მაიას მიწისქვეშა ლაბირინთები - კვირის პალიტრა

მაიას მიწისქვეშა ლაბირინთები

იუკატანის ნახევარკუნძულზე სპეციალისტები ლაბირინთების აქამდე უცნობ სისტემას იკვლევენ, რომელიც ქვის პირამიდებისა და მცირე ტაძრებისგან შედგება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მაიას ტომები უნიკალურ ნაგებობებს არა მხოლოდ მიწის ზემოთ, მიწისქვეშაც აშენებდნენ. მათი დიდი უმრავლესობა კი ჯერაც მიუკვლეველია.

"ჩვენ გვირაბებისა და ლაბირინთების პრაქტიკულად მთელი, სავარაუდო სქემა გვაქვს. მათი ნაწილი წყალზე გასასვლელია, ნაწილი კი წყალსატევების ქვეშ გადის", _ ამბობს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გილერმო დე ანდა.

ლაბირინთები საკმაოდ გრძელია და 14 მღვიმეს აერთებს. მათი ნაწილი უკვე დაძირულია.

მეცნიერები ამბობენ, რომ მაიას რწმენით, გარდაცვლილის სულს გვირაბში ძაღლი აცილებდა და მას მრავალი გამოცდის გავლაში ეხმარებოდა, რომლის შემდეგ სული გარდაცვლილთა სამყაროში საბოლოოდ გადადიოდა.

მკვლევრებს უჩვეულოდ ის ფაქტი ეჩვენებათ, რომ ზოგიერთი მღვიმე, რომელიც თანამედროვე გვატემალის ტერიტორიაზეა, მიწის ზედაპირზე ამოდის. რისთვის შეიძლება დასჭირვებოდა გარდაცვლილის სულს მიწაზე ამოსვლა, მეცნიერებს ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ.

ბოსტონის უნივერსიტეტის ექსპერტი, მაიას ტომების მკვლევარი უილიამ სატურნო მიიჩნევს, რომ ეს იყო პორტალი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, სადაც შესაძლებელია ცოცხლის დაკარგვა და მკვდრის პოვნა. მას მაიას ტომებისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა.

ლაბირინთების ერთ სისტემაში მეცნიერებმა 90-მეტრიან გზას მიაკვლიეს, რომელიც კოლონებითა და წყალსაცავით სრულდება. ეს ლაბირინთი ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე გადის. მათ შორის მექსიკის, გვატემალისა და ჩრდილოეთი ბელიზის.

არქეოლოგთა შეფასებით, ლაბირინთების უმეტესობა 250-900 წლებში აშენდა. აღსანიშნავია, რომ მაიას ცივილიზაციის ყველა კვალი სწორედ დროის ამ ბოლო მონაკვეთში წყდება.

მექსიკელი არქეოლოგები ახლა ტაძრებსა და პირამიდებს იკვლევენ, რომელთაც ქალაქ მერიდასთან მდებარე ლაბირინთების სისტემა აერთიანებს. ყველაზე ძველი ნაგებობა აქ 1900 წლისაა. დანარჩენები 750-850 წლებში აშენდა.

"აქ გვხვდება ქვები, უზარმაზარი კოლონები და ღვთის მსახურთა სკულპტურები. ეს ყველაფერი მხოლოდ მღვიმეებშია", _ ამბობს გილერმო დე ანდა. მისმა ექსპედიციამ კერამიკისა და ადამიანის ნაშთებსაც მიაკვლია.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ტაძრები მიწის ზემოთ და მღვიმეები მათ ქვეშ, ერთდროულად შენდებოდა. კომპლექსის მიწისზედა ნაწილი ცოცხლებისთვის, ქვედა კი გარდაცვლილთათვის იყო განკუთვნილი. ამის მიუხედავად, მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ თავდაპირველად ტაძრები აშენდა. ლაბირინთი და მღვიმეები კი, მოგვიანებით _ მას შემდეგ, რაც მაიას ტომებში გაჩნდა მითი იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ.

მომზადებულია National Geographic-ისა და Reuters-ის მასალების მიხედვით.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”