"დეჟა ვუ" - კვირის პალიტრა

"დეჟა ვუ"

სახელმწიფო პრობლემების გარეშე არ არსებობს და არც არავის ჰქონია ილუზია, რომ გასულ წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველოში უცებ საამური გახდებოდა ცხოვრება.

ოღონდ, რა დასამალია და, იმის იმედი კი მქონდა, რომ ერთ კონკრეტულ სფეროში მაინც, თანაც იმაში, რომლის პრობლემებიც (ცოცხებსა და დუბინკებს თუკი მხოლოდ პრობლემა შეიძლება ვუწოდოთ) მთავარი მიზეზი თუ საბაბი გახდა შარშანდელი ისტორიული ამბებისა, ყველაფერი დალაგდებოდა. დიახ, პატიმრების ყოფას, მათი ცხოვრების პირობებს, უფლებების დაცვასა და ზოგადად - საპატიმროებში არსებულ მდგომარეობას ვგულისხმობ.

სასჯელაღსრულების მინისტრად ყოფილი სახალხო დამცველის დანიშვნამ მთლად გამიმყარა ეს იმედი, მაგრამ აი, ერთი წელი გავიდა და: ისევ ძალადობა, ისევ ცემით მოკლული პატიმარი (მერე რა, დიახ! - მერა რა, რომ დამნაშავეები ისჯებიან, ის ხომ არ გაცოცხლდება?!), ისევ ამოკერილი პირები და კედელზე მიჭედებული ხელები... არა უშავს, მუშაობენ-მეთქი, - ვფიქრობდი და დღეს ეს ილუზიაც გამიქრო სუბარის განცხადებამ: სახალხო დამცველი "ნაციონალების" გავლენის ქვეშ არისო!

ჩვენი მთავრობა-პარლამენტის შემხედვარე, "დეჟა ვუ" ხშირად მაქვს-ხოლმე, მაგრამ ამას ასაკს ვაბრალებდი. მერე სადღაც წავიკითხე, მეცნიერების მტკიცებით, რაც უფრო ბერდება ადამიანი, მით უფრო ხშირად ეჩვენება, რომ ესა თუ ის ამბავი უკვე უნახავს ან გადახდენია თავს, მაგრამ ასე არ არისო.

ეეჰ, ნეტავ, მხოლოდ ასაკის ბრალი იყოს და მართლაც, "დეჟა ვუ" მქონდეს: სუბარის სახალხო დამცველობისას "ნაცმოძრაობა" ყოველი მისი ანგარიშის მოსმენის შემდეგ ცოფებს რომ ყრიდა - სახალხო დამცველი აუცილებლად ოპოზიციის რუპორი ხომ არ უნდა იყოს? ეს რეებს გვაბრალებსო!

ჰოდა, ახლა თვით ბატონი სუბარი აბრალებს ახალ სახალხო დამცველს იგივეს. თანაც, დაბრალებაც არის და დაბრალებაც, მთლიანად ოპოზიციის გავლენაზე რომ ეთქვა, რა უჭირდა: ნანუაშვილი აკო მინაშვილის გავლენის ქვეშ არისო! ბარემ შეგეგინებინათ, ბატონო სოზარ! ვაჰ, მაგარი "დაგინება" მომაფიქრდა (ხომ არ დაგავიწყდათ, დაგინება-შეგინებას შორის სხვაობა რომ გვასწავლა ადრე ერთმა პოლიტიკოსმა): "მე ვიყო აკო მინაშვილის გავლენის ქვეშ!" - ამას რომ კაცი იტყვის, ნაღდია და უნდა დაუჯერო! იგივეა, რომ თქვას: "მე ვიყო კამო!!!" (აი, ის, "უცნაურ" სადილს რომ მიირთმევდა ხოლმე მეტეხის ციხეში).

სხვაგანაც რაღაც... "წაუ-დეჟა ვუ-ებს" ამბები და მეშინია, ხომ იცით... აგე, მერიის ტრანსპორტის სამსახურში ტენდერი ჩატარდა და ისევ ჩინელებმა მოიგეს (როგორც ძველი, "კეთილი" მთავრობის დროს. ჰო, უყვარდათ მაგათ ჩინელი ბიზნესმენები, რადგან "გაყოფა" კარგად იცოდნენ): 100 ახალ ჩინურ ავტობუსს შემოიყვანენ თბილისში და თითო 550 ათასი ლარი ეღირება! ნახევარ მილიონზე მეტი! ჩინური ავტობუსი! სპეციალურად მოვძებნე საიტებზე და ამის ნახევარ ფასად 3-4 წლის "მერსედესებს" შემოიყვანდნენ. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ახალი ჩინური ავტობუსი 3-4 წლის "მეწრსედესსა" და "ვოლვოს" სჯობს, 5 წლის შემდეგ დამელაპარაკოს იმ ჩინური ავტობუსის ფანჯრიდან.

მთლად "უკეთესს" გეტყვით: გუშინწინ უბნის ინსპექტორი მომადგა სახლში - "ზემოდან" დაგვავალეს, მთელი ოჯახი "აღრიცხვაზე" უნდა აგიყვანოთო. ჩაიწერა ყველაფერი, ავტომობილის ნომრის ჩათვლით და წავიდა. არ იყო ურიგო ბიჭი, მაგრამ "კუკარაჩა" გამახსენდა, რატომღაც...

პ.ს. "დეჟაა ვუ" იქით იყოს და (რად უნდა ამას "დეჟა ვუ", ეს მართლა ყოველთვის ასე იყო), "ქალი რომ კუხნაში უნდა იყოს", ეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ქართველებმა: გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით საქართველოში კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 35% ქმრის მიერ ცოლის ცემას ამართლებს.

აბა, რა ეგონათ ევროპელებს?! მოინდომეს აქ გეი-აღლუმები...

წავედი ახლა და ამ ხელისუფლებამ კიდევ რამე არ მიქაროს, თორემ მოვკლავ ცოლს ცემით.