ლევან ვასაძე: მანდელასგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენს უდიდეს ქართველს სიცოცხლე გავუმწარეთ
ბიზნესმენი ლევან ვასაძე იზრუნებს, რომ ჭაბუა ამირეჯიბს ქართველი ერი საკადრის პატივს მიაგებს. როგორც ვასაძემ ჟურნალისტებს სამების ტაძარში განუცხადა, ჭაბუა ამირეჯიბი ერმა ამ ქვეყნიდან სრულიად უყურადღებოდ მიტოვებული გააცილა.
"ნელსონ მანდელასგან განსხვავებით, რომელიც ისეთივე პერიოდი ციხეში იჯდა და რომელიც მადლიერმა სამხრეთ აფრიკელმა ერმა ერის მამად აღიარა, ხელის გულზე ატარა და ბოლო წლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ლოცულობდა, ჩვენ ამ უდიდეს ქართველს სიცოცხლე გავუმწარეთ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ "კაგებეს" დაყრილი ჭორები დავიჯერეთ და სრულიად უყურადღებოდ მიტოვებული გავაცილეთ ამ ქვეყნიდან. იმედი მაქვს, ჩვენი ერი მას საკადრის პატივს მიაგებს. დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვით და მომავალი თაობები ჭაბუა ამირეჯიბის მაგალითზე გაიზრდებიან. მადლობა ღმერთს, რომ ამ ეპოქალური მასშტაბის ადამიანის დროს ვცხოვრობდი ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.
მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში 12 დეკემბერს, გვიან ღამით გარდაიცვალა. ჭაბუა ამირეჯიბს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ.