"მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად ჭირდება მაღალი ხელფასი ოჯახის შესანახად" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად ჭირდება მაღალი ხელფასი ოჯახის შესანახად"

"ბატონ პრეზიდენტს ყველგან პატივისცემით იღებენ, როგორც მსოფლიო დონის პოლიტიკოსს"

"ადრე თუ გვიან, იგი აუცილებლად დაუბრუნდება თავის მოწოდებას - პოლიტიკოსობას"

"ერთი მითხარით, გამოიძიეს ჟვანიას მკვლელობა?"

"მიხეილ სააკაშვილს დანაშაულად უმთავრესად უყენებენ ორ რამეს. ერთი, ვითომდა მის მიერ ჟვანიას მკვლელობას და მეორე, მის მიერ რომელიღაც ალადინის გამოქვაბულიდან თუ საქართველოს ტერიტორიაზე სოლომონ მეფის მიერ გადამალული საგანძურიდან 19 თუ 39 მილიარდის მითვისებას..." - ამბობს ინდიანას შტატის უნივერსიტეტის პროფესორი დოდონა კიზირია, რომელიც ექს-პრეზიდენტის დღევანდელ ცხოვრებაზე ამერიკიდან გვესაუბრა..

- მინდა დასაწყისშივე აღვნიშნო, რომ ჩემს პასუხებში ბატონ მიხეილს მოვიხსენიებ, როგორც პრეზიდენტს და არა ექს-პრეზიდენტს. მე მივყვები იმ ამერიკულ წესს, რომლის მიხედვით ყველა ყოფილ პრეზიდენტს მათი ოფიციალური სტატუსი სიცოცხლის ბოლომდე რჩებათ. რამდენადაც ვიცი, ამჟამად პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკაში არ იმყოფება, მაგრამ როდესაც აქ იყო, შეხვდა ბევრ მის ძველ მეგობარს, სენატორებს, კონგრესმენებს და სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს. ის დიდ ინტერესს იწვევს სამთავრობო წრეებში და ყველგან პატივისცემით იღებენ მას, როგორც მსოფლიო დონის პოლიტიკოსს. იანვრიდან იგი ლექციების კურსს ჩაატარებს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე უძველესი და პრესტიჟული ტაფტის უნივერსიტეტის ფილეალში, ფლეტჩერის საერთაშორისო კანონმდებლობისა და დიპლომატიის განყოფილებაში.

- როგორც საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერდა, იგი უნივერსიტეტში ახალი სამსახურით და ხელფასით კმაყოფილია...

- არ შეიძლება ადამიანი არ იყოს კმაყოფილი, როდესაც მას ასეთ სახელგანთქმულ და მსოფლიო მნიშვნელობის უნივერსიტეტში პატიჟებენ. რაც შეეხება ხელფასს, როგორც მახსოვს, მან სთქვა, რომ მას ხელდაკრეფით ჯდომა არ უყვარს და კმაყოფილია ტუფტის უნივერსიტეტის შემოთავაზებით. შემდეგ დაამატა, რომ ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ჩემთვის ხელფასიც მნიშვნელოვანიაო. ამით მან მიანიშნა იმ სრულიად ფანტასტიურ ბრალდებებზე, თითქოს მას 19 თუ უკვე 37 მილიარდი დოლარი მოეპაროს. ამხელა ფინანსების მფლობელისთვის ხელფასს არ უნდა ჰქონოდა მნიშვნელობა, არა? მაგრამ მას ამგვარი არაფერი გააჩნია და ხელფასი ნამდვილად სჭირდება ოჯახის შესანახად.

- თქვენი ფეისბუქის გვერდზე წერთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ფიგურაა...

- პრეზიდენტი სააკაშვილის შესახებ უკლებლივ ყველა, ისინიც კი, ვინც მას აკრიტიკებს, საუბრობს, როგორც უნიჭიერეს პოლიტიკოსზე, რომელმაც 36 წლის ასაკში თითქმის შეუძლებელი შესძლო. მან სრულ განადგურებასთან მისული ქვეყანა არა თუ უფსრულიდან ამოათრია, მის სახელმწიფეობრიობას ჩაუყარა საფუძველი და მსოფლიო რუქაზე შესამჩნევი გახადა. დღეს ბევრს არ ახსოვს, რას წარმოადგენდა საქართველო 2003 წელს, რომ მთლიანად გაისიგრძეგანოს მისი წარმატება. აი, რა სთქვა ფლეტჩერის ფილეალის დეკანმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრისმა მის შესახებ: "იგი არის შესანიშნავი ლიდერი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მის ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე."

- თუ შეხვდით მას და როგორია მისი დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?

- მე მას შევხვდი, თუმცა არა უკანასკნელ ხანებში... იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ის გასაოცრად ოპტიმისტი ადამიანია და მიუხედავად ყველაფრისა, სწამს, რომ ქართველი ხალხი მაღალი ღირსების მქონე, ამაყი ერია და არ დასთმობს თავის დამოუკიდებლობას. სწამს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველი, რომელსაც მისი პრეზიდენტობის დროს იყო შექმნილი, იმდენად მტკიცეა, რომ მისი დანგრევა შეუძლებელია. გითხრათ მართალი, მე არა ვარ ასეთი ოპტიმისტი.

- სანდრა რულოვსი ამბობდა რომ მიხეილ სააკაშვილი დღესაც ენერგიით სავსეა და ბევრი სამომავლო გეგმები აქვს.. ხომ არ იცით მისი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება?

- მან თვითონ საკმაოდ ღიად ილაპარაკა ამ გეგმებზე. მას ძალიან მოსწონს მისი მომავალი სამსახურეობრივი ვალდებულება, ვინაიდან ეს მის პროფესიულ სფეროს ეხება - კანონმდებლობა და დიპლომატია. ჯერჯერობით ამით იქნება დაკავებული. გარდა ტაფტის უნივერსიტეტისა მას ბევრი მოპატიჟება ელის ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციების ჩასატარებლად. მაგრამ ადრე თუ გვიან დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკას დაუბრუნდება. ეს მისი ჭეშმარიტი მოწოდებაა.

- არ გამორიცხავენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის პასუხისგების საკითხიც დააყენოს..

- პრეზიდენტი სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უკვე არაერთხელ დააყენეს და არაერთხელვე უკან წაიღეს. ეს არის სწორედ ის შერჩევითი სამართალი, უფრო სწორედ უსამართლობა, რითაც ჩვენი მთავრობაა დაკავებული. ჯერ მოფიქრებულიც არა აქვთ, კერძოდ რაში დაადანაშაულონ, და მის პასუხისგებში მიცემისთვის კი უკვე მზად არიან. დანაშაულად უმთავრესად უყენებენ ორ რამეს. ერთი, ვითომდა მის მიერ ჟვანიას მკვლელობას და მეორე, მის მიერ რომელიღაც ალადინის გამოქვაბულიდან თუ საქართველოს ტერიტორიაზე სოლომონ მეფის მიერ გადამალული საგანძურიდან 19 თუ 39 მილიარდის მითვისებას. ერთი მითხარით, გამოიძიეს ჟვანიას მკვლელობა? არ გამოუძიებიათ. მაშ ამ დანაშაულს ვერ წაუყენებენ სანამ ჟვანიას საქმის პერპეტუუმ კვლევას არ დაამთავრებენ. რაც შეეხება მილიარდებს, ამ კატეგორიებით თამაშს ჩემი თანამემამულეები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ მიეჩვივნენ და არასოდეს დაფიქრებულან, რას ნიშნავს 19 მილიარდი. 2003 წელს საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი ერთ მილიარდს ძლივს აღწევდა. ერთი მითხარით, საიდან და როგორ უნდა მიეთვისებინა მას ასეთი თანხა, როდესაც საქართველოს წლიურმა ბიუჯეტმა 9 მილიარდს სულ უკანასკნელ 3-4 წლის განმავლობაში მიაღწია. ხოლო საზღვარგარეთიდან შემოსული საერთო წლიური დახმარება ერთო მილიარდიც არ იყო. თანაც ხშირად ეს სხვადასხვა საჭირო აღჭურვილობისა და არა ფულადი სახით. მაგრამ ლოგიკურად აზროვნება დღეს ცუდ ტონად ითვლება ჩემს სამშობლოში.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)