მარინა ბერიძე: "ნანი ბრეგვაძე რომ მირჩევნია ეკა კვალიაშვილს - ეს დასჯადია?" - კვირის პალიტრა

მარინა ბერიძე: "ნანი ბრეგვაძე რომ მირჩევნია ეკა კვალიაშვილს - ეს დასჯადია?"

"არ შემიძლია მაგათსავით უღირსად ვიხავლო, ვიკივლო, ვიწივლო"

"პაატა ბურჭულაძეს მოსწონდა ჩემი დაკრული და გიგა კუხიანიძეს არ მოსწონს"

"დამიჭირონ იმის გამო, რომ გია ყანჩელი უფრო მომწონს, ვიდრე ჯემალ სეფიაშვილი..."

ცნობილია რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის, მარინა ბერიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს... ამ საკითხთან დაკავშირებით თავად მარინა ბერიძე გვესაუბრა და არც მომღერლების მიმართ მწვავე კრიტიკას მოერიდა...

- ყველას გულს ვერ მოიგებ ალბათ ცხოვრებაში. რომ იძახიან, მარინა ბერიძე გვბლოკავსო, ეთხოვა ქვეყანას ჩემთვის და შევიყვანდი ნატოში. თუ 15 წლის განმავლობაში ამდენ ხალხს ვბლოკავ, ნატოში შეყვანასაც მოვახერხებდი... ეს რა მაგარი ქალი ვყოფილვარ და რამე უფრო დიდი დავალება უნდა მოეცათ ჩემთვის.

- არსებობენ მომღერლები, რომლებიც ამბობენ, რომ თქვენ მათ უნიჭოები უწოდეთ...

- უნიჭოც კი ვუწოდე?! არ ვიცი, არ მახსენდება. ჩემთვის მოცარტი უფრო კარგია, ვიდრე ბეთჰოვენი.. თუ დამიჭერენ იმის გამო, რომ ვაჟა აზარაშვილი და გია ყანჩელი უფრო მომწონს, ვიდრე ჯემალ სეფიაშვილი - კი ბატონო. გია ყანჩელი და ვაჟა აზარაშვილი უფრო ახლოს არის ჩემს გულთან და ეს თუ დასჯადია, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

- კახა კუხიანიძე ძალიან მწვავედ გიპირისპირდებათ...

- არ ვიცი ვინ არის ეს კახა კუხიანიძე, საერთოდ არც გამიგია. მისი შემოქმედების გასაცნობად დრო არ დამითმია და ვერც ნიჭიერს ვიტყვი, ვერც უნიჭოს.

- მარიკა თხელიძის მამიდა ცემით დაგემუქრათ...

- ნუ რა ვქნათ ახლა... ეტყობა ის დრო დადგა, როდესაც შეიძლება ცემით და ციხეში ჩასმით დაგვემუქრონ. მეგონა, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდი... შეიგნეთ ხალხნო, რომ მე არასოდეს არ ვაკეთებ გალა-კონცერტებს, შემოქმედებით საღამოებს ვაკეთებ! არ არის შოუ-ბიზნესი კულტურის სამინისტროს სფერო. 21-ე საუკუნეა და შოუ-ბიზნესს მთელ მსოფლიოში საპროდიუსერო ცენტრები წყვეტენ. საჯარო მოხელე არ წყვეტს ამას. კანონმდებლობით არ აქვს კულტურის სამინისტროს უფლება კონცერტები რომ აკეთოს. მითუმეტეს დღეს, როდესაც ჩვენ დავდექით სიმართლის გზაზე... უცოდინრები რომ არ იყვნენ, ამდენს გაიგებდნენ! არ აქვს მნიშვნელობა ვინ ნიჭიერია, ვინ უნიჭო. კულტურის სამინისტროს არ აქვს არანაირი ბერკეტი ამგვარი ღონისძიებების მოსაწყობად. კულტურის სამინისტრო მხოლოდ უკვეთავს.

- რატომ მოიტანეს იერიში თქვენზე, თუ არაფერ შუაში არ ხართ?

- ვახსენე, უცოდინრები არიან-მეთქი და იმიტომ! მე ვერავინ ამიკრძალავს ამა თუ იმ მომღერალზე ჩემი აზრი მქონდეს და ეს არაფერს წყვეტს. მე პირადად ბევრად მირჩევნია ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო გავაკეთო, ვიდრე ეკა კვალიაშვილის. ამის გამო შეიძლება ვინმე მეჩხუბოს?! ეკა კვალიაშვილი არ არის ჩემი გემოვნების მომღერალი. ნატო მეტონიძე არის, ლიზა ბაგრატიონი, ბევრი სხვა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეკა კვალიაშვილმა არ უნდა იმღეროს?! მე ვიღაც მომწონს, ვიღაც არა და არ მაქვს ხალხნო, ამის უფლება?! რა გავაკეთო, ხომ არ შემიძლია მაგათსავით უღირსად ვიხავლო, ვიკივლო, ვიწივლო?! Gგია ყანჩელი რომ უფრო მოწონს ვიდრე ჯემალ სეფიაშვილი, ან ნანი ბრეგვაძე რომ მირჩევნია ეკა კვალიაშვილს, ამის გამო უნდა მომაჭრან ხელები და ფეხები?! ამიხსნას ვინმემ რა ხდება. არსებობს ბეთჰოვენი და არსებობს მოცარტი. ჩემთან უფრო ახლოს მოცარტია და ბეთჰოვენმა უნდა მიჩივლოს?!

- გიგა კუხიანიძემ თქვენზე განაცხადა, ჯერ დაკვრა ისწავლოს და დამკვრელად მოვიწვევთო..

- ძალიან ბევრი წლის ვარ და ჩემი კარიერა უკვე შემდგარია. სასაცილოა ახლა ვამტკიცო, ვუკრავ თუ ვერა. ჯერ ერთი, პროდიუსერმა არც უნდა დაუკრას და არც უნდა იმღეროს. ჩემ დაკვრას მიადგნენ, ჩემს ასაკს... - ეს ბებერი მარინა ბერიძე - იძახიან... ძალიან ცუდი დრო დაგვიდგა. თავისუფლება ზოგმა ისე გაიგო, რომ სხვას შეურაცხყოფა მიაყენოს. ყველაფერი ზღვარგადასულია უკვე. შეიძლება ნიკოლოზ რაჭველზე თქვა, რომ ის უნიჭოა?! ან გიორგი უშიკიშვილზე, დავით საყვარელიძეზე... ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მთავრობაა. შევარდნაძის დროსაც ვაკეთებდი საღამოებს, გუმბარიძის დროს პარიზში დავდიოდი პაატა ბურჭულაძესთან ერთად და ვუკრავდი. პაატა ბურჭულაძეს მოსწონდა ძალიან ჩემი დაკრული და გიგა კუხიანიძეს არ მოსწონს... ჯემალ სეფიაშვილს რამე დააკლდა, მე რომ გია ყანჩელს ბუმბერაზ კომპოზიტორად მივიჩნევ?! გია ყანჩელს თან გადავყვები. ერთი უზარმაზარი პროექტი გავაკეთე ადრე ყანჩელის და მსიამოვნებს, რომ მენდო. არ შეიძლება ყანჩელი ყველამ იმღეროს. მე ჩემი მუსიკალური ყური მკარნახობს ამას და ამიტომ ნატო მეტონიძისთვის მოვიგონე ეს პროექტი. ალბათ ცისანა სეფიაშვილს უნდა ემღერა? - არ ვიცი.. ნატალია ქუთათელაძეს და მარიამ როინიშვილს რა უნდა დაჭირდეთ, მათ რომ უანგაროდ გვერდით არ დავუდგე. მე ასეთი ნიჭიერი ადამიანები მიყვარს, მაგრამ სამინისტრსთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. არცერთ მთავრობასთან ჩაი არ მისვამს, ყოველთვის ჩემს საქმეს ვაკეთებდი და არავინ არ მებრძოდა. მებრძვიან კუხიანიძეები და რა ვქნა ახლა..

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)