მომენატრები, პრეზიდენტო!
მომენატრები პრეზიდენტო, თანაც ძალიან მომენატრები. არ ვიცი, კონკრეტულად რა მომენატრება, მაგრამ ჩემთვის რაღაც დამთავრდა და ეს ფაქტია. ულომბელი რომ იყო საწუთრო, ვიცოდი (მან ჯერ კიდევ 1 ოქტომბერს გამოაჩინა კლანჭები), მაგრამ მაინც მეგონა, რომ ეს დღე არ დადგებოდა და უთქვენო საქართველოში გაღვიძება არ მომიწევდა.
ყოველ ნაბიჯზე თქვენ გამახსენდებით. რუსთაველის მეტროსთან გამახსენდება თქვენი ვოიაჟი მეტროში; აჭარაში ჩასვლისას, თქვენს მიერ შესმული შავი ზღვის წყალი დამიდგება თვალწინ; როდესაც სტადიონს დავინახავ, თქვენს მიერ დარტყმული უბადლო პენალტი გამახსენდება და ვინძლო ავტირდე კიდეც; ყველაფერი თქვენ ნაბიჯებს გამახსენებს (ხაშური არც თქვენ გახსოვდათ და არც მე გამახსენდება), ამიტომ პირობას გაძლევთ რომ არასოდეს ჩავალ გორში, ჩემს ცოდვილ გონებას რაიმე უმსგავსობა არ წამოუტივტივდეს. როდესაც ოფიციალურ შეხვედრაზე წავალ და ჰალსტუხს გავიკეთებ, ვინ უნდა გამახსენდეს თუ არა თქვენ? განა თქვენსავით ვინმეს უხდებოდა ჰალსტუხი?! რა თქმა უნდა, არა.
ბევრს დაგაბრალებენ, მაგრამ თქვენ გულთან ნუ მიიტანთ, თორემ თქვენი მგრძნობიარე გული ამდენს ვერ გაუძლებს.
უმადურები ვართ ქართველები, თორემ რაც თქვენ გაგვიკეთეთ, იმის გამო, ღირსი ხართ მუზეუმში დაგსვათ და ყოველდღე პატივი მოგაგოთ, მაგრამ სად გვაქვს ჩვენ იმის ნიჭი, ადამიანს ნაღვაწი დავუფასოთ?! მხოლოდ ცუდს ვხედავდი თქვენში, სამწუხაროდ თქვენი წასვლის დარდმა ამიხილა თვალები და ისეთი დაგინახეთ, როგორიც მართლა ყოფლიხართ. როგორ მშურს იმ ხალხის, ვინც მუდამ თქვენს გვერდით იყო და თქვენს ყველა ნაბიჯს აფასებდა, როგორც სწორად გადადგმულს. აბა თქვენ და შეცდომა? ეს ხომ ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც თქვენი დროის მაღალჩინოსნების გარევა ელიტარულ კორუფციაში.
ძალიან მძიმე ყოფილა თქვენზე წარსულში ლაპარაკი. ალბათ როდესაც რუსთავი2-ზე თქვენზე დადებულ ტიტრს ექს-პრეზიდენტი-ს დავინახავ, გონება დამებინდება დარდისგან. განა ეს 9 წელი იმისთვის იღწვოდით, რომ მხოლოდ სამი ასო (ექს) დაგემსახურებინათ? რაინდად მაინც ეკურთხებინეთ ვინმეს!
"იგი წავა და სხვა მოვაო", დიდმა შოთამ თქვა. გახსოვთ, ბატონო პრეზიდენტო როგორ გვიყვებოდით ხოლმე რუსთაველს? თქვენი იმპროვიზაციის უნარი ამ მოყოლაშიც კი ჩანდა, თვითონ შოთას გაუჭირდებოდა იმის მიხვედრა, თუ რას ყვებოდით, მაგრამ სამაგიეროდ, თქვენს გარშემო მყოფნი როგორი ხბოს აღტაცებით გიყურებდნენ.
რამხელაა თქვენი ამაგი ქართველებზე, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არც კი ჩამოხვედით, რომ კიდევ უფრო არ მოგვნატრებოდით და არ გვენერვიულა, მაგრამ ვინმე ხედავს ამას? ამბობენ გაიქცაო, ვინ ხალხო, მიხეილ სააკაშვილი? სად გინახავთ მაგის გაქცევა? და თუ მაინც გარბოდა, ისევ ჩვენი გულისთვის, მას ხომ ჩვენს გარდა, არავინ ახსოვდა. ქართველი ხალხი იყო მისი უმთავრესი საზრუნავი.
რა დამავიწყებს იმას, ღირსების ორდენს რომ აგრერიგად გულმხურვალედ არიგებდით, ვინმეს რომ არ დაეძრახა – ღირსების ორდენის "ჟმოტიაო". მერე სხვა ორდენებსაც რომ გადაწვდით (ისე, ბატონო მიხეილ ახალ პრეზიდენტს ერთი-ორი ცალი მედალი მაინც დაუტოვეთ, თავის ახლობლებს რომ აჩუქოს) და ეს ყველაფერი ხომ ისევ საქართველოსთვის კეთდებოდა.
კიდევ ათჯერ ცხრა წელი გავა, მაგრამ თქვენ ქართველთა გულებში სულ მუდამ იქნებით.
ქართული ენა ალბათ ყველაზე მდიდარია მსოფლიოში, მაგრამ მას არ აქვს სიტყვა, რითიც შეიძლება დაგემშვიდობოთ. განა – დიდი მადლობა ეყოფა იმას რაც ჩვენთვის გააკეთეთ?!
მალე ალბათ მეფე გვეყოლება. მახსოვს ერთხელ თქვით, ჩემშიც არის მეფური სისხლიო. ბატონო მიხეილ, იქნებ აქედანვე დაგეწყოთ მონარქობაზე ფიქრი? რა ლამაზად ჟღერს - მიხეილ პირველი და მეუღლე მისი სანდრა დედოფალი, ან კიდევ, მანდატურთუხუცესი მერაბიშვილი. განა თქვენც ეს არ გინდოდათ? ნუ გვეტყვით უარს. ჩემ თავზე ვიღებ "ფეისბუქზე" გვერდის გაკეთებას – მიხეილ სააკაშვილი მონარქად. ლაიკ-ებს ვიყიდით და მიზანსაც მივაღწევთ. მერე "ენდიაის" ან "აირაის" დავუკვეთოთ კვლევა, სადაც ყველა მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. ნუ გვეტყვით უარს, ამ ერთხელაც ისმინეთ ხმა ერისა, რომელსაც მუდამ გულდასმით ყურს უგდებდით.
მარად თქვენზე მოფიქრალი სურამელი
პ.ს. ძალიან მომენატრებით, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ ღმერთი არ გაგიწყრეთ და უკან დაბრუნებაზე არც იოცნებოთ.