"თემურ, თუ "ჩასარეცხი" ფეხბურთელები გყავს, ნაკრების სათავეში რატომ რჩები?!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"თემურ, თუ "ჩასარეცხი" ფეხბურთელები გყავს, ნაკრების სათავეში რატომ რჩები?!" (ექსკლუზივი)

ზუსტად ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა: "არ მინდა, ეს გადაწყვეტილება ვინმემ ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის"... ვეტერანმა მცველმა, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით 91 მატჩი უთამაშია, მიზეზის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. თუმცა, 18 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თემურ ქეცბაიას განცხადებების შემდეგ, ხიზანა თავად დაუკავშირდა "კვირის პალიტრას":

- დიდი ხანია, ასე არაფერს გავუბრაზებივარ... ვცდილობ ხოლმე, ადამიანის ნებისმიერ საქციელს გამართლება მოვუძებნო, მაგრამ ვეღარ მოვითმინე იმდენი ტყუილი, რაც თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ილაპარაკა. მერე რა, რომ მხოლოდ ამისულაშვილის გვარი ახსენა? ფაქტობრივად, ერთიანად "ჩაგვრეცხა" ყველა ფეხბურთელი... ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ინტერვიუსგან თავს იმიტომ ვიკავებდი, რომ არ მინდოდა "ცალკარას" თამაში. გითხარით კიდეც - კარგი იქნება, თუ ამ თემაზე მწვრთნელის, ფეხბურთელებისა და ჟურნალისტების ერთობლივი შეკრებისას ვილაპარაკებთ-მეთქი, მაგრამ... ქეცბაიამ ისეთი რაღაცები იკადრა, აღარაფერს მოვერიდები... იმის თქმა, ნაკრები მეექვსე ადგილზე იყო დამარხული და მე ამოვთხარეო, არ არის ნაკრების ფეხბურთელების შეურაცხყოფა? მინდა, ფეხბურთის ფედერაცის ვთხოვო: თუ თემურ ქეცბაია თვითონ არ წავა, გაათავისუფლონ! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნება მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიასგან წამოვედი და არა ნაკრებიდან! თუ მიმიწვევენ, ისევ ვითამაშებ...

- ყველაზე მეტად თემურ ქეცბაიას რომელმა ფრაზამ გაგაღიზიანათ?

- როცა იცრუა, თითქოს ალეკო ამისულაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ბიზნესკლასით უნდა ფრენა, დაიღალა და ა.შ. ალეკო არ არის ისეთი კაცი, თავის მართლება დაიწყოს, მაგრამ ჩემი მეგობარია და მაქვს უფლება, მისი და სხვა ფეხბურთელების სახელითაც ვილაპარაკო!

- თუმცა, "ლელოსთან" ინტერვიუში ამისულაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქეცბაიამ მასზე ილაპარაკა, ნაკრებში ვეღარ ითამაშებს...

- იმიტომ, რომ ქეცბაიას ნათქვამისა და ჭორაობის შემდეგ, ალექსანდრე ამისულაშვილი განადგურებულია... სინამდვილეში, მან მართლაც დაურეკა ნაკრების მწვრთნელს, ოღონდ, ბიზნესკლასი არაფერ შუაშია, ალეკოსგან ვიცი, რაც უთხრა: ვხედავ, რომ ნაკრების ახალგაზრდავდება, მალე 32 წლის ვხდები და ჩემთვისაც და ნაკრებისთვისაც უკეთესი იქნება, თუ აღარ გამომიძახებო... თემურმა არ დაუთმო - ნაკრებში კიდევ ორი წელი ვრჩები, მხოლოდ ოფიციალურ მატჩებში გამოგიძახებ, თანაც, ესპანეთთან თამაში ახლოვდებაო. მეც იგივე ვურჩიე - თუ წასვლა გადაწყვეტილი გაქვს, ჯობს, ესპანეთთან თამაშის შემდეგ წახვიდე, სალაპარაკო რომ არ გახდეს-მეთქი. შეთანხმდნენ კიდეც, რომ ამისულაშვილი ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებდა, მაგრამ... ვის ექნება ჩასვლის სურვილი, თუ გაიგებს, რომ მწვრთნელი მის ზურგს უკან იგინება და ჭორაობს?!

- რაში სჭირდება მწვრთნელს ნაკრების ფეხბურთელებზე "ჭორაობა"?

- თემურ ქეცბაია ბუნებით ძალიან ეჭვიანი ადამიანია. სულ ეჩვენება, რომ ყველა მის წინააღმდეგ არის განწყობილი და არავის ენდობა - არც ფეხბურთელებს, არც ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს... ზის პირდაპირ ეთერში და "ცალკარას" გვეთამაშება, რადგან სტუდიაში არც ერთი ისეთი ფეხბურთელი არა ვართ, ვინც შეეპასუხება და ეტყვის სიმართლეს, რომელიც მას ასე ძალიან აღიზიანებს! რა უნდა იფიქროს გულშემატკივარმა ფეხბურთელზე, რომელიც, თითქოს ბიზნესკლასით მგზავრობას ითხოვს?! ერთადაც ბევრჯერ გვიმგზავრია და იცის, რომ პრეტენზია არასდროს გამოგვითქვამს. ეგ კი არა, უნდა შერცხვეს კიდეც, როცა გაიგებს, როგორი ბილეთი აიღო ჩემთვის ფეხბურთის ფედერაციამ, როცა სტამბოლი-პარიზის რეისით საფრანგეთში სათამაშოდ მივფრინავდი.

- რომელი კლასის ბილეთი იყო?

- "Standby Ticket", ანუ სიტყვა-სიტყვით, დასადგომი ბილეთი, რომელსაც მხოლოდ მაშინ გამოიყენებ, თუ რეისი სრულად არ შეივსო და ადგილი გათავისუფლდა! სხვათა შორის, როცა რეისი მთლიანად შეივსო, ბილეთი სფფ-ის პრეს-ატაშე ოთარ გიორგაძემაც გადაცვალა და ჩემთან ერთად დარჩა აეროპორტში... ქეცბაია კი ამისულაშვილს საყვედურობს, 31 წლის ბიჭი ისე რამ დააბერა, ბიზნესკლასი რომ მოინდომაო... მიხეილ სააკაშვილმა, თავის დროზე, ქართული ინტელიგენცია "ჩარეცხა", თემურ ქეცბაიამ - ფეხბურთელები...

- ნაკრების მწვრთნელი ვარჯიშზეც ისეთი ემოციურია, როგორიც ჟურნალისტებთან იყო?

- თემური ერთხელ მაინც თუ დაინტერესდა, რატომ არ ჩამოდის ჯანო ანანიძე? ქეცბაიას ზოგიერთი ფეხბურთელი კი უთმენს გინებას, მაგრამ ყველა ხომ არ მოუთმენს? ანდა, რა გასაკვირია, ქართველმა კაცმა დედის გინება რომ არ მოითმინოს? როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, მომავალ ჩამოსვლაზე ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო, როგორი განწყობით უნდა ითამაშოს?! ასეთ ვითარებაში ნურავის გაუკვირდება, თუ რომელიმე მოთამაშე მოიმიზეზებს, ტრავმა მაქვს და ვერ ჩამოვალო... თემურს ვეთანხმები იმაში, რომ ვისაც ნაკრებში თამაში არ უნდა, არ უნდა გამოიძახო. ბევრი ვიცი ქართველიც და უცხოელიც, ნაკრებს სხვადასხვა მიზეზით რომ არიდებს თავს. მაგალითად, ნიგერიელმა თავდამსხმელმა იაკუბუმ, რომელიც ნაკრების შეკრებაზე მიფრინავდა, ჩემ თვალწინ გადაცვალა ბილეთი და მეგობრის მიპატიჟების შემდეგ, მარბელაზე გაემგზავრა დროის გასატარებლად, ნაკრების მწვრთნელი კი მოატყუა, ტრავმა მაქვსო... მაგრამ ყველა ასეთი ხომ არ არის?

- ახლა მაინც იტყვით გულახდილად, რატომ წახვედით ნაკრებიდან?

- ვიმეორებ, ნაკრებიდან არ წავსულვარ, ქეცბაიას გავერიდე! მწვრთნელთან პრობლემა პირველად 2012 წლის ზაფხულში, ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩის წინ შემიქმნა. ბილეთი უკვე აღებული მქონდა და ნაკრებში წასასვლელად ვემზადებოდი, მაგრამ თამაშამდე სამი-ოთხი დღით ადრე "ბეშიქთაშთან" ამხანაგური მატჩისას მეტოქის ფეხბურთელმა ტერფში ძლიერად ჩამარტყა და ფეხი ისე გამისივდა, "შლოპანცს" ძლივს ვიცვამდი. იმ დროს, "ქაისერის" მწვრთნელი ჯერ კიდევ შოთა არველაძე იყო და მას ვუთხარი, ფეხი ძალიან მტკივა, არადა, ნაკრებში "შლოპანცებით" ხომ არ წავალ-მეთქი? ყინული დაიდე, 24 საათი დავიცადოთ, თუ არ დაცხრა, ქეცბას დავურეკოთ და ავუხსნათ, გერმანელი ხომ არ არის, გაგიგებსო... მეორე დღეს ფეხი უარესად მქონდა, თუმცა, ქეცბაია ვერაფრით დავაჯერე: თუ გავიგე, რომ რამდენიმე დღის მერე კლუბში ითამაშე, ნაკრებში აღარასდროს გამოგიძახებო! ანუ, რომც მომჯობინდე, კლუბში მაინც არ უნდა ითამაშოო! ძალიან გავბრაზდი - ამდენი წელია მიცნობ და ოდესმე მომიტყუებიხარ? გიხსნი, რომ ფეხი მტკივა და თუ არ გამომიძახებ, შენი საქმეა. თუ არ გჯერა, ახლავე წამოვალ და თავად დარწმუნდები-მეთქი. თუ ვერ ითამაშებ, ტყუილად რისთვის უნდა ჩამოხვიდეო... თითქოს დამიჯერა, მაგრამ მაგრამ მერე ტელევიზიით გამოვიდა და მართალია, გვარი არ უთქვამს, მაგრამ აშკარად ჩემს გასაგონად თქვა, ვისაც ნაკრებში ჩამოსვლა არ უნდა, კარგად იყოსო...

მერე? ესპანეთთან მატჩის წინ კაპიტნის სამკლავური ისე ჩამომართვა, სიტყვაც არ უთქვამს... არადა, შეეძლო უბრალოდ ეთქვა: ხიზან, გადავწყვიტე, ამიერიდან კაპიტნად სხვა ავირჩიოო და გავიგებდი. კაპიტანი რომ აღარ ვიყავი, ტელევიზიით შევიტყვე... მეწყინა, მაგრამ მაინც დავრჩი - ნაკრებში სამკლავურისთვის ხომ არ ვთამაშობდი? კაპიტნობამდეც ბევრი მატჩი ჩამიტარებია და არც შემდეგ წავსულვარ... კონფლიქტი ბელორუსიაში თამაშის შემდეგ, გასახდელშიც მოგვივიდა. გია გორგოძეს რომ უთხრა სტუდიაში, ეგ სიტყვები შენგან მოდის, თუ "იმათგანო", მაშინ მეც იგივე მითხრა. ბელორუსებთან გოლი ჩემი შეცდომის გამო გავუშვით და ნამატჩევს ვაღიარე კიდეც - ჩემი ბრალია, შევცდი, თუ გინდათ, ნუღარ გამომიძახებთ-მეთქი... მაგრამ თემურს არ მოეწონა, მგზავრობით უკმაყოფილება რომ გამოვთქვი. არადა, მართლა საშინლად დავიღალეთ - ფინეთიდან ბელორუსიის რომელიღაც ქალაქში ჩავფრინდით, იქიდან მინსკამდე კი ავტობუსით ვიმგზავრეთ და გზაში თითქმის ათი საათი გავატარეთ... ხომ შეიძლებოდა, ცოტა კომფორტული მარშრუტი დაეგეგმათ-მეთქი და მაშინ მითხრა: თბილისიდან გირეკავენ და გეუბნებიან, ფეხბურთელები ააბუნტეო... ისე გავბრაზდი, კინაღამ ხელით შევეხე, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელების ხათრით შევიკავე თავი... არ ვიცი, მისი აზრით ვინ "მირეკავდა", მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ფიქრობს და ამბობს ამას? ასეთი ხასიათი აქვს, თუ განსხვავებული აზრი გამოთქვი, მტრად მიაჩნიხარ...

- ბოლო სანაკრებო მატჩებში გულშემატკივარი ზურაბ ხიზანიშვილსაც ხშირად აკრიტიკებდა... როგორ ფიქრობ, ქეცბაიას გადაწყვეტილებებზე ამანაც ხომ არ იმოქმედა?

- ვინც მიცნობს, იცის, რომ სამართლიან კრიტიკას არ გავურბივარ და შეცდომებსაც ყოველთვის ვაღიარებ. ასე მოვიქეცი ბელორუსიასა და ფინეთთან მატჩების შემდეგაც... საფრანგეთში გამართულ შეხვედრას რაც შეეხება, იმას თუ უწოდებენ "შეცდომას", ერთი-ერთზე რიბერიმ რომ მომატყუა და მეტყვიან, ამის გამო ნაკრებში აღარ უნდა იყოო, კი ბატონო...

- თემურ ქეცბაიას თქმით, ფინეთთან მატჩის წინ ნაკრების ავტობუსში არ ახვედით. ასე იყო?

- საფრანგეთთან თბილისური მატჩის წინ თემურის საქციელი ძალიან მესიამოვნა. მითხრა, ყვითელი ბარათი გაქვს, საფრანგეთთან მეორე გაფრთხილებაც რომ მიიღო, ფინეთთან აუცილებლად მოსაგებ თამაშში დაგვაკლდები, ახლა ამიტომ არ გათამაშებო... საფრანგეთთან 0:0-ის შემდეგ კი დაპირება აღარც გახსენებია. ის მაინც რომ ეთქვა, შემადგენლობა არ შევცვალე და ასე იმიტომ მოვიქეციო, გავუგებდი, მაგრამ არც დამლაპარაკებია... როცა ვნახე, რომ არაფრად ჩამაგდო და მიმანიშნა, წადიო, რაღა უნდა გამეკეთებინა? წამოვედი... თუმცა, როცა ქეცბაია წავა, თუ გამომიძახებენ, ჩამოვალ და ვითამაშებ!

- ჰო, მაგრამ ნაკრების მწვრთნელს ფედერაციასთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს...

- ფედერაციას კიდევ ერთხელ ვთხოვ: ჩამოაშორონ ეს კაცი ნაკრებს! ჰკითხეთ ნაკრების ფეხბურთელებს და თუ უმრავლესობა იმავეს არ გეტყვით, ხმას აღარ ამოვიღებ!

- მაინც, რატომ უნდა წავიდეს თემურ ქეცბაია? თამაშის ხარისხი არა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, შედეგი მაინც ხომ გაუმჯობესდა?

- უპირველესად იმიტომ უნდა წავიდეს, რომ ნაკრებს აღარ უნდა! ფეხბურთელებს აღარ უნდათ, რომ მათი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყოს! ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ... დღეს ის მარტოა და არავის ენდობა, არც თანაშემწე ჰყავს, არც ფიზმომზადების მწვრთნელი...

- ფიქრობთ, რომ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ნაკრები უკეთ ითამაშებს?

- წავიდეს და სხვა მწვრთნელი რას გააკეთებს, გამოჩნდება... თემურს დიდი მადლობა იმისთვის, რაც ქართული ფეხბურთისთვის გაუკეთებია, მაგრამ არანაკლები გაუკეთებიათ სხვებსაც და როცა ამისულაშვილზე ასეთ რაღაცებს ამბობს, გაიხსენოს, რომ თავადაც იყო ფეხბურთელი. ასეთი რამ ქეცბაიაზე რომ ეთქვა ნაკრების მწვრთნელს, ალბათ, თვალებს ამოთხრიდა. ალეკო კი იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, დაურეკოს და ტელეფონით მოსთხოვოს პასუხი.

- მაინც რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა? მწვრთნელი ამბობს, ფეხბურთელები არა გვყავს და შედეგს როგორ ითხოვთო...

- მაშინ, რატომღა რჩება თანამდებობაზე? თუ ფეხბურთელები არა ჰყავს, მით უმეტეს, ახლავე უნდა წავიდეს. ვინც გყავს, მას ენდე და ნუ შეურაცხყოფ იმ მოთამაშეებს, ვინც დღეს ნაკრებში თამაშობენ... ასეთი სიტყვების მერე რა გულით უნდა ითამაშონ ფეხბურთელებმა ნაკრებში? მით უმეტეს, ვინც ჰყავდა, ისინიც გაუშვა. იტალიური და გერმანული კლუბების ფეხბურთელები გაუშვა და ახლა გაიძახის, ფეხბურთელები არა მყავსო... უტიფრობა გამიგია, მაგრამ ასეთი?! თუ მწვრთნელი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელები არა ჰყავს, მე პირიქით ვიტყვი - ჩვენ არა გვყავს მწვრთნელი! მსგავს სახეცვლილებას პირველად ვხედავ - ფეხბურთელი ქეცბაია რადიკალურად განსხვავდება მწვრთნელი ქეცბაიასგან... მე თუ ვიკავებდი თავს ცალმხრივი ინტერვიუსგან, მასაც ეთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისთვის, სტუდიაში ფეხბურთელებიც მოიწვიეო. მაგრამ იმაზეც კი არ თანხმდება, მაყურებლებმა რომ დაურეკონ პირდაპირ ეთერში და პირისპირ დაგვიჯდება?

- სხვათა შორის, პირველი სწორედ თქვენ იყავით, ვინც ნაკრებში პრემირების სისტემაზე ჩამოაგდო სიტყვა...

- თავის დროზე, ჟურნალისტმა მკითხა: შენი აზრით, უნდა იყოს თუ არა ნაკრებში პრემიაო. ვუპასუხე, რომ უნდა იყოს და დავასაბუთე კიდეც, რატომ. ფეხბურთელები არც მიხსენებია, მაგრამ მორაგბეებმა ზედიზედ სამჯერ ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატზე და პრემია ერთხელაც არ ეკუთვნოდათ-მეთქი? ეს იყო და ეს... მთელი კარიერა ევროპაში გავატარე და მინდა, საქართველოშიც იცოდნენ, როგორია ევროპული სტანდარტები, როგორ ცდილობენ იქ მოთამაშეების სტიმულირებას და ა.შ.

რატი შელეგია