ოთარ კობერიძე: დაანებეთ მიხეილ სააკაშვილს თავი! - კვირის პალიტრა

ოთარ კობერიძე: დაანებეთ მიხეილ სააკაშვილს თავი!

17 ნოემბერს საქართველოში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა. ინაუგურაცია პომპეზური არ იყო, მაგრამ კვლავაც ყველაზე აქტუალურ თემად რჩება და აზრთა სხვადასხვაობაც მოჰყვა... ამ საკითხზე თავიანთი შთაბეჭდილებები კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს.

ოთარ კობერიძე:

- ასეა თუ ისე, ინაუგურაცია შედგა. მე მალე 89 წლის გავხდები და საპატიო მიზეზი მაქვს ვერ დავესწრო მსგავს ღონისძიებებს. თავისთავად ცვლილებები კი მომწონს და აუცილებელიც არის. ახალი პრეზიდენტი გვყავს. მისი იმედი მაქვს იმის შემდეგ, რაც გავიგე რომ ფილოსოფოსი ბრძანებულა. გონიერი კაცი ჩანს. მაგრამ სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ქართველებისთვის უღირსი საქციელი, რაც არის დაჭერა, სამაგიეროს გადახდა და ასე შემდეგ... გიორგი მარგველაშვილი უნდა იყოს ისეთი ღირსეული პრეზიდენტი, როგორიც იყო მისი წინამორბედი, ბოლოსდაბოლოს ქვეყანა რომ დამშვიდდეს.

- მისი წინამორბედი რომ არ დაესწრო ინაუგურაციას, ამაზე რას იტყოდით?

- მე არ ვიცი, რატომ არ დაესწრო მიხეილ სააკაშვილი ინაუგურაციას. იქნებ არ არის დარწმუნებული, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ახალი პრეზიდენტი რუსეთის მიმართ... იცით რა, დაანებეთ მიხეილ სააკაშვილს თავი! ამდენი გააკეთა ქვეყნისთვის. შეცდომებიც ჰქონდა, მაგრამ არ შეიძლებოდა, არ ჰქონოდა. ასე მგონია, ხალხს არც ახსოვს, შევარდნაძის დროს რა საზიზღრად, ჭუჭყიანი, ტურტლიანები დავდიოდით. ტვინი გვქონდა გამორეცხილი. ამ დრს გამოჩნდა ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანაში ცხოვრების დონე ასწია, ახალმა სიომ დაჰბერა, აზროვნებაც შეიცვალა... მიშას შეცდომები რომ ჰქონდა, ამის გამოძიებას თავი უნდა დავანებოთ. ახლა ახალი პრეზიდენტი გვყავს და მას მივხედოთ. მე მინდა გამარჯვებული ვნახო ჩვენი ქვეყანა და დაწყნარებული. დაიწყო ახალი და ეპოქა და პირველ რიგში უნდა მიხედონ სოფლის მეურნეობას, პენსიონერებს და ყველა საჭირბოროტო საკითხს.

სტატიის სრული ვერსია გამოქვეყნდება პარასკევს, 22 ნოემბერს.