მამა ილია: "როცა ერი მშიერია, 100 000-იანი მანქანით არ უნდა იაროს არც სასულიერო და არც საერო პირმა"
მამა ილია ჩიკვაიძე ქარელის რაიონში, წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში მსახურობს. ის ჟურნალ "საქართველოს მოამბის" მთავარი რედაქტორია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.
ერთ-ერთი ქადაგებისას მოძღვარმა მარხვის მნიშვნელობაზე და ფარისევლობაზე ისაუბრა. მან საერო და სასულიერო პირების მიერ ძვირადღირებული ავტომანქანების გამოყენება უარყოფითად შეაფასა. როგორც მამა ილიამ ქადაგებისას აღნიშნა, როცა ერი მშიერია, სასულიერო პირები 100 ათასიანი დოლარიანი ავტომანქანებით არ უნდა დადიოდნენ.
"მარხვის დარღვევაა, როცა 100 000-იანი ჯიპით დადიხარ სასულიერო პირი, ეს არ შეიძლება, დაუშვებელია. როცა ერი მშიერია, 100 000-იანი მანქანით არ უნდა იაროს არც სასულიერო და არც საერო პირმა. არც საერო პირს არა აქვს ამის უფლება, როცა ერი გაუბედურებულია. რა მნიშვნელობა აქვს მაშ მარხვას, თუ 5 ლარიან ბადრიჯნის ფხალს მიირთმევ და შენს გვერდით ვიღაცა მშიერი კვდება, რანაირი მარხვაა? ასეთ მარხვას ღმერთი კი არ შეიწირავს, რისხვას მოგაწევს. მარხვა მაშინ იქნება, როცა 100 000-იან მანქანას გაყიდი, 5 000-იანს იყიდი და 95 000–ს შენც მოიხმარ, მრევლსაც მოახმარ, შენს ოჯახსაც და ეკლესიასაც, ესაა სარწმუნეობა. თუ ერისკაცი ხარ კიდევ, 5 000-იანს დაიტოვებს, დანარჩენს შენს ოჯახს მოახმარებ და შენს გარშემო ღატაკებს სიცოცხლეს გაუხარებ.
მაკეტურია ჩვენი რწმენა, ჩვენ არა ვართ მორწმუნეები, ჩვენ ვართ ფარისევლები, ესაა ფარისევლობა სხვა კი არაფერი. სიმართლე უნდა ითქვას, თუ არ ითქვა, მაშინ ღმერთი არ იტყვის ჩვენზე წყალობას და დავიჯერებთ, რომ ვართ გაბრწყინებული ერი. არა ვართ გაბრწყინებული ერი, ჩვენ ვართ ცოდვებში მყოფი ერი.
რა 100 000-იანი მანქანა, მოდი გაანაწილე რა კაცო, საქართველოში გაჭირვება აღარ იქნებოდა, ეს ხალხი გაიხარებს", - აცხადებს მამა ილია ჩიკვაიძე.იხ. ვიდეო palitratv-ზე