თვითმმართველობის კოდექსი - სეპარატიზმის საფრთხე თუ "ნაკურთხი კანონების" დასაწყისი - კვირის პალიტრა

თვითმმართველობის კოდექსი - სეპარატიზმის საფრთხე თუ "ნაკურთხი კანონების" დასაწყისი

"ჯერ თავში იდეის გაჩენა უნდა შევათანხმოთ საპატრიარქოსთან... ნაკურთხი უნდა იყოს კანონები"

"კორძაიას უთხარით, ჭკვიანად იყოს... უი დედა, მაგას გაჩენის დღე ხომ არ უნდა დავავიწყო?"

"მანდატი კი არა, პატრიარქი ყველა მანდატზე დიდია..."

"გადაჭარბებულია შეფასება, თითქოსდა ეს კოდექსი ქვეყნის დაშლას გამოიწვევს "

უკვე მერამდენე დღეა თვითმმართველობის კოდექსი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, თუ თვითმმართველობის კოდექსი განხორციელდება, ქვეყანა დაიშლება... პატრიარქის განცხადებამ კიდევ ერთი დიდი ბიძგი მისცა ამ ინიციატივის მიმართ ცხოველ ინტერესსა და ხელისუფლების კრიტიკას. საზოგადოების წევრებმა, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებმა, ირონიული შეფასებებიც არ დაიშურეს.

პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებების შექმნას ავტონომიური ერთეულის ჩამოყალიბებასთან აიგივებს და მასში სეპარატიზმის ხელშეწყობის საფრთხეს ხედავს...

თავის პოზიციას ფეისბუქით ახმოვანებს არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია:

"უნდა შემოვიღოთ კანონშემოქმედებაში ახალი ეტაპი, საპატრიარქოსთან შეთანხმება. მერე პრობლემები, რომ არ იყოს, ჯერ თავში იდეის გაჩენა შევათანხმოთ, მერე ამ იდეის გაჟღერება, მერე გაჟღერებული იდეის ქაღალდზე გადმოტანა, მერე პროექტი გავაგზავნოთ, მერე პარლამენტში თითო მოსმენის წინ კიდე. ნუ მარტივად რომ ვთქვათ, ნაკურთხი უნდა იყოს კანონები" - ამბობს ის.

-"კორძაიას უთხარით, ჭკვიანად იყოს, - წერს არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი "ფეისბუქში" უმრავლესობის წევრის, თამარ კორძაიას შესახებ. მისი თქმით, უმრავლესობის წევრი, რომელმაც პატრიარქის მოსაზრების მიმართ უნდობლობა გამოხატა, "დაუკრეფავში გადადის - "უი დედა, მაგას გაჩენის დღე ხომ არ უნდა დავავიწყო", -წერს არქიმანდრიტი.

შეგახსენებთ, რომ არქიმანდრიტი მამა ბართლომე ფირცხალაშვილია ადრეც მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მან "ფეისბუქში" პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტიის წევრები დაწყევლა.

თამარ კორძაიას საქციელის გამო წყრომას ვერ მალავს უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანიც:

" მსგავსი ცინიზმი, რაც თამარ კორძაიამ იკადრა, მეორე არ მინახავს. ეს იცით, როგორი რამეა? ვერ გადმოგცემთ ახლა ჩემს აღშფოთებას. მიუხედავად მის მიმართ დიდი პატივისცემისა, მან გაბედა, პატრიარქს მანდატი უხსენა. მანდატი კი არა, პატრიარქი ყველა მანდატზე დიდია... რაც ახლა ვთქვი, ამას გავიმეორებ იქაც, პარლამენტის ტრიბუნასთან. მუშტი-კრივს ვერ გავმართავ ქალთან... მე საქმეს ყოველთვის ოჯახში ვარკვევ, სანამ გარეთ გავარჩევ საზოგადოდ. მსგავსი ცინიზმი როგორ გაბედა მან? როგორ აკადრა პატრიარქს ასეთი ცინიკური შედარებები?! ძალიან გავღიზიანდი. ვერავის დავუშლი ლაპარაკს, მაგრამ ყველა საკითხს პატრიარქს უნდა ვუთანხმებდეთ სულიერების გადასარჩენად. როცა პატრიარქის მიმართ განცხადებას აკეთებ, მორალურ ჩარჩოში მაინც უნდა ჩაჯდე. უწმინდესი ჩემთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტია, თუკი ვინმე არსებობს. დეპუტატს არ ჰქონდა უფლება, ასეთი განცხადება გაეკეთებინა მისი მისამართით. "

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი მანანა კობახიძე კი, კანონპროექტში საფრთხის შემცველს ვერაფერს ხედავს და ამბობს, ასეთი განცხადებები საზოგადოების დაშინებას ემსახურება...

მანანა კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე:

- არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც ქვეყნის მთლიანობას საფრთხეს შეუქმნის. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ გადაჭარბებულია შეფასება, თითქოსდა ეს კოდექსი ქვეყნის დაშლას გამოიწვევს. შესაძლოა, პატრიარქს ასეთი პოზიცია არასწორად ან გაზვიადებულად მიწოდებული ინფორმაციის გამო ჩამოუყალიბდა. მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და მას დეტალურად გავივლით და შევაჯერებთ. თუ რაიმე საფრთხის შემცველი იქნება, აუცილებლად გავითვალისწინებთ და შევცვლით, რომელ ჭკუათმყოფელს უნდა ასეთი პრობლემის წარმოქმნა. თუმცა, აუცილებლად საჭიროა ქვეყანაში თვითმმართველობა განვითარდეს.  ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. იმაზე მეტი თვიმმართველი ერთეული გვჭირდება, ვიდრე დღეს გვაქვს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ქალაქებს არჩეული მერი ჰყავთ და ამაში საპანიკო არაფერია.

- საზოგადოებაში შიშობენ, რომ გარკვეულ რეგიონებში, კერძოდ ჯავახეთსა და მარნეულში, კანონპროექტმა შესაძლოა სეპარატიზმის გაღვივებას შეუწყოს ხელი...

- ეს არის აბსოლიტურად არასწორად გაგებული, და არ შეიძლება ასეთი ფორმულირებებით საზოგადოება დააშინონ. ამ ქვეყნისთვის ცუდი არავის გვინდა და თუ მაინც რამე საფრთხე დაინახა ვინმემ ამაში, მათ შორის, პატრიარქმაც, რადგან მასაც შეიძლება გააჩნდეს აზრი ამა თუ იმ კანონზე, როგორც სხვა მოქალაქეებს, მათი აზრი ჩვენთვის ყურადსაღებია. ჩვენი ხელისუფლება იმით განსხვავდება წინისგან, რომ საზოგადოებას ვუსმენთ. შესაძლოა, განხილვები გაგრძელდეს და აზრი შევაჯეროთ... დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ისეთ კანონს მივიღებთ, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს, რადგან არ შეიძლება, 4-5 ქალაქი იყოს ქვეყანაში და მთელი რესურსი რამდენიმე ცენტრალურ ქალაქზე იხარჯებოდეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)