმა დეტალმა - ყველა შეთანხმებას ყოფილ იუგოსლავიაში ცეცხლის შეწყვეტისა ან უკრაინიდან ბირთვული იარაღის მორიგი პარტიის გატანას თან სდევდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, დაზავება. თუმცა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ავტორი საერთოდ არ ეხებოდა.
ერთ მოვლენასაც გავიხსენებ. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს. ქართული საზოგადოება ამ პროცეს თვალყურს ადევნებდა იმდენად, შეეხებოდა თუ არა ომი ჩვენს ქვეყანას, აღმოჩნდებოდა თუ არა საქართველო ამ ომში ერთ-ერთ მხარეს ჩაბმული. ბოლო დროს ისე მოხდა, რომ სირიის პრობლემა დროებით დარეგულირდა, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა რუსულმა დიპლომატიამ. უდაოა, ის, რომ ასადის ხელისუფლების შენარჩუნება რუსული დიპლომატიის დიდი გამარჯვებაა. ამასთან, ჩემი აზრით, ეს იყო დასავლეთისა და პირველ რიგში შეერთებული შტატების მარცხი. რადგან სირიის გავლით ევროპაში შესაძლო იყო მიეწოდებინათ კატარის ბუნებრივი აირი, რაც რუსული გაზპრომისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა.
ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ედვარდ ლუკასი თავის წიგნში "ახალი ცივი ომი. თუ როგორ ემუქრება კრემლი რუსეთსა და დასავლეთს" აღნიშნავს, რომ ახალი ცივი ომი ისე დაიწყო, რომ თავისუფალმა სამყარომ ეს ვერც კი შეამჩნია და ვერც იმას ათვითცნობიერებს რომ ამ ომს იგი ჯერ-ჯერობით აგებს.
ყურადღებით ვადევნე თვალყური ყველა საინფორმაციო საშუალებას და ვიდრე გავიგებდი, რომ ელჩის ნათქვამი არასწორად ითარგმნა, გამაკვირვა საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დუმილმა რიჩარდ ნორლანდის განცხადებაზე.
შეგახსენებთ, დასავლეთის მიერ კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ კოსოველ ალბანელებს სერბები თურმე არაადამიანურად ექცეოდნენ. ამიტომაც თუ რიჩარდ ნორლანდის განცხადება რეალური იქნებოდა, ქართველ საზოგადოებას სულ ცოტა უნდა შეშინებოდა, ხომ არ იყო ასეთი განცხადება შემზადება იმისათვის, რომ აფხაზეთი და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" წამყვანმა სახელმწიფოებმა აღიარონ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები? დიპლომატიურ ენაზე ეს ამას ნიშნავს. გვაქვს თუ არა საფრთხე, რომ თავისუფალი სამყარო კრემლის მოთხოვნას კვლავ დააკმაყოფილებს, ისევე, როგორც სირიის შემთხვევაში? სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პუტინის სიტყვები, რომ ყოფილი სსრ კავშირი რუსეთია.
აქვე, ნებისმიერს, ვისაც მართლა შეიძლება გაუჩნდეს მოსაზრება, რომ ჩვენ, ქართველები ვავიწროვებდით აფხაზებს, შევახსენებ, აფხაზეთიდან დევნილები ვართ ჩვენ, ქართველები, ეთნოწმენდა განახორციელა არა აფხაზმა ხალხმა, არამედ რუსის სამხედროებმა და კრემლის მიერ კონტროლირებადმა ჩრდილოკავკასიელთა ე.წ. "მოხალისეებმა" რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით. ეს ცნობილია რიჩარდ ნორლანდისთვისაც. 1993 წელს ის არაერთხელ ბრძანდებოდა აფხაზეთში. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის იმჟამინდელ ე.წ. პრეზიდენტს ვლადიმერ არძინბასაც შეხვდა. მოხარული ვარ, რომ ელჩის განცხადება არასწორად თარგმნილა. თორემ ვიფიქრებდი, რომ მისი პოზიცია ნიშნავს აფხაზეთს რუსეთისადმი დათმობას?!
ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)