ომბუდსმენის ავი პროგნოზი: "ვიღაცას ძალიან შეეშინდა" (ექსკლუზივი)
"ბოლომდე არ არის მიყვანილი არც ერთი გახმაურებული საქმე"
" უკან დასახევი გზა, ვფიქრობ, აღარ არსებობს.
"დანაპირები თუ არ შესრულდა, ამას შესაძლოა ცუდი შედეგი მოჰყვეს"
ხელისუფლების მიერ დაპირებული მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნა გადაიდო. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წლის იანვრიდან დაიწყო და მას უკანონობის მსხვერპლი ათასობით ადამიანის ბედი უნდა გადაეწყვიტა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადავადების მიზეზად ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დაასახელა. საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნაზე უარის თქმა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს დაუშვებლად მიაჩნია, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას უკან დასახევი გზა არა აქვს და მალე თავად მიმართავს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი მექანიზმის შექმნის მოთხოვნით.
- ბატონო უჩა, საპატიმროებში ჯერ კიდევ რჩებიან წინა ხელისუფლების პერიოდში უსამართლოდ დაკავებული ადამიანები, რომლებიც სამართლიან გადაწყვეტილებებს და საქმეების გადახედვას ითხოვენ. სულ ახლახან კი იუსტიციის მინისტრმა დაპირებული მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადავადების შესახებ გვაუწყა. ხომ არ ნიშნავს ეს ირიბ უარს ამ ინიციატივაზე?
უჩა ნანუაშვილი:
- გაურკვეველი დროით გადავადება, რა თქმა უნდა, აჩენს ეჭვს, ხომ არ ამბობს მთავრობა უარს ამ პროცესის გაგრძელებაზე? კომისიის შექმნა იყო ლეგიტიმური მოლოდინი მოსახლეობისგან. არაერთხელ ითქვა, რომ სამინისტრო ამზადებდა კანონს და აპირებდა ამ საკითხის გადაწყვეტას. ვინაიდან ეს არ მოხდა, ჩვენ ვიტოვებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომ თვითონ მივმართოთ პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით, რათა იქ დაიწყოს დისკუსია და შეიქმნასგარკვეული მექანიზმი.
- დამეთანხმებით, რომ გახმაურებული საქმეების გამოძიება და განაჩენების გადახედვა ახალი მთავრობის ღირსების საქმეა, ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამ პროცესს შეგნებულად ამუხრუჭებს?
- სამართლიანობის აღდგენა მართლაც ხელისუფლების ღირსების საქმეა. სწორედ ამ დაპირების საფუძველზე მოვიდა კოალიცია "ქართული ოცნება" ხელისუფლების სათავეში. ეს დანაპირები არის ერთგვარი კაპიტალი და ის თუ არ შესრულდა, ამას შესაძლოა ცუდი შედეგი მოჰყვეს. ეს პროცესი რაღაც ფორმით უნდა დაიძრას, უკან დასახევი გზა, ვფიქრობ, აღარ არსებობს. ამ საკითხის ასე გაურკვევლად გადადება დაუშვებელია. ვენეციის კომისიის დასკვნაში ლაპარაკია იმაზე, რომ მართლმსაჯულების კომისია არ უნდა იყოს ახალი სასამართლო ორგანო, რასაც ჩვენც ვიზიარებთ. შეიძლება რაღაც მექანიზმის მოფიქრება, მაგალითად, მართლმსაჯულების რომელიმე ორგანომ განიხილოს ეს საქმეები. ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის ანგარიშშიც კი პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოში უსამართლობის მსხვერპლთათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენა. არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი მექანიზმი და როგორი მოდელი დამტკიცდება საბოლოოდ. არ ვიცი, საით მიდის პროცესები, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცას ძალიან შეეშინდა იმ შედეგების, რაც შეიძლება ამ პროცესმა გამოიწვიოს.
- რას გულისხმობთ? ვის რისი შეეშინდა?
- გადავადების მიზეზად დასახელდა ფინანსური მხარე და კომპენსაციები. გამოდის, ამ კომისიის შექმნის შეჩერების ერთადერთი მიზეზი ის ყოფილა, რომ ქვეყანა მზად არ არის მოსალოდნელი კომპენსაციების გასაცემად, მაგრამ ეს პასუხი ჩემთვის გაუგებარია - ჯერ არავის დაუთვლია, ზოგადად რა თანხაზეა ლაპარაკი, არც ის, თუ ვინ მოითხოვს კომპენსაციას. ვიცი ბევრი ადამიანი, რომელიც ფინანსურ კომპენსაციას კი არა, საქმის გადახედვას, გათავისუფლებას, ან თუნდაც, სახელის რეაბილიტაციას - ნასამართლობის სტატუსის მოხსნას მოითხოვს. სამწუხაროდ, დღესდღეობით ხელისუფლების მხრიდან ეს პროცესი შეჩერებულია, რაც დაუშვებელია. ვფიქრობ, ეს სადღაც პოლიტიკური საკითხიც არის.
- ამას წინათ ბრძანეთ, ხალხი შერჩევით სამართალზე საუბრობს, მე კი პასუხი არ მაქვსო. დღეს თუ გაქვთ ამაზე პასუხი?
- იმისათვის, რომ ამ მოსაზრებას გამოეცალოს საფუძველი და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ საქართველოში გაგრძელდა შერჩევითი სამართალი, მნიშვნელოვანი და აუცილებელია მექანიზმის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრ საქმეს და გამოძიებას წასწევს წინ. დღესდღეობით არის საქმეები, რომლებზეც რეაგირება ნაკლებად ან დაგვიანებით ხდება. მოქალაქების თქმით, აქამდე ძირითადად ის საქმეები გამოიძიეს, რომელთანაც "ქართული ოცნება" იყო დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე არ არის მიყვანილი არც ერთი გახმაურებული საქმე.
სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.