გოგი ჭიჭინაძე: "ბეთჰოვენთან "შალახოს" გაჟღერება... ასეთი სიქაჯე ვერ წარმომიდგენია" - კვირის პალიტრა

გოგი ჭიჭინაძე: "ბეთჰოვენთან "შალახოს" გაჟღერება... ასეთი სიქაჯე ვერ წარმომიდგენია"

"ეს ან ხულიგნობაა, ან პროვოკაცია"

"სულიკო" არაჩვეულებრივი სიმღერაა, მაგრამ ეროვნული სიამაყე არ არის"

"ნებისმიერი ქართველი, (რაც არ უნდა იდიოტი იყოს) იგრძნობს, რომ "შალახო" და ის სიტუაცია აბსოლუტურად შეუფერებელი იყო"

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება პარაფირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ვილნიუსიდან იუწყება, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა.

ხელმოწერის ცერემონია ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკის ფონზე, კონკრეტულად, "სულიკოსა" და "შალახოს" მიმდინარეობდა, რამაც ბევრი გააოცა.

გაოცება ვერ დამალა ჩვენთან საუბარში ცნობილმა ქართველმა დირიჟორმა, გოგი ჭიჭინაძემაც.

გოგი ჭიჭინაძე:

- ეტყობა, რაღაც მოხდა, თორემ ვერაფრით წარმომიდგენია, ეს ყველაფერი ოფიციალურ დონეზე ყოფილიყო შეთანხმებული. არ ვიცი, პროტოკოლის მიხედვით რა როგორ ხდება, მაგრამ აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ მოხდა, ეს თავისთავად ცხადია. ოფიციალური ხელმოწერის დროს საქართველოს მხრიდან რომ გაიჟღერა "შალახომ" ან თუნდაც "სულიკომ", ვერც კი ვიჯერებ.

- "სულიკო" ხომ ეროვნულ სიამაყედ ითვლება?

- "სულიკო" არაჩვეულებრივი სიმღერაა, მაგრამ ეროვნული სიამაყე არ არის. "სულიკო" გახლავთ მშვენიერი, სასიამოვნო, ულამაზესი სიმღერა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის ის შედევრი, რომლითაც გამოიხატება ქვეყნის სულიერება. ეროვნული სიამაყე ჩვენ უამრავი გვაქვს - "ჩაკრულო" და ასე შემდეგ... რაც შეეხება ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას, ამას საერთოდ ნუ შევეხებით. ისიც ჩვენი სიამაყეა, რადგან კაცობრიობის სიამაყეა. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიასთან "შალახოს" გაჟღერება კი ან ხულიგნობაა, ან კიდევ პროვოკაცია.. გაოგნებული ვარ. შეურაცხყოფილს ვერ ვამბობ, რადგან აშკარა ხულიგნობა იყო და სერიოზულად ვერ აღვიქვამ... ხეპრეობა იქნებოდა, თუ ამას ვინმე შეგნებულად გააკეთებდა და იტყოდა, მე მჯერა, რომ "სულიკო" და "შალახო" უნდა დაიკრას ასეთი სერიოზული ხელისმოწერის დროს, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიასთან ერთადო. ასეთი სიქაჯე ვერ წარმომიდგენია... ნებისმიერი ქართველი, (რაც არ უნდა იდიოტი იყოს) იგრძნობს, რომ "შალახო და ის სიტუაცია აბსოლუტურად შეუფერებელი იყო. ვიღაც უგემოვნო შეიძლება ფიქრობდეს, რომ "შალახო" არის მუსიკალური შედევრი, მაგრამ ისიც კი მიხვდება, რომ დაუშვებელია ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის გვერდით დააყენო. ბოლოს და ბოლოს იმას მაინც ხომ აუცილებლად მოისაზრებს, რომ ასეთი ხელისმოწერის დროს არ დაუკრას. თუ ბეთჰოვენთან ვერ იგრძნობს შეუსაბამობას, სიტუაციასთან მაინც იგრძნობს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რომელიც ვიღაც უსინდისომ იკადრა.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)