მურმან დუმბაძე: "ავთო ბერიძე მოკრძალებულად ცხოვრობს, მის სადარბაზოში ვირთხებიც დარბიან"
"თუ კალაძე ასე ფიქრობს, სახელმწიფო ვერ შეიქმნება"
"გაგიმხელთ: კახა კალაძე და ავთანდილ ბერიძე ერთმანეთს შეხვდნენ და ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პარტიული სხდომა აღარ გაიმართება"
დიდი ხმაური მოჰყვა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აჭარის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთი ძვირად ღირებული ავტომანქანის შეძენას გეგმავდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძის განცხადებით, მას ამგვარი მანქანის ყიდვა უსაფრთხოების სამსახურმა ურჩია. საზოგადოებრი გამოხმაურების შემდეგ ვიცე-სპიკერმა კახა კალაძემ განაცხადა: "ავთანდილ ბერიძე ვერ აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრეს კოალიცია "ქართულ ოცნებას" და იმ ხელმძღვანელ პირებს, რომელთა უშუალო მოვალეობაა ხალხზე და არა საკუთარ კომფორტზე ზრუნვა"...
"კახა კალაძეს არ აქვს უფლება ზეწოლა განახორციე-ლოს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტზე". - ეს კი "ქართული ოცნების" დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ განაცხადა. რატომ ფიქრობს ასე და რა ურჩია ავთანდილ ბერიძეს? - ამას ბატონი მურმანისგან შევიტყობთ:
- როგორც კალაძემ თქვა, ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს, ეს საკითხი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოზე განიხილოს...
- თუ კახა კალაძე ფიქრობს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აკონტროლოს, ასე სახელმწიფო ვერ შეიქმნება. ისე ჯობს, ერთი გუნდის წევრები მესამე პირებისა და შუამავლების გარეშე ელაპარაკონ ერთმანეთს. ერთ ამბავს გაგიმხელთ: კახა კალაძე და ავთანდილ ბერიძე ერთმანეთს შეხვდნენ და ამ საკითხთან და-კავშირებით არანაირი პარტიული სხდომა აღარ გაიმართება.
- ბატონო მურმან, ავთანდილ ბერიძე მეტად არაორდინარული პიროვნება გახლავთ: ჯერ თავი VIP-პერსონად გამოაცხადა, მერე იყო ქოლგის თემა, ბოლო ინფორმაციით, იმ სახლის სადარბაზოში, სადაც ცხოვრობს, ვირთხები გაჩნდა, რადგან მისი ოჯახის წევრები კორპუსში არსებულ ნაგვის ბუნკერს არ აუქმებინებენ...
- ვფიქრობ, ჟურნალისტები ამ მიმართულებით სულ ტყუილად ირჯებით. ეს სპეციალურად აგორებული თემაა. სხვათა შორის, ერთ-ერთ ფოტოზე ავთანდილ ბერიძის გვერდით ქოლგა უჭირავს მის მეგობარ გიორგი მასალკინს. არსებობს ფოტო, სადაც პირიქით - ავთანდილ ბერიძეს უჭირავს მასალკინისთვის ქოლგა. მე, მაგალითად, ქოლგა დამიჭერია ჩემი ცოლისთვის, ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირიქითაც მომხდარა, რა მოხდა მერე? ვითომ სახელმწიფოს პრობლემაა ავთანდილ ბერიძისთვის ქოლგის დაჭერა? ვირთხა დადის თუ არა ავთანდილ ბერიძის "პადიეზდში", ვის აინტერესებს? ვფიქრობ, რომ ვირთხები სხვა "პადიეზდებშიც" დარბიან და რადან ავთანდილ ბერიძის "პადიეზდშიც" დარბის, ეს ნიშნავს, რომ არც ისე ქედმაღლურად ცხოვრობს ეს კაცი. ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს ოთახ-ნახევრიან ბინაში.
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ ”ყველა სიახლის” ოთხშაბათის ნომერსი.