"თავს მოვიკლავ, სოზარ სუბარს ამას არ ვაპატიებ"
"სუბარმა მიპასუხა: იშიმშილოს რამდენიც უნდა შენმა შვილმა, მე რა ვქნაო და ტელეფონი გამითიშა"
"მარტოხელა დედა ვარ, ერთი ბიჭი მყავს და ისიც ციხეშია"
15 დეკემბერს, ქსნის #15 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა სუიციდის მორიგ მცდელობას - 36 წლის მოშიმშილე პატიმარმა კახა ხარძიანმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა, საბედნიეროდ, პატიმრებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. კახა ხარძიანი უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა და საქმის ხელახალ გადახედვას მოითხოვს.
"სამართალი თუ არ აღსრულდა, მეც თავს მოვიკლავ!"
ციალა ხარძიანი, კახა ხარძიანის დედა:
- პატიმრებმა დამირეკეს ციხიდან და მითხრეს, კახა თავის ჩამოხრჩობას აპირებდა და გადავარჩინეთო. ჩემი შვილი უკანონო პატიმარია, 8 წელია სასჯელს ტყუილად იხდის, სხვა პატიმრებთან ერთად შიმშილობდა. კახა რახანია, თავისი საქმის გადახედვას მოითხოვს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. მარტოხელა დედა ვარ, ერთი ბიჭი მყავს და ისიც ციხეშია. უდანაშაულო ადამიანს 15 წელი მიუსაჯეს, ციხის საავადმყოფოში დისკის ოპერაცია გაუკეთეს, ერთი თვე სიცხე ჰქონდა, მაგრამ კაციშვილი არ აქცევდა ყურადღებას. მოვითხოვ, ხელხალა გადაიხედოს მისი საქმე. ჩემი შვილის თვითმკვლელობის მცდელობის ამბავი რომ გავიგე, 15 დეკემბერს რუსთაველზე, აქციაზე წავედი, მაგრამ ავადმყოფი ქალი ვარ, ცუდად შევიქენი და სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადამიყვანა. კახამ მანამდეც არაერთხელ გააპროტესტა უკანონო პატიმრობა, თვალები და პირიც კი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო, ვის არ მივმართეთ, ვინ არ შევაწუხეთ, მაგრამ...
- ვიცით, რომ კახა ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს. როგორ დააპატიმრეს?
- კახა გარდაბანში დაიჭირეს, პირველად რომ გაჩხრიკეს, წამალი არ ჰქონდა, მეორედ კი აღმოაჩნდა. მას წამალი ჩაუდო გარდაბნელმა პოლიციელმა, ეროვნებით აზერბაიჯანელმა, რომელიც ამჟამად სასჯელს ნარკოტიკებით ვაჭრობის მუხლით იხდის. თუ გადავრჩი, სოზარ სუბარს არ ვაპატიებ აგდებულ დამოკიდებულებას. რამდენჯერ დავურეკე, საქმის კურსში ჩავაყენე, ვთხოვდი, ყურადღება მიექციათ ჩემი ნაოპერაციები, სიცხიანი და მოშიმშილე შვილისთვის და ასე მიპასუხა: იშიმშილოს რამდენიც უნდა, მე რა ვქნაო და ტელეფონი გამითიშა, ყურადღების ღირსადაც არ ჩამთვალა. ჩემი შვილი ყავარჯნებით დადის, განახევრებული აქვს ჯანმრთელობა, სათანადოდ არ მკურნალობენ, სიმართლის დადგენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არაფრის საშუალება არ მაქვს, ლტოლვილი ვარ და ენით აუწერელ პირობებში მიწევს ცხოვრება, ცემენტის იატაკზე. ჩემს შვილზე ცუდი არავის სმენია, კარგი სახელი ჰქონდა რაიონში. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ ყოფას, შვილიშვილებს ვფიცავ, თუ სამართალი არ აღსრულდა, მეც მოვიკლავ თავს!
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლეში".