ვინ არის ასახული ფოტოზე - ნიკოლოზ თუ ლევან ბარათაშვილი? - კვირის პალიტრა

ვინ არის ასახული ფოტოზე - ნიკოლოზ თუ ლევან ბარათაშვილი?

"ფოტოზე მხოლოდ გვარი - ბარათაშვილი ეწერა"

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლარისა შუღლიაშვილი-შენგელაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოა.

"როგორც ინფორმაციაში წერია, 60-იან წლებში იპოვეს სურათი, 80-იანში დაწერა კიდეც შუღლიაშვილმა სტატია - ახლა რაზე გაახსენდათ!? შემდეგში დადგინდა კიდეც, რომ ეს არის ლევან ბარათაშვილი. ეს სენსაციებზე ნადირობა ავადმყოფობად იქცა ჩვენთან, თან ფბ-ს სტატუსების განიუსებით. ჟურნალისტი ოდნავ მაინც რომ ვარგოდეს, დაგვირეკავდა ლიტ. მუზეუმში და ვეტყოდით" - ეს სიტყვები კი ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. ჩვენც სწორედ ბატონ ლაშას დავუკავშირდით

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე:

- გეუბნებით, რომ არ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი, ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ?! ქართული პრესა თვლის, რომ ფეისბუქის სტატუსებიდან უნდა აიღოს ინფორმაცია. ძალიან ცუდია, ქართველი ჟურნალისტების დიდ ნაწილს რომ ხელის განძრევა არ სურს და არც მოაფიქრდება, სადმე რამე გადაამოწმოს. ამდენი ტვინი და უნარი ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობას არ აქვს. სამაგიეროდ ყოველთვის გაცხარებული ეძებენ ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელ სენსაციებს.. ვინც ოდნავ მაინც იცნობს ამ თემას, იცის, რომ ფოტოზე არ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი...

თავის დროზე ეს ფოტო დავით შუღლიაშვილმა იპოვა და თუ არ ვცდები, მხოლოდ გვარი - ბარათაშვილი ეწერა. ამიტომ გაჩნდა ეჭვი რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო, რადგან ფოტო იმდროინდელია...

რამდენიმე ფოტოზე არსებობდა ეჭვი, თითქოს ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო, რაზეც ძალიან სერიოზული გამოკვლევა ჩაატარა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა - ლევან თაქთაქიშვილმა"

ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი:

- ორივე ფოტო ნიკოლოზ ბარათაშვილის მცდარი ფოტოებია, მათი ისტორია ცნობილია, მე გამოვაქვეყნე...

პირველ სურათზე მართლა ბარათაშვილია, მაგრამ არა ნიკოლოზი. ეს ფოტო ჩააბარეს ლიტერატურის მუზეუმს და იცოდნენ რომ ეს კაცი გვარად ბარათაშვილი იყო,იქაურმა სწავლულმა მდივანმა დავით შუღლიაშვილმა ნიკოლოზად ჩათვალა და "დაამტკიცა", მაგრამ ვინმე კვეზერელი–კოპაძის ოჯახში დაცული იყო იგივე სურათი და მათ თქვეს, ვინც იყო და ის მართლა ბარათაშვილი აღმოჩნდა, მაგრამ არა ნიკოლოზი, არამედ ლევანი. ეს ისტორია დაწერა ჩაჩანიძემ თავის წიგნში–ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტის გარშემო.

რაც შეეხება მეორე სურათს, იოსებ გრიშაშვილის ფონდში დაცულია წერილი სათაურით: "ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტისათვის", რომელიც დღემდე გამოუქვეყნებელია. მის მიხედვით პოეტის პორტრეტის აღდგენის იდეა გაჩნდა 1901 წელს, როდესაც ტ. მომცემლიძემ დახატა "ჯგუფი ქართველ მწერალთა". მასში ნიკოლოზი არ იყო. ამ დროს ამ საქმით დაინტერესებულა ზაქარია ჭიჭინაძე და გადაუწყვეტია პოეტის დის , სოფიოს პორტრეტიდან მგოსნის სახის აღდგენა, იგი ეყრდნობოდა დიმიტრი ყიფიანის შვილის, კოტეს მოგონებას: "სოფიო, ძალიან ჰგავდა თავის ძმას ნიკოს, ისე, რომ სოფიოს ულვაშები რომ დაეხატა ტუჩებზე, ვერ გაარკვევდით ეს მართლა სოფიო არის, თუ ნიკო ბარათაშვილი." ვინაიდან სოფიო ვერ დაითანხმეს, რომ ვაჟად გადაცმულს სურათი გადაეღო, ზაქარია ჭიჭინაძემ გამონახა სოფიოს სურათი და ცდილობდა, ამ პორტრეტიდან შეექმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახე. ზაქარიამ ეს სურათი გადასცა იასონ ციციშვილს, მაგრამ მისმა პრიმიტიულმა ნახატმა ვერ დააკმყოფილა ზ. ჭიჭინაძე და მან ეს სურათი გადასცა ახალგაზრდა მხატვარს მანჯავიძეს...

შემდეგ ეს ფანქრით ნახატი სურათი აჩვენა ნ. ბარათაშვილის მეგობრებს, რომელთაგან ზოგი წინ აღუდგა ასეთ მკრეხელობას , ზოგმა კი შესწორება შეიტანა და მანჯავიძეს მოუხდა, რამდენჯერმე შეესწორებინა სურათი. როგორც ჩანს, საზოგადოება თხოულობდა ლამაზი პოეტის სახეს და ეს სურათი მათთვის მიუღებელი იყო. 1904 წ. "მოგზაურის" რედაქტორმა ივ. როსტომაშვილმა ხელისმომწერთა შორის "ბარათაშვილის პორტრეტი" გაავრცელა. (სურ. 10) აღმოჩნდა, რომ ამ პორტრეტს საერთოდ კავშირი არ ჰქონდა ბარათაშვილთან – 1933 წელს "სალიტერატურო გაზეთში" დაიბეჭდა ი. ავალიშვილის მოგონება, რომლის მიხედვით, აღნიშნული პორტრეტის ისტორია გაირკვა. მასზე აღბეჭდილი პიროვნება აღმოჩნდა ალექსანდრე დავითის ძე ციციშვილი, იასონ ციციშვილის ძმა. იასონ ციციშვილის მიერ პოეტის დის სახიდან შექმნილი ნახატი კი, როგორც ჩანს დაიკარგა და ზაქარია ჭიჭინაძე თავს იმართლებდა "რა უშავს, რომ არა გვაქვს ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი? თუ არა გვაქვს, უნდა შევქმნათო."

ფოტოზე საკუთარი აზრის გამოთქმა ისურვა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემაც:

" მე მგონი ახლა შოთა რუსთაველის ფოტო რომ დავდო, სააგენტოები გადაიტანენ და იტყვიან, როგორც იქნა დადგინდა ვეფხისტყაოსნის ავტორის სახეო. ცოტა სერიოზული ხალხის აღტკინება მიკვირს, თან იმ ამბავზე, რომელიც წლების წინ არის გამოკვლეული და დადგენილი. არ არის მეგობრებო ეს ტატოს ფოტო:)."

და მაინც როგორი იყო სინამდვილეში დიდი პოეტი? აი, როგორ აღწერს მას მისი თანამედროვე მკვლევარი იონა მეუნარგია:

"ბარათაშვილს აკლდა სიყვარულისათვის ის ორი თვალთმაქცური გასაღები, რომლითაც შეიძლება ქალის გულში კარის გაღება - სილამაზე და სიმდიდრე. ბარათაშვილი იყო მოთეთრო სახისა, პირხმელი, შავი ცოცხალი თვალებით, წაბლისფერი თმით, საშუალო ტანისა და სისქის, მისი წარბები ერთმანეთთან გადაღობილი და თვალები ოდნავ დახრილი ცხვირისაკენ ამხელდნენ მასში ოდესმე ჩინეთიდან გადმოსახლებულ წინაპართა ჩამომავალს. წვერ-ულვაშს არ ატარებდა, რის გამოც მისი სახე, შორიდან ლაზათიანი, ახლოდან დაჭყანული იყო თურმე. ყოველივე ზემოთ ნათქვამს თუ ისიც დავუმატეთ, რომ ბარათაშვილი კოჭლი იყო, თქვენ სრულიად დარწმუნდებით, რომ პოეტს არ ჰქონდა აპოლონის მშვენიერება"...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)