ვინ ვართ?
საოცარი ხალხი ვართ ქართველები, მიუხედავად უამრავი ნაკლისა, მაინც გვჯერა, რომ ჩვენზე კარგი ერი დედამიწაზე არაა და როგორც ოკეანეში დაკარგულს უხარია მიწის დანახვა, ისე გვიხარია, რომ თურმე ვლადიმერ პუტინი კეთილგანწყობილი ყოფილა ჩვენს მიმართ. ამიტომ გამოვდივარ ინიციატივით, რომ 19 დეკემბერი (დღე, როცა ეს განცხადება გააკეთა ვოვამ) კალენდარში წითლად მოვნიშნოთ და უქმედ გამოვაცხადოთ, რათა ჩვენი კეთილგანწყობაც გამოვხატოთ ამ კეთილ...განწყობილის მიმართ.
ისე, პუტინმა მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა, თურმე ის ქართველების მიმართ იმდენად კეთილგანწყობილია, რომ 2008 წლის ომის დროსაც არ დაუკარგავს ეს კეთილგანწყობა. პუტინის ამ განცხადებას ქართული საზოგადოების ნაწილი ხბოს აღტაცებით შეხვდა, თითქოსდა მავთულხლართების დემონტაჟი უკვე დაიწყო. ვითომ რადგან ვოვამ თქვა, წყალი არ გაუვა?! განა ეს ვოვა არ იყო, აგვისტოში (მაშინ როცა თურმე ჩვენდამი კეთილგანწყობილი ყოფილა) საქართველოში ჯარები რომ გამოგზავნა?! პუტინი ცუდია თუ კარგია, აჯობებს, ამაზე ისევ რუსებმა იდარდონ, მე იმაზე მწყდება გული, რომ იმ ომის დროს ბევრი ქართველის ქცევამ პუტინს იმის ფიქრის საბაბი მისცა, რომ ჩვენც კეთილგანწყობილი ვიყავით და ვართ მის მიმართ.
ერთმა ჩემმა კოლეგამ 2008 წელს მომხდარი ასეთი ამბავი გაიხსენა: გამყიდველი 5 ლარიან "მონო" ბარათს 25 ლარად ყიდდა და საყიდლად მისულ ქართველს კაპიკს არ უკლებდა, ხოლო რუს ჯარისკაცს "აჩუქა", მერე კი ამ ამბავს დიდხანს ყვებოდა და თავისი სიკეთითა თუ კაცთმოყვარეობით "ბლატაობდა". მესმის, რომ დიდი ალბათობით გამყიდველს შიშის ფაქტორი ამოძრავებდა, შეიძლება იმ გამყიდველის ადგილზე შიშით უფრო უარესი გამეკეთებინა და მთელი მაღაზია მეჩუქებინა რუსისთვის, მაგრამ მეორე დღეს ამ ამბავს თავმომწონედ ნამდვილად არ მოვყვებოდი და მინიმუმ შემრცხვებოდა მაინც ჩემი საქციელის.
სანამ სხვა მეტყვის, მე თავად გავიხსენებ, რომ "ვეფხვის და მოყმის" ქვეყანა ვართ, რომ რელიგია გვიკრძალავს მტრობას, რომ თუნდაც მტრად მოსულ სტუმარს მოყვრად უნდა დავხვდეთ და კიდევ ათასი რომ.... მაგრამ არც რელიგია, არც "ვეფხვის და მოყმის" ბალადა არ გვასწავლის, რომ დავკნინდეთ და სხვისი დასაცინი გავხდეთ, არც იმას გვასწავლის, სხვებს ფეხები ვულოკოთ და კუდი ვუქიცინოთ და გადმოგდებული ლუკმის მოლოდინში ვიძახოთ: დაჭრილ ქართველებს სისხლის მაგივრად კეტჩუპი ჰქონდათ წასმული, რათა მერე ფოტოობიექტივში მოხვედრილიყვნენ და მსოფლიოს ენახა დესპოტი რუსეთის სახეო. დალოცვილო, ისე ვერ ნახავდა მსოფლიო ვინაა რუსეთი?!
"გამყიდველი" ზოგადი სახეა იმ ქართველებისა, რომლებიც შესაძლოა "მონო" ან "ლაი-ლაი" ბარათს არ ყიდდნენ, მაგრამ თავისუფლად გაყიდდნენ საკუთარ ქვეყანას თუ ამას საჭიროება მოითხოვდა.
ნათქვამია ომში და გაჭირვებაში ყველა თავის სახეს აჩვენებსო და მართალიცაა. აგვისტოს ომმა ბევრს ჩამოხსნა ნიღაბი და გმირი ლაჩრად იქცა, ხოლო ბევრი "ლაჩარი" კი, აღმოჩნდა რომ სრულებით არ ყოფილა ლაჩარი.
პ.ს. ტყუილად ნუ გამლანძღავთ, ვითომდა ქართველები არ მიყვარდნენ, მიყვარს ჩემი ერი, თქვენსავით მეც მჯერა, რომ საუკეთესოები ვართ, მაგრამ ეგაა, რომ ზოგჯერ ეჭვი შემეპარება ხოლმე...
პ.ს.ს. სოროსის მონაც არ ვარ და არც სოროსის გრანტი ამიღია არასოდეს.