ინდოეთში ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა
ინდოეთი იმ ქვეყანათა რიცხვს შეუერთდა, სადაც ჰომოსექსუალური ურთიერთობები სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ, 2009 წელს დელის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანი ურთიერთობების ლეგალიზება მოახდინა. მას შემდეგ ჰომოსექსუალებმა ქვეყანაში რამდენიმე პარადი მოაწყვეს, გაიხსნა რადიოსადგურიც სპეციალურად ლგბტ თემისათვის, რამაც, როგორც ვარაუდობენ, უფრო კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობის მკვეთრი გაღიზიანება გამოიწვია.
ამიერიდან, ჰომოსექსუალიზმი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, სწორედ ისე, როგორც კოლონიისდროინდელ ინდოეთში. მოისაზრება, რომ ინდოეთში, სადაც რელიგიასა და ტრადიციებისადმი განსაკუთრებული მოწიწებით გამოირჩევიან, შესაძლოა არეულობები დაიწყოს, თუ ლგბტ თემის წარმომადგენლები ქუჩას მიაშურებენ საკუთარი პროტესტის გამოსახატავად.
”დღეს ჩვენთვის შავი დღე გათენდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ინდოეთი 100 წლით უკან, წარსულში დააბრუნა.”- აცხადებენ ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები.