"ჰამარბერგიც და ომბუდსმენიც გავლენის ქვეშ მოექცნენ" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ჰამარბერგიც და ომბუდსმენიც გავლენის ქვეშ მოექცნენ" (ექსკლუზივი)

"მაშინ უნივერსიტეტი ყოფილა, ციხე კი არა"

"ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით კანონი არ შეიცვლება და შიმშილობა კონტრპროდუქტიულია"

"ერთ-ერთმა პატიმარმა პროტესტის ნიშნად იმდენჯერ მიიყენა თვითდაზიანება, რომ მისი გადარჩენა ვერ შევძელით"

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ექსკლუზიური ინტერვიუდან:

სოზარ სუბარი:

"ვიღაცები ფიქრობენ, რომ შიმშილობით რაღაცის მიღწევა შესაძლებელია და აქციებიც გრძელდება. არადა, პროტესტის ამგვარი ფორმები უხიფათო არ არის. ერთმა პატიმარმა, რომელმაც პროტესტის ნიშნად არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება, იმდენად გაიუარესა ჯანმრთელობა, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შევძელით, თუმცა ამისთვის 60 ათას ლარზე მეტი დავხარჯეთ. არადა, როცა ეს პატიმარი ხედავდა, რომ მის ყოველ აქციას ხმაური მოჰყვებოდა, უფრო მეტი შემართებით აგრძელებდა ამას. არიან ადამიანები, რომლებიც ნაკლებად ფიქრობენ შესაძლო შედეგებზე, ოღონდ კი თავის მიზანს მიაღწიონ და მზად არიან ტყუილი და მართალი ერ-თმანეთში აურიონ.

- ისიც დეზინფორმაციაა, რომ ადამინისტრაციამ მოშიმშილე პატიმრები სცემა და კარცერში ჩასვა? მოშიმშილეები არასათანადო მკურნალობასაც აპროტესტებენ...

- რა თქმა უნდა, ცრუ ინფორმაციაა. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც #7 საპყრობილეში მსჯავრდებულს ჰქონდა დაზიანებები და ეს საქმე გამოსაძიებლად პროკურატურაში გადავაგზავნეთ. ისიც ტყუილია, თითქოს პატიმრებს არ მკურნალობენ. მთელი წელია თავს ვიწონებთ იმით, რომ პატიმარი არ დავტოვეთ, ვისაც არ ვუმკურნალეთ და ამ ერთ კვირაში შევუწყვიტეთ ყველას მკურნალობა და წამლის მიცემა?

***

ერთმა პატიმარმა არაერთი განცხადება დაწერა სახალხო დამცველის სახელზე და ითხოვს, სვირინგი წავუშალოთ, მაგრამ ამას სახელმწიფო არ დააფინანსებს, როგორც დაიწერა, ისე წაიშალოს. ჯანდაცვას და ჩვენც გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანები გვაქვს.

- თქვენი კრიტიკა გამოიწვია სახალხო დამცველის განცხადებამ, რომ მაყუ-რებლები ცდილობენ აკონტროლონ ციხეები, თომას ჰამარბერგმაც იგივე განაცხადა. თქვენ უარყოფთ ამას?

- ჰამარბერგიც და სახალხო დამცველიც ერთი და იმავე კლიშეს გავლენის ქვეშ მოექცნენ. რა თქმა უნდა, არიან ავტორიტეტები და თუ ვინმე ოდესმე ამბობდა, რომ არ არიან, ცრუობდა. როცა ჩვენ მოვედით, ექიმთან რიგს, ქალაქში გადაყვანას, პატიმრის მიერ მისაღები წამლის დოზასაც კი ადრე "მაყურებელი" აკონტროლებდა. დღეს ეს ყველაფერი მოისპო და ექიმის საქმიანობაში ვერავინ ერევა. ასევე, ერთ-ერთი წყარო, რაც აძლიერებდა კრიმინალურ ავტორიტეტებს, იყო მოსამსახურე პატიმრების, ე.წ. აბსლუგის მიერ აკრეფილი ფული. ის პატიმრები, რომლებიც საჭმელს არიგებდნენ, ასუფთავებდნენ ან ნაგავი გაჰქონდათ, ყველა პატიმრისგან იღებდნენ ფულს. შესაბამისად, მათ ე.წ. ბრიგადირებს "ნაციონალების" დროს თვეში რამდენიმე ათასი ჰქონდათ. ამ თანხის ნაწილი კი ავტორიტეტებს მიჰქონდათ. ჩვენ საერთოდ გავაუქმეთ ფულის აკრეფა და მომსახურე პატიმრებს ფულს ბიუჯეტიდან 160-დან 200 ლარამდე ერიცხებათ ბარათზე. და, რაც მთავარია, ეს საქმიანობა მათთვის აღარ არის ღირსების შემლახავი.

***

- რამდენი ე.წ კანონიერი ქურდია ციხეში?

- ზუსტად არ მახსოვს, მგონი 12 თუ 14. ყველანი ერთ დაწესებულებაში - მე-7-ში არიან მოთავსებულნი, ერთის გარდა, რომელიც ამჟამად ავადმყოფობის გამო საავადმყოფოში წევს.

- ბატონო სოზარ, მართლა აქვთ ციხეებში პატიმრებს ლეპტოპები, ტელეფონები და "ვაიფაი"?

- თუ ასეა, მაშინ უნივერსიტეტი ყოფილა, ციხე კი არა. ცხადია არა და ესეც მორიგი ცრუ ბრალდებაა. ჩვენ არაერთი ადამიანი დავავაკავეთ ციხეში ნარკოტიკისა და მობილური ტელეფონის შეტანის მცდელობაზე. ეს ადრეც ხდებოდა და ახლაც ხდება. დღესაც იხდიან სასჯელს ის ადამიანები, რომლებსაც მე-7 საპყრობილეში, ყველაზე მკაცრ და ყველაზე კარგად დაცულ და გაკონტროლებულ დაწესებულებაში აღმოუჩინეს ცივი იარაღები, ე.წ. "შტირები", მობილური ტელეფონი, სანთებელები და სხვა აკრძალული ნივთები. თუკი მე-7-ში შედიოდა აკრძალული ნივთები, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ გეგუთში ან ქსანში შევიდეს, სადაც 10 ჰა ტერიტორიაა და გალავანზე გადააგდონ აკ-რძალული ნივთი, ე.წ. "პერებროსი" ან თანამშრომლებმა ფული აიღონ და შეიტანონ. ამის მცდელობა ყოველთვის იქნება, რადგან უსინდისო ადამიანები ყოველთვის იქნებიან, მთავარია, რომ ამის კონტროლი უაღრესად გამკაცრებულია.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.