ვალერიან ხაბურძანია - ”პუტინთან მქონდა ურთიერთობა და ვიცი, რომ მართლაც უყვარს ქართველი ხალხი”
"პუტინის კაბინეტში ვიყავი და მითხრა, მთხოვე, რა გინდაო... 2003 წლის თებერვალი იყო"
"თურქეთს დავუვიწყეთ, ირანს, სომხეთს... რუსეთს რატომ არა? უნდა მივუტევოთ"
"შაოსანი დედები ამ ომამდეც იყვნენ და მერეც იქნებიან"
"პუტინის ამ პასუხში ერთგვარი სინანულიც ჩანდა"
”...საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შემეცვალა, თუმცა ქართველი ხალხის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, როგორი კეთილგანწყობილიც იყო, ისეთივე დარჩა" - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის შეკითხვას.
ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს რუსეთს თავშეფარებული ყოფილი უშიშროების მინისტრი - ვალერიან ხაბურძანია გამოეხმაურა...
- ჩემი შეფასება ერთმნიშვნელოვნად დადებითია. მე ვხედავ ამ სიტყვაში შეცვლილ პოზიციასაც და ერთგვარ სინანულსაც. ამ სიტყვების ფონზე ჩვენ უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები. მე ვთხოვდი ბატონ ზურაბ აბაშიძეს, ჩართოს ამ მოთხოვნაში ქართველთა კავშირი რუსეთში. მთელი ჩემი არსებით ჩავერთვები მეც და შესაძლოა, ჩავრთოთ ქართული ლობი.
- მართლა გჯერათ ვლადიმერ პუტინის გულწრფელობის?
- პოლიტიკაში გულწრფელობას განაპირობებს პოლიტიკური რეალობა და შესაძლებლობები. რეალობა ჩვენს წინააღმდეგაა, შესაძლებლობებიც მწირი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პუტინმა თქვა და რეალობად ჩვენ უნდა ვაქციოთ. ერთად - ქართველებმა რუსეთში და საქართველოს მოსახლეობამ მთლიანად. ნუ ვცდილობთ რაღაც მოჩვენებითი თანასწორობის ძებნას. ღირსება უნდა შევინარჩუნოთ, მე ამის მოსურნე ვარ, აი, ჯიუტობა კი არაა საჭირო.
- უნდა დავივიწყოთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, დაკარგული ტერიტორიები, ლტოლვილები.?
- არ დავივიწყოთ, მაგრამ მივუტევოთ. თურქეთს დავუვიწყეთ, ირანს, სომხეთს, რატომ რუსეთს არა?.. მონღოლებს შეიძლება კი დავუვიწყოთ ორსაუკუნოვანი უღელი, ევროპას ბიზანტიის სახით, ან ლუდოვიკო მეთოთხმეტეს სულხან-საბას რითიც შევიდა, უკან იმითვე გამოსტუმრება?
- ამ სიტყვებს გაპატიებენ დღეს შაოსანი დედები?
- მთელი საქართველო შაოსანი დედაა. ისინი ამ ომამდეც იყვნენ და სამწუხაროდ მერეც იქნებიან. აქ მთავარი ამოცანა სწორედ დაკარგული ტერიტორიების რეინტეგრაციაა. სხვა გზა ამ თემიდან თეორიულადაც გვაშორებს და ამაში უაზროდ ნუ შემეკამათებიან. თუ გავდივართ ევრაზიული სივრციდან, გვრჩება ჰიპოთეტური ევროპა და საბოლოოდ დაკარგული ტერიტორიები.
- მხოლოდ რუსეთშია ხსნა?
- საშველი არის რუსეთთან ერთად. კარგი იქნება კეთილი ევროპის დახმარებაც, ამერიკელებიც წაგვადგებიან ბევრ საქმეში, მეგობრობა ორმხრივი და "კრუგლოსუტოჩნია" ნიაზ დიასამიძის არ იყოს და უპასუხონ ჩვენს ავღანეთში თავდადებას, მაგრამ არა შეშფოთებით... სააკაშვილმა გააფუჭა ყველაფერი, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, (მოლდავეთი აქ არ ითვლება), ვინც სსრკ-ს დაშლით ტერიტორიები დაკარგა და ეს ფაქტია.. იქნებ დავფიქრდეთ, რატომ?
- მიხეილ სააკაშვილი აღარ არის მთავრობაში, მაგრამ დღესაც გრძელდება ადმინისტრაციული საზღვრების გადმოწევა შიდა ქართლში.....
- საზღვრების მავთულხლართიზაცია უცილობლად უარყოფითი მოვლენაა, უარყოფითია მავთულხლართის გავლება და არა გადაწევა - გადმოწევა. მე ვფიქრობ საჭიროა დიალოგი ოსებთან, აფხაზებთან და რუსებთან და ამ საშინელი საზღვრების საერთოდ მოსპობა. ჩვენ მარტო ვწუხვართ, ვაპროტესტებთ და არ ვლაპარაკობთ. ისევ ზურაბ აბაშიძე მიმაჩნია მე მედროშედ ამ საქმეში. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ყველა თემაზე. ლაპარაკს წითელი ხაზები არა აქვს, აი, გადაწყვეტილებას კი... სამწუხაროდ, მთავრობაში ერთადერთი ვიყავი, ვისაც პირდაპირი, თანასწორი და ღირსეული კონტაქტი მქონდა რუს კოლეგასთან, ასე რომ ბალანსი, ვიტყვი, რომ ფაქტიურად ჩემზე იყო დამოკიდებული და ენერგეტიკის სამინისტროზეც ნაწილობრივ.
- თქვენი რუსი კოლეგა ვინ იყო?
- პატრუშევი, ფსბ-ს დირექტორი. მქონდა ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან.
- ამბობთ რომ პუტინთან ურთიერთობა გქონდათ.. თქვენ ფიქრობთ, რომ მას მართლა უყვარს ქართველი ხალხი?
- კი. არ მინდა ისევ მაგინონ, მაგრამ კარგად მახსოვს 2003 წლის თებერვალი, მასთან კაბინეტში ვიყავი და მითხრა, მთხოვე რა გინდაო... ოჯახის უსაფრთხოებას დამპირდა რუსეთში და მე უარი ვუთხარი... მაშინ ვლადიკავკაზში აფეთქდა თუ ააფეთქეს გაზსადენი და გაზი კიდევ ერთხელ შეწყდა საქართველოში. ამიტომ გაზსადენის სასწრაფო აღდგენა ვთხოვე. პუტინმა დააჭირა ხმამაღლამოლაპარაკეს ხელი და ჩუბაისს დაელაპარაკა. ჩუბაისმა ერთკვირიანი ვადა დაასახელა, მაშინ პუტინმა უთხრა, დღესვე გამოხვალ ცენტრალური ტელევიზიით, იტყვი და იზამ კიდეც, რომ სამ დღეში გაზი აღდგებაო. მე შევარდნაძეს დავურეკე და მართლაც ასე მოხდა. ახლა ძნელია შაოსან დედებს ამ პათეტიკით გული მოულბო და ეს არცაა ჩემი ამოცანა, უბრალოდ ეს ფაქტია. ასეთი ფაქტები ხშირი იყო.
- კიდევ ხომ ვერ გვიამბობთ გულისამაჩუყებელ ფაქტებს.. ახლა არ გსურთ ვლადიმერ პუტინთან კავშირი აღადგინოთ?
- აი დამცინით, არა და არ გვაქვს გასაცინად საქმე... თუ დამავალებენ და რაღაც ოფიციალური სტატუსი მექნება, მზად ვარ! სხვანაირად საქმეს გავაფუჭებ. თუმცა სახალხო დიპლომატიის დონეზე მზად ვარ.
- ოკუპანტ ქვეყანასთან ტონის შერბილებას უთავმოყვარეობად არ მიიჩნევთ?
- პოლიტიკაში არ შეიძლება ემოციური, ადამიანური კატეგორიებით მსჯელობა. არც დასავლეთია მარტო ერთსქესიანი ქორწინება და უფრო ფართოდ ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)