”მერაბიშვილს ფსიქოლოგიურად ისე უჭირს, უკვე მოლანდებები დაეწყო” - კვირის პალიტრა

”მერაბიშვილს ფსიქოლოგიურად ისე უჭირს, უკვე მოლანდებები დაეწყო”

”ჯაჭვლიანზე რომ ყვირის, ეს ის ცისკარიშვილი არაა, კასტეტით რომ დარბოდა პარლამენტში?”

”რამდენჯერაც ”ნაციონალები” სიზმარს ნახავენ, იმდენჯერ გამოძიება რატომ უნდა დაიწყოს?”

ბოლო დროს ქვეყანაში არსებულ აქტიურ საკითხებზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელს ვესაუბრეთ...

- ვანო მერაბიშვილმა გენერალური პროკურორი ზეწოლაში დაადანაშაულა, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?..

- დიახ, ტომრის თავზე ჩამოფარების ნაწილი მართობს ძალიან... არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ამ კაცის ერთი სიტყვისაც არ მჯერა, რადგან ის ცნობილი ცრუპენტელაა. ამიტომ არ მჯერა, რომ სიმართლეს ან ნახევრად სიმართლეს მაინც ამბობს. გარდა ამისა, თავად ამბავია ძალიან არადამაჯერებელი... ყურში მომხვდა ერთი ჟურნალისტის შეკითხვა, რაში სჭირდებოდა მერაბიშვილის ამ ამბის გამოგონებაო... ვინმემ ამიხსნას, რაში სჭირდებოდა ოთარ ფარცხალაძეს ვანო მერაბიშვილისთვის თავზე ტომრის წამოცმა და სადღაც წაყვანა. თავზე წაუფარებლად რომ წაეყვანათ, ამით რა შეიცვლებოდა?.. მე მგონია, მერაბიშვილს ისე უჭირს იქ, სადაც არის, მათ შორის, ფსიქოლოგიურად, რომ უკვე მოლანდებები დაეწყო, საკუთარ ცხოვრებას სიზმრად ხედავს, ოღონდ პერსონაჟები შეიცვალა და ახლა ამ სიზმრებს გვიყვება... დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმეტესობას მერაბიშვილის ზღაპრების არ სჯერა, თუნდაც იმიტომ, რომ პარასკევ ღამეს თუ მოხდა ეს ამბავი, სამი დღე რას ელოდებოდა?.. ასეთი ”საშინელი” ამბავი რატომ არ გაამხილა? ან ”ნაცმოძრაობის” ლიდერები სად იყვნენ ან ადვოკატი მკვდარი ჰყავდა, რატომ არ ჰკითხა მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რა მოხდა...

- მაშ რაში სჭირდებოდა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ამის თქმა?..

- ერთი, რომ "ნაციონალები" ხარშილაძის დაკავებამ ისე დააპანიკა, რომ რაღაც ისტორიის მოგონება დასჭირდათ, რათა მთავარი ”ნიუსი” სხვა რამე ყოფილიყო. მეორე - მათ ძალიან შეეშინდათ უგულავას პროკურატურაში დაბარების, მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ხანია იძახებენ, მაგრამ მალევე ტოვებს იქაურობას და ღამე მშვიდად ძინავს სახლში... ვილნიუსის სამიტის შემდეგ, უგულავა პირველად დაიბარეს და როგორც ჩანს, იფიქრა, აი, მორჩა ვილნიუსი, ევროპა აღარ გვიყურებს და არიქა, ახლა დამიჭერენო. აი ამიტომ, ყველაფერ ამას შუაში ”ჩაუფინეს” მერაბიშვილის ამბავი და სამი დღეა მთელი საზოგადოება ამაზე ლაპარაკობს...

- ანუ თქვენც მიგაჩნიათ, რომ ამ საქმის გამოძიება არ უნდა დაიწყოს?

- არა, გამოძიება ზუსტადაც რომ უნდა დაიწყოს. მესმის, მძიმეა და ადამიანურად ძალიან მაღიზიანებს, რამდენჯერაც ”ნაციონალები” სიზმარს ნახავენ, იმდენჯერ გამოძიება რატომ უნდა დაიწყოს, მაგრამ მაინც, აუცილებლად უნდა დაიწყოს. ეს არის ჩვენი ვალდებულება. და როდესაც პატიმარი ასეთი ბრალდებას აყენებს, მისი გამოძიება უნდა მოხდეს...

- უგულავაზე ნახევრად ხუმრობით თქვა მერაბიშვილმა - აქ მოვიდეს ჩემთან და ერთად არ მოვიწყენთო. თქვენ ელოდებით, რომ უგულავასაც ამ გზას გაუყენებენ?..

- ამის შანსი, ჩემი აზრით, არსებობს. პროკურატურა რას იზამს, მისი საქმეა, თუმცა მისი ახალი შემადგენლობიდან გამომდინარე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თუმცა, სხვა საკითხია, თუ რამდენად მოხვდება ის საპატიმროში - სასამართლომ გადასაწყვეტია, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას პატიმრობას მიუსჯიან თუ არა...

- სხვა საკითხებზეც გკითხავთ, - დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანისა და გია ბარამიძის შეხლა-შემოხლამ გაგრძელება პრესის ფურცლებზე ჰპოვა, განსაკუთრებით საყურადღებოა ჯაჭვლიანის ემოციური პოზიცია... დავით უსუფაშვილმა ისიც კი თქვა, გინების შემთხვევაში, პარლამენტის წევრების გარიცხვას მივესალმებოდიო...

- პოლიტიკოსს მეტი თმენის ვალდებულება აქვს, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს ინდივიადუალური ლექსიკონი, თმენის უნარი და ნერვები გააჩნია. ამაზე, პირველ რიგში, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია.

- კონკრეტულად?

- თუნდაც ისეთი, აჭარაში 80 ათასიანი ჯიპების თემას მოჰყვა. ქუჩაში აქციები არ გამართულა, მაგრამ ნათლად გამოიკვეთა საზოგადოების დამოკიდებულება და შედეგიც გამოიღო. საზოგადოების წინაღობის ძალა იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ დეპუტატი, პოლიტიკოსი უნდა მიხვდეს, ამერიკული სლენგით თუ ვიტყვით, რომ ასეთი რაღაცები ამ ქვეყანაში ”არ მოსულა”. ისე კი, ის ისტერია, რაც ამ დღეებში ”ნაციონალებმა” მოაწყვეს, მართლა კომიკური იყო. ჯაჭვლიანის მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, უარყოფითია თუ დადებითი, აღშფოთებული პეტრე ცისკარიშვილის ნახვა სასაცილო იყო. ჯაჭვლიანზე რომ ყვირის, განა ეს ის ცისკარიშვილი არაა, რამდენიმე წლის წინ, კასტეტით რომ დარბოდა პარლამენტში? თუმცა, ეს სუპერ ქართული მოვლენა არ არის და სხვა ქვეყნის პარლამენტებშიც ხდება, მათ შორის, ისეთ განვითარებულ სახელმწიფოში, როგორიც შვეიცარიაა. ეს არ ნიშნავს, რომ მათგან მაგალითი უნდა ავიღოთ, მაგრამ თვითგვემაში ჩასავარდნიც არაფერი მომხდარა და ტრაგიკულ-დრამატული პოზის მიღებაც სასაცილოა.

და კიდევ, იმ დღეს ვიღაცამ მომწერა სოციალურ ქსელში, მიგაჩნიათ თუ არა, რომ სოსო ჯაჭვლიანი მარგინალიაო? - არ არის და ამას გულწრფელად ვამბობ, რადგან ვიცი, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, იმ დღეს სოსო ჯაჭვლიანის სადღეგრძელოს დალევდა...

- მაგრამ ეს ალბათ არ ამართლებს მის საქციელს...

- რა თქმა უნდა, არ ამართლებს და არც მე ვამართლებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე იქნებოდა. სწორედ ისე, როდესაც დათო ბერძენიშვილმა გიგა ბოკერიას დაარტყა. მაშინ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ”რესპუბლიკელების” ოფისში, ნახევარმა საქართველომ დარეკა, - შენს მარჯვენას ვენაცვალეო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ნიშნავს, რომ დათო მაშინ კარგად მოიქცა, მაგრამ ნამდვილად ასე მოხდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)