"სააკაშვილი ბუნებით მშიშარა ადამიანია და იცის, საკანში ჯდომას ვერ გაუძლებს"
"სამართლიანობის აღდგენა დასავლეთის ინტერესებს შეეწირება"
"ეს ციფრები სააკაშვილს ევროპელი მოკავშირეების ცხვირწინ საფრიალოდ ჭირდება"
NDI-იმ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც მოსახელობის მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება დააპატიმრებს. რამდენად რეალურია ეს, ჩვენ კომენტარი ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ:
- ხალხმა იცის, რომ დასავლეთის ზეწოლის გამო სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება ვერ დააპატიმრებს. რაც შეეხება ყბადაღებულ თემად ქცეულ ხალხის დაკვეთას, სწორედ ხალხის დაკვეთაა, რომ
სააკაშვილი წარსდგეს სასამართლოს წინაშე, მაგრამ დღევანდელი მოცემულობის პირობებში ხალხს ამის აღარ სჯერა. არის კიდევ ერთი ფაქტორი, გასათვალისწინებელია, თუ ვინ ატარებს კვლევას. NDI-ის ხელწერა ჩვენ კარგად ვიცით და გამორიცხული არაა, რომ ციფრების ფალსიფიცირება მოხდა.
- ვის ინტერესებში შედის ამ ციფრების ფალსიფიკაცია?
-მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ხელთ ექნება ეს ციფრები, თავისი უცხოელი პარტნიორებისთვის (რომლებსაც უკვე ეჭვი შეაქვთ მის წესიერებაში) და აუფრიალებს ამ ციფრებს, რომ აი, ქართველი ხალხი წინააღმდეგია ჩემს მიმართ რეპრესიული ქმედების გატარებისა. იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის და მის გარშემო მყოფი მცირე ადამიანების სურვილი და არა ქართველი ერისა.
- დასავლეთის ზეწოლა ახსენეთ და ხომ არ შეეწირება დასავლეთის ინტერესების გათვალისწინებას, ხალხის მიერ მოთხოვნილი სამართლიანობის აღდგენა?
- რასაკვირველია, შეეწირება. "ნაციონალური მოძრაობის" დაცვისას ჩვენ გვაქვს საქმე ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფთან, რომლებიც ერთ-ერთ პარტიას წარმოადგენენ, მაგ. "სახალხო პარტიას", და მათ თითოეულ პროტესტს მოჰყვება ხოლმე უზარმაზარი აჟიოტაჟი და საშინელი რეაქცია და შემდეგ ეს ფასდება როგორც მთელი დასავლეთის რეაქცია. ამ დროს ეს სულაც არაა სიმართლე. დასავლეთში არის უამრავი პოლიტიკოსი, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ ისინი ვერ დაკავდებიან ყოველდღიურად საქართველოში მიმდინარე პროცესების კომენტარით, ხოლო ქართველ საზოგადოებას ჰგონია, რომ ეს ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს და დასავლელმა პოლიტიკოსებმა აუცილებლად უნდა მისცენ შეფასება ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ეს არაა ხალხის ბრალი, ესაა ხელისუფლების ბრალი, რომელმაც ასეთი ტონი შექმნა.
- "სახალხო პარტიის" განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მედიასაშუალებები ყოველთვის აქტიურად აშუქებენ, ხოლო თუ მათ საწინააღმდეგო განცხადება გავრცელდა, ასეთი ინფორმაცია რატომღაც ნაკლებად ვრცელდება. რბილად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს, ერთგვარ შიდა საინფორმაციო ომთან და ამ ომში, "ნაციონალური მოძრაობა" ხომ არ ამარცხებს ხელისუფლებას?
- "ნაციონალური მოძრაობა" ამ ომში ჯერ არაა გამარჯვებული, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია. საქართველოს ხელისუფლება ერთის მხრივ, ერიდება ხალხის განსაკუთრებულ გაღიზიანებას, რათა ხალხი ლინჩის წესით გასამართლებაზე არ გადავიდეს, ხოლო მეორეს მხრივ, ცდილობს ხალხის დაკვეთა შეასრულოს. თუ ბოლო ერთ თვეს არ მივიღებთ მხედველობაში, ნახევრად ფეხმძიმობის სიტუაცია იყო. ამ ერთ თვეში რაღაცეები შეიცვალა. გუშინ ინტერნეტ სივრცეში ვნახეთ, ხალხი გაღიზიანებულია იმით, რომ უგულავა არ დაიჭირეს, გაანთავისუფლეს ხარშილაძე და ფურცხვანაძე და ა.შ. მე ეს გამაღიზიანებლად არ მიმაჩნია და აი, რატომ: ამ შემთხვევაში, მართალია, უგულავა საპატიმროში არაა, მაგრამ არის ბრალდებული, ხოლო თუ გაიქცევა, მით უარესი მისთვის. ფურცხვანაძის და ხარშილაძის შემთხვევაში კი იმხელა გირაოა გადასახდელი (800 000 ლარი), თუ მათ ეს გირაო გადაიხადეს, გამოდის, რომ გამოძიება მართალი ყოფილა: აბა, საიდან უნდა ქონდეთ ამხელა ფული თუ არ მოუპარავთ? აქედან გამომდინარე, ისინი (მათ შორის უგულავაც) არიან ერთგვარ ანკესზე და აქ ხელისუფლების შეცდომას ვერ ვხედავ.
- ბატონო მამუკა, ფაქტია, რომ დასავლეთი დაპატიმრებებზე მწვავედ რეაგირებს, როგორ ფიქრობთ, რა უნდა ვიღონოთ, რომ დასავლეთმა სწორად გაიგოს ჩვენი მესიჯები?
- მიმაჩნია, რომ ის მეთოდი რითაც დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს საკუთარი სიმართლე გაიტანოს დასავლეთში, არასწორია, რადგან მხოლოდ საელჩოები ამ სამუშაოს ვერ გაწვდებიან. არსებობს ხალხი, რომლებსაც სჭირდებათ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, როგორც ამას აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა" (უბრალოდ ისინი ტყუილებს ლაპარაკობდნენ). დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორის მიბილიზებას და ლობისტური ჯგუფების შექმნას ადგილობრივ პოლიტიკოსებში (აგრეთვე საჭიროა ლობისტური კამპანიაც, მაგრამ ეს კიდევ სხვა საკითხია). ასეთი ჯგუფები უნდა იყოს მოსკოვშიც. იქაური ცნობადი პიროვნებების (პოლიტიკოსების, მომღერლების, მწერლების და სხვ.) მონაწილეობით, ამის საშუალება საქართველოს აქვს, მაგრამ უმთავრესია ქართულ დიასპორების გააქტიურება.
- ბატონო მამუკა, 17 ნოემბრის მერე, მას შემდეგ რაც მოხდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ექს-პრეზიდენტი საქართველოში აღარ ყოფილა, როგორ ფიქრობთ რატომ?
- თვითონ ამბობს: არ ჩავდივარ საქართველოში, რადგან აუცილებლად დამიჭერენ და ეს საქართველოს იმიჯს გააფუჭებსო. სააკაშვილი ბუნებით მშიშარა ადამიანია და იცის, საკანში მარტო ჯდომას ვერ გაუძლებს. არადა, დარწმუნებულია რომ ეს მოხდება და ამიტომაც იქცევა ასე. მას კომფორტი უყვარს, ხოლო მისთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა მას ქუჩაში დაუსტვინოს, გალანძღოს და ა.შ. ის დღეს ჩვეულებრივი მოქალაქეა და ამის ეშინია, სხვათაშორის, თუ დააკვირდით "ნაციონალური მოძრაობის" განსაკუთრებულად ცნობადი სახეები ღია რესტორნებში აღარ დადიან და იმ ცნობილი სკანდალების შემდეგ ცდილობენ ხალხთან აქტიურ შეხვედრას თავი აარიდონ.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)