ვალერი ხაბურძანია: "ინაუგურაციაზე რუსეთს მე წარმოვადგენდი" - კვირის პალიტრა

ვალერი ხაბურძანია: "ინაუგურაციაზე რუსეთს მე წარმოვადგენდი"

ამ დღეებში გავრცელდა გავრცელდა ინფორმაცია, რომ უშიშროების ყოფილი მინისტრი - ვალერიან ხაბურძანია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე საპატიო ლოჟაში იმყოფებოდა... თუ რა სტატუსით დაესწრო იგი ინაუგურაციას, ამ საკითხმა საზოგადოებას ინტერესი გაუღვივა. ჩვენც გადავწყვიტეთ თვითონ აურზაურის ადრესატის, ვალერიან ხაბურძანიასათვის გვეკითხა ინაუგურაციაზე საპატიო ლოჟაში მისი ყოფნის მიზეზი.

- ბატონო ვალერი, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ინაუგურაციაზე საპატიო ლოჟაში იმყოფებოდით...

- მეც მომივიდა ხმები, რომ ამაზე გაცხარებული ჭორაობა მიდის. უნდა გამოვტყდე, ინაუგურაციაზე რუსეთს წარმოვადგენდი და საპატიო ლოჟაშიც ამ სტატუსით ვიყავი. სხვებს ჩამოსვლის შეეშინდათ და მე გამომიშვეს, შენ მაინც მაგათიანი ხარო. ისე, წამოსვლისას სულ თითი ვუქნიე და ოკუპანტები ვეძახე. უნდა გენახათ, როგორ აიბუზნენ, გავაფრთხილე, სხვა დროს არარ შეგეშველებით-მეთქი. ამ ჯერზე, ვალერიან თეიმურაზოვიჩ და მერე გავსწორდებითო. დაველოდოთ.:)

- თქვენ არ მალავთ, რომ რუსეთ-სქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობა გსურთ. რუსულ პოლიტიკურ წრეებში როგორ შეხვდნენ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართვას?

- რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის განახლება მარტო ჩემი სურვილი კი არ არის, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია... აქ პოზიტიურად აღიქვეს პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართვა. ყველაფერი შედარებითია და სააკაშვილის პოლიტუზრდელური რიტორიკის შემდეგ, რა თქმა მარგველაშვილის სიტყვა დადებითად აღიქმება. ჩემი აზრით კი, ახალ ხელისუფლებას ნაციონალების ჩრდილი ადგას თავზე, განსაკუთრებით რუსეთის საკითხში. მე კი მსურს, ჩემი წვლილი შევიტანო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობაში, მაგრამ არ გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებაში სიტყვის მთქმელი ბევრი ნაცნობი და უფრო მეტიც, მეგობარი მყავს, "რუსეთუმეობის" შიშით ჩემით "სარგებლობას" ყველა ერიდება. ესეც ნაციონალების ჩრდილის თემაა, პლუს დასავლეთისადმი ზედმეტად ხარკის მოხდა.

- თავადაც "რუსეთუმედ" მიიჩნევთ თავს?

- ბანალური იქნება, თუ ვიტყვი, რომ ქართველუმე ვარ. საქართველოს წინა ხელისუფლებების შეცდომებმა თუ დანაშაულებებმა, რუსეთის გადაცდომებმა, ისეთი ფონი შექმნეს, უმრავლესობას რუსეთის გაგონებაც აღარ უნდა. ქართველებმა რატომღაც გონებიდან ამოვიგდეთ კარგი კითხვა - რატომ?.. - რატომ ვართ ამ მდგომარეობაში, რატომ არ გვიღებს და გვეთამაშება დასავლეთი, რატომ მივედით რუსეთთან ომამდე, რატომ არ სურთ აფხაზებს და ოსებს ჩვენთან ცხოვრება? თუ დავუკვირდებით, დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას ისევ რუსეთთან მეზობლობა და მეგობრობა ჯობია.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)