"ჩემი პატრიარქი!” - ლევან ვასაძის პირადი წერილი პარტიარქს - კვირის პალიტრა

"ჩემი პატრიარქი!” - ლევან ვასაძის პირადი წერილი პარტიარქს

საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში დღეს ხელნაწერი წიგნ-ალბომის "წერილები პატრიარქს" მეორე ნაწილის პრეზენტაცია შედგა.

წიგნში წმინდა სინოდის წევრების, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, ხელოვანების პატრიარქისადმი ხელნაწერი წერილებია დაბეჭდილი, სადაც ისინი უწმინდეს საკუთარ სიხარულს, წარმატებას და ტკივილს უზიარებენ. კერძოდ, წიგნში შესულია ბიძინა ივანიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ელდარ შენგელაიას, რეზო ჩხეიძის, ლევან ვასაძის და სხვების ხელნაწერი წერილები.

გთავაზობთ ლევან ვასაძის პატრიარქისადმი მიწერილ პირად წერილს.

"ჩემი პატრიარქი!

როგორი იქნებოდა ჩემი სამყარო მის გარეშე? რაოდენ გაიზრდებოდა უფსკრული სინამდვილესა და სიწმინდეს შორის? სად შევხვდებოდი ანარეკლებს ზეცისა და სად ვიგრძნობდი სამოთხისებურ სურნელებას მირონმდინარე ამბიონებისა?

როგორ ვირწმუნებდი არსებობას ადგილისა, სადაც აღარ იტირებს ჩემი სამშობლო, სადაც მშობელი შვილს არ დაჰკარგავს და სადაც მე აღარავის ვაწყენინებ?

რით დავიმსახურეთ ქართველებმა ეს წყალობა? და თუ არაფრით არ დაგვიმსახურებია, რით ამოვიდეთ უფლის ამ ვალიდანაც ოდნავ მაინც? იქნებ, სათუთი გაფრთხილებით ამ ღვთიური საჩუქრისა, იქნებ მორჩილებით მის მიერ დადგინებული განწესებისა, იქნებ, დაბრუნებით ჭეშმარიტი სიცოცხლის წყაროსთან, სადაც ის მომღიმარე და მიმტევებელი თვალებით გველოდება მარად?

ჩემი უსამარცხვინოესი საქციელების მიღმაც კი, სადაც ავსული მიჩურჩულებს ეჭვებს და სადაც ადამიანს აღარაფრის თავი აღარ გაქვს, მე მპატრონობს და სიმხნევის დაკარგვის უფლებას არ მაძლევს ჩემი მამა. ის მგონი ლომი უფროა, ვიდრე ადამიანი, დამდობი ყველა მონანულისა და უდრეკი თავისი შვილების მტრებთან...

... ტუჩებდამშრალი და მირაჟებისგან გათანგული მონის ლასლასი უსულობის უდაბნოში იმ ოაზისთან მთავრდება, რომელსაც ჩემი პატრიარქი ქვია. ვუცქერ ამ ოაზისს და ხარობს ჩემი გული ონიქსის შადრევნებიდან მორაკრაკე ლაჟვარდის ფერით...

იხ. ვრცლად