ძაღლები, რომლებიც ბავშვებზე უკეთესად ცხოვრობენ
"ჩვენს პედაგოგებს იმაზე მეტად უყვართ ძაღლები, ვიდრე საბავშვო ბაღის მასწავლებელს ბავშვები"
"პატრონი რა პირობებშიც ცხოვრობს, ძაღლებსაც იგივე პირობებში ვაცხოვრებთ."
"ჩასხდებიან მიკროავტობუსში, თავიანთ ადგილს დაიკავებენ, ღვედებს "გაიკეთებენ" და ბაღამდე ასე სხედან. "
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თბილისში არსებობს ძაღლების ბაღი, სადაც მდიდარ და დაკავებულ ადამიანებს შეუძლიათ, შინაური ცხოველები ყოველდღიურად ატარონ. ისინი საუკეთესო პირობებში ცხოვრობენ და სწავლისა და განვითარების უკეთესი საშუალება აქვთ, ვიდრე ზოგიერთ ბავშვს. ამ თემაზე დაწვრილებით ძაღლების ბაღის მენეჯერს, ნათია ბურჯალიანს ვესაუბრე.
- როგორ გაჩნდა იდეა, ძაღლების ბაღი დაგეარსებინათ?
- ადამიანს, რომელიც დაკავებულია, დრო არ რჩება ლეკვის გასაწვრთნელად. პატრონი მთელი დღე გასულია შინიდან, ძაღლი მარტოა, მან უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება ავეჯისა და სხვა საოჯახო ნივთების გაფუჭება და დაღრღნა; რომ ოთახში კი არა,
გარეთ უნდა მოისაქმოს. სწორედ ამისთვისაა საჭირო ბაღში სიარული. ჩვენი ბაღი ეზოიან სახლშია განთავსებული. იდეა კი 7 თვის წინ გაჩნდა. აქ ძაღლები ორ ჯგუფად არიან გაყოფილი. ლეკვები 3 თვიდან მიიღებიან. მათ ჯანმრთელობას კი ჩვენი ვეტერინარი ამოწმებს.
- ბაღში ლიმიტირებული მიღების საათები გაქვთ?
- ბაღს საკუთარი ტრანსპორტი - მიკროავტობუსი ემსახურება, ძაღლების აყვანას 8 საათიდან ვიწყებთ. დაახლოებით 9-ზე უკვე ყველა ძაღლი მანქანაში ზის. საღამოსაც 8-დან 9 საათამდე ვაბრუნებთ სახლებში. მთელი დღის განმავლობაში ბაღში თამაშობენ, სეირნობენ, ჭამენ...
- მათთვის ალბათ კვალიფიციური პედაგოგები გყავთ შერჩეული...
- რასაკვირველია, ამ საკითხს საკმაოდ მკაცრად ვუდგებით. ჩვენთან მომუშავე ადამიანს, პირველ რიგში, ცხოველები უნდა უყვარდეს და მათი მოვლის დიდი გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ თითოეულ ჩვენს თანამშრომელს 3-4 ძაღლი მაინც ჰყავდეს. გარდა ამისა, ჩვენთან თანამშრომლობის მსურველებს სპეციალურ ტრენინგს ვუტარებთ, რათა ისინი გადავამზადოთ და ჩვენი ბაღისთვის უფრო კვალიფიციური თანამშრომლები გახდნენ. ეს ძალიან რთული სამსახურია, ბავშვის მოვლაზე რთულიც კი...
- ბავშვისგან განსხვავებით, ძაღლი არ წაიქცევა და თავს მაინც არ დაარტყამს...
- როგორ გეკადრება?! წაიქცევა კიდეც და ბევრ რამესაც იტკენს. ძაღლს სულ უნდა უყურო. მუდმივი დაკვირვების ქვეშ უნდა გყავდეს.
- თითო ჯგუფთან თითო პედაგოგი მუშაობს?
- არა, მათთან მინიმუმ ორი ადამიანი მაინც უნდა იყოს. ჩვენი ბაღი წვრთნას არ ითვალისწინებს. ჩვენ მათ იქ მხოლოდ ვუვლით. თუმცა, გვაქვს რამდენიმე პუნქტი, რომელსაც ვასწავლით. ძაღლის წვრთნა 6 თვიდან იწყება. მანამდე კი მათ ვასწავლით, რომ ოთახში არ უნდა მოისაქმონ, ავეჯი და სხვა ნივთები არ დაღრღნან და შეჭამონ. ვასეირნებთ. მათ მკაცრი განრიგი აქვთ, რომ ერთსა და იმავე დროს გავიდნენ სასეირნოდ. ასევე, ძაღლმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ყველას პერსონალური ლოგინი აქვს და იციან, რომელი რომლისაა, თუმცა სულ პრობლემა გვაქვს - ყველას ერთმანეთის ლოგინში უნდა დაწოლა. ამიტომ, პატრონებს ვთხოვთ, ეს ლოგინები სახლიდან არ მოიტანონ.
- დღის განმავლობაში თქვენი აღსაზრდელები სასადილოში იკვებებიან?
- კი, ერთი ოთახი გვაქვს გამოყოფილი, სადაც მორიგეობით ჭამენ. ჭამის დროს პატარებს მაინც თავზე უნდა ედგეს ვინმე, რადგან
დანაყრებულიც რომ იყოს, სხვას მაინც შეუჭამს. საკვები პატრონს თვითონ მოაქვს. კვების განრიგიც თითოეულ ძაღლს ისეთივე აქვს, როგორიც სახლში. პატრონი რა პირობებშიც ცხოვრობს, იგივე პირობებში ვაცხოვრებთ. თუ პატრონი გვეტყვის, რომ ის დღეში ოთხჯერ აჭმევს, ჩვენც ასე ვიქცევით. თუ პირველ საათზე ასეირნებს, ჩვენც იმ დროს გაგვყავს სასეირნოდ. ისეთი შემთხვევაც ხშირია, როცა მოჰყავთ 4-5 თვის ასაკის, განუვითარებელი ძაღლები. ასეთ შემთხვევაში ექიმის რჩევას ვითვალისწინებთ - თუ გვეტყვის, რომ მისი ფიზიკური დატვირთვისთვის დღეში სამი საათია საჭირო, ის ძაღლი სამი საათი გარანტირებულად გარეთ არის და სეირნობს.
- პედაგოგებს როგორი დამოკიდებულება აქვთ ძაღლებთან? ადამიანურ გრძნობებს ვგულისხმობ, გამორჩეული დამოკიდებულება თუ უჩნდებათ რომელიმე მათგანთან...
- გულახდილად გეტყვი: ჩვენს პედაგოგებს იმაზე მეტად უყვართ ძაღლები, ვიდრე საბავშვო ბაღის მასწავლებელს ბავშვები. ისე ნამდვილად არ ხდება, რომ რომელიმე მათგანი გამოარჩიონ და მეტი ყურადღება მიაქციონ. ეს არც შეიძლება. თვითონ ძაღლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ზოგი მეტად თბილია, ზოგი - არა. ყველა მათგანს ინდივიდუალური ხასიათი აქვს. მომვლელები იცავენ ბალანსს.
- არ უბრაზდებიან?
- გაბრაზება და ჩხუბი გამორიცხულია. შეიძლება რომელიმე ძაღლი მსუბუქად დატუქსონ. ადამიანი და ძაღლი ხომ ერთმანეთისგან განსხვავდება. ძაღლის ფსიქიკაში პედაგოგს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. ტრენინგის დროს პედაგოგი სწავლობს მოქცევის წესს, რომ ძაღლებმა პატივი სცენ. როგორც პედაგოგი მოექცევა ძაღლს, მისგანაც იგივეს მიიღებს. ძაღლი ბუმერანგივით არის - თუ სწორად მოექცევი, ანალოგიურად გიპასუხებს. ჩვენს აღსაზრდელებს უყვართ პედაგოგები. პატრონები გვეუბნებიან, რომ ძაღლები დილით კართან დგანან და მოუთმენლად ელიან მიკროავტობუსს, რომლის ხმასაც საკმაოდ შორი მანძილიდან იგებენ. განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მძღოლთან - მახოსთან. მასზე ყველა ძაღლი გიჟდება. ჩასხდებიან მიკროავტობუსში, თავიანთ ადგილს დაიკავებენ, ღვედებს "გაიკეთებენ" და ბაღამდე ასე სხედან.
- ხალხს ბავშვები ვერ დაჰყავს კერძო ბაღებში და ძაღლებს როგორ ატარებენ?
- ძაღლის მოვლა იმდენად ძვირი ჯდება, რომ ვისაც ძაღლი ჰყავს, მისი ბაღში ტარების საშუალებაც აქვს.
- რა საფასურის გადახდა უწევთ თქვენს ბაღში კლიენტებს?
- 300-400 ლარი. ეს იმაზეა დამოკიდებული, ტერიტორიულად სად ცხოვრობს ძაღლი. მას ხომ ჩვენმა ტრანსპორტმა უნდა მიაკითხოს.
- ვინ არიან თქვენი აღსაზრდელების "მშობლები". მათ საზოგადოება თუ იცნობს?
- ჩვენთან ძირითადად, ჟურნალისტებს დაჰყავთ ძაღლები. მათ შორის, მხოლოდ ერთია, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, მაგრამ მის ვინაობას ვერ დაგისახელებთ. არ მაქვს უფლება, რომ მისი სახელი და გვარი გამოვიყენო.
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.