პუტინი: "ილია ჭავჭავაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსული კულტურის განვითარებაში"
პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175 წლის შესრულების აღსანიშნავად "ილიას დღეები" ტარდება, სადაც ცნობილი რუსი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე საუბრობენ. "დღეები ეძღვნება დიდი ქართველი მწერლის, მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული წმინდა ილია მართლის 175 წლის იუბილეს" - ნათქვამია უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საზეიმო განცხადებაში.
"ილიას დღეები" რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კულტურული ურთიერთობის საკითხებში, მიხეილ შვიდკოიმ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ვლადიმირ პუტინის გზავნილი წაუკითხა.
"ილია ჭავჭავაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსული კულტურის განვითარებაში, მეგობრობისა და კეთილი მეზობლობის იმ დიდებული ტრადიციების შენახვა-გამდიდრებაში, რომლებიც საუკუნეებია, აკავშირებს ჩვენს ხალხებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართველებისა და რუსების დღევანდელი თაობა პატივს მიაგებს წინაპართა ხსოვნას, და ბევრი რამ კეთდება ჩვენს შორის გულწრფელი, ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, რაც ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიის განვითარებას." - ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.