კუსტურიცა: უკრაინას დემოკრატიისკენ ევროკავშირი კი არა, რუსეთი წაიყვანს! - კვირის პალიტრა

კუსტურიცა: უკრაინას დემოკრატიისკენ ევროკავშირი კი არა, რუსეთი წაიყვანს!

ცნობილი სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა დარწმუნებულია, რომ უკრაინის მომავალი რუსეთთან თანამშრომლობაშია.

 

მისი აზრით, ევროპულ კურსზე მეტად, სწორედ რუსეთთან თანამშრომლობის შედეგად გახდება უკრაინა უფრო დემოკრატიული ქვეყანა. არჩევანს ევროკავშირსა და რუსეთის მიერ ინიცირებულ საბაჟო კავშირს შორის კუსტურიცამ გამოგონილი უწოდა.

”ჩემი აზრით, აქ არაფერია ასარჩევი. თქვენ რუსულად ლაპარაკობთ, რუსული კულტურის ნაწილი ხართ. თქვენი მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია. გარკვეულწილად, რუსეთის წარმოშობა კიევს უკავშირდება. და ახლა კი ცდილობთ გადაწყვიტოთ, წახვიდეთ ევროპისკენ თუ არა? ”ომსა და მშვიდობაში” ერთ-ერთი პერსონაჟი კითხულობს: როდისღა მოვა ნაპოლეონი და გარდაქმნის რუსებს ევროპელებადო? ეს არასოდეს არ მოხდება. თქვენ უკვე ხართ ევროპაში.” - განუცხადა კუსტურიცამ უკრაინულ გაზეთს.

სერბმა რეჟისორმა უკრაინელებს იმ საშიშროებებზეც მიუთითა, რომლებიც თან ახლავს თანამედროვე ტიპის დასავლური დემოკრატიას.

”დემოკრატია კვდება. ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ადამიანთა გონება შეცვალა. დემოკრატია ჭირდებათ იმ იმპერიალისტ ქვეყნებს, რომელთაც მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურთ, რადგან დემოკრატია ამას შესაძლებელს ხდის. დემოკრატიის ალტერნატივად შეიძლება სოციალური რევოლუცია ჩაითვალოს, რომელიც უკვე მიმდინარეობს თქვენს ქვეყანაში. უკრაინა უკვე იმდენად დემოკრატიულია, რამდენადაც საჭიროა. მაგრამ ათი წლის შემდეგ უფრო დემოკრატიულები იქნებით, თუ რუსეთთან დარჩებით, ვიდრე მაშინ, თუ ევროპისგან თავსმოხვეულ დემოკრატიას მიიღებთ.” - ამბობს კუსტურიცა.