მანუჩარ მაჩაიძე: "ქეცბაია არის ფეხბურთის გაგებაში?!" - კვირის პალიტრა

მანუჩარ მაჩაიძე: "ქეცბაია არის ფეხბურთის გაგებაში?!"

"გრძელი გადაცემები, ბურთის სწრაფად მოშორება, მეტოქის ვერ მოტყუება... გაგიგიათ ფეხბურთის თამაში მეტოქის მოტყუების გარეშე?!"

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":

მანუჩარ მაჩაიძე:

- თითქმის 30 წელია, ვეღარ ვთამაშობთ კომბინაციურ თამაშს, რომელიც ტექნიკაზე, მოკლე პასებზე, დრიბლინგზეა დაფუძნებული. ნახეთ, როგორ თამაშობენ "ბარსელონა", "რეალი", სხვა დიდი კლუბები... ეს ყველაფერი ბავშვობიდან უნდა ისწავლო, ჩვენთან კი... კუპერი ლამის გადაირია, როცა ნახა, ჩვენი ფეხბურთელები ორ მეტრში ზუსტ პასს რომ ვერ აკეთებდნენ!

- მაშინ, რაღას ვერჩით თემურ ქეცბაიას, თუ ფეხბურთელს ბურთის გაჩერება, ზუსტი გადაცემის შესრულება არ შეუძლია, მწვრთნელმა რა გააკეთოს?!

- ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ მწვრთნელის ხელიც რომ არ ეტყობა ნაკრებს?! როცა მწვრთნელი ხარ, რაღაცის შეცვლას ხომ უნდა შეეცადო მაინც? ფეხბურთელი ფაცი-ფუცის გარეშე, თავისუფლად უნდა თამაშობდეს, ბურთის დამუშავების, მეტოქის მოტყუების არ უნდა ეშინოდეს... გეშინია? ე.ი. დონე არ გყოფნის. ფეხბურთე-ლისთვის იმაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს, მეტოქე უკნიდან რომ მიეპარება და ბურთს წაართმევს? ეს იმის ბრალია, ქართულ გუნდებს მწვრთნელებად ფიზკულტურის მასწავლებლები რომ ჩამოჰყავთ.

- სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები შეტევას აუცილებლად მოსაგებ მატჩებშიც კი ვერ ახერხებს...

- სამარცხვინო არ არის, გასულ შესარჩევ ციკლში ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ სამი ბურთი რომ გაიტანა? თუ თავდამსხმელი ხარ და გოლი ვერ გაგაქვს, უკან დაიხიე და ნახევარდაცვაში ითამაშე. საყრდენი ნახევარმცველი ვიყავი, მაგრამ ზოგიერთი უვიცი მწვრთნელი გოლებს მაინც მე მთხოვდა! არადა, ხომ ჩამშლელად ვთამაშობდი, 75 ბურთი მაინც მაქვს გატანილი! ბურთი ვერ გაგაქვს, კარში დარტყმა და მეტოქის მოტყუება არ შეგიძლია - რაღა თავდამსხმელი ხარ? თუმცა, ამას სპეციალური ვარჯიშის გარდა, ნიჭიც უნდა - თავდამსხმელად უნდა დაიბადო!

- აღარ იბადებიან საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები?

- იბადებიან, მაგრამ ბავშვობიდან მხოლოდ ის ესმით - ბურთი მალევე მოიშორე, მოწინააღმდეგე არ მოატყუოო. იმ მწვრთნელებს, ვინც ბავშვებს ფინტებს არ ასწავლის და მეტოქის მოტყუებასაც უკრძალავს, საერთოდ უნდა აუკრძალო მუშაობა. ამის გამოა, ზრდასრულ ასაკში ბრინჯივით რომ იბნევიან ბურთის მიღებისას.

- თემურ ქეცბაიასა და ჟურნალისტების შეხვედრას თუ უყურეთ?

- ვნახე და არც მწვრთნელის ქცევა მომეწონა და არც ჟურნალისტების. შეიძლება პირდაპირ ეთერში ასე ლაპარაკი?! კამათიც არაპროფესიონალური იყო. ქეცბაიამ კი უთხრა, ფეხბურთის გაგებაში არ ხართო, მაგრამ თავად არის გაგებაში? პიროვნულად, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ შედეგს ხომ ყველა ვხედავთ? ისე, ქეცბაიას ვეთანხმები - დელ ბოსკე რომ ჩამოიყვანო, დღესდღეობით, საქართვე-ლოს ნაკრებს ისიც ვერ უშველის. სხვათა შორის, დელ ბოსკეს წინააღმდეგ მითამაშია, ჩემზე სამი წლით არის უმცროსი, ორივენი საყრდენი ნახევარმცველი ვიყავით. ძალიან უხეში მოთამაშე იყო, მისი დარტყმული დღემდე მეტყობა ფეხზე.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.