გურამ ფირცხალავა: "რა, თბილისის მერი მაინცადამაინც ტო-ს უნდა იძახდეს?!"
"მეგრულია საწყისი ჩვენი სახელმწიფოებრიობის."
"აკაკი წერეთლის სიტყვები გაიხსენონ მაგ უწიგნურებმა - მეგრული ენა ქართული სიტყვების სალარო არისო."
საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ უხერხულია, თბილისის მერი მეგრული აქცენტით ლაპარაკობდეს. ამ მოსაზრებას რიგი პოლიტიკოსებიც იზიარებენ.... დავით ნარმანიას აქცენტის გამო გაკრიტიკებას ქართველი მსახიობი - გურამ ფირცხალავა მწვავე შენიშვნით გამოეხმაურა...
გურამ ფირცხალავა:
- ვაი, მის პატრონს უბედურს, ვინც ეგ სიტყვები თქვა. ვინც იგივეს გაიმეორებს, ნებისმიერი მათგანი სულელი იქნება. დალენჩდა ქვეყანა და რას გახდები ადამიანი?! ახლა მეგრული აქცენტი აღარ მოსწონთ თურმე, ვითომ გაევროპელებულებს. აკაკი წერეთლის სიტყვები გაიხსენონ მაგ უწიგნურებმა. აკაკი ამბობს, მეგრული ენა ქართული სიტყვების სალარო არისო. საერთოდ, მეგრულია საწყისი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. კარგი კილოა და პირიქით, უცხო კი არა, ჩვენი მშობლიური კილოა. ჯერ ერთი, დავით ნარმანიას აბსოლუტურად არ აქვს მეგრული კილო, ოდნავაც კი. რომ ჰქონდეს, უკეთესიც იქნებოდა. დაღუპულა მთელი საქართველო, სვანს თუ სვანური კილო არ უნდა ჰქონდეს, ფშაველს ფშავური, კახელს კახური და ასე შემდეგ... ვინ არიან ეს ავადმყოფები, კაცო?!
- თქვენ ვის ისურვებდით ყოფილიყო თბილისი მერი?
- ახლა ისე გავბრაზდი, მხოლოდ დავით ნარმანიას ვისურვებ, რადგან ასეთი რამე გავიგონე მისი მისამართით. მინდა, რომ ის იყოს თბილისის მერი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული მერი იქნება. ორმაგად, ასმაგად მოინდომებს საქმის გაკეთებას, ვიდრე თბილისურად მოსაუბრე ტიპები რომ დადიან. ან ის მითხარით, რა არის თბილისური კილო, რა, მერი მაინცდამაინც ტო-ს უნდა იძახდეს?! ვაი ჩვენ დღეს უბედურს, ეს რომ ჰგონიათ თბილისელობა და საქმის კეთება.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)