"ქეთევან წამებულის ნეშტის ნაწილს ინდოელები არ დაგვითმობენ" - კვირის პალიტრა

"ქეთევან წამებულის ნეშტის ნაწილს ინდოელები არ დაგვითმობენ"

"მთელი ომი გვქონდა ინდოელებთან, მაგრამ ვერაფერს გავხდით..."

"არც ვატიკანი იძლევა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს. ფაქტია, სიწმინდეებს არ გვაძლევენ. შენ თუ თვლი, რომ შენი დედოფალია, იტალიელი მისიონერი თვლის, რომ მათი მოძიებულია. რუსეთი რას თვლის, ღმერთმა უწყის... "

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია რომ მკლავის ძვალი, რომელიც ქართველმა და ინდოელმა არქეოლოგებმა გოაში, წმინდა ავგუსტინეს ნანგრევებად ქცეულ ეკლესიაში აღმოაჩინეს, სავარაუდოდ წმინდან დედოფალს, ქეთევან წამებულს ეკუთვნის.

მწერალი და დრამატურგი, ლაშა თაბუკაშვილი:

- ინდოეთში ადრე მამა - რეზო თაბუკაშვილი გახლდათ, მეც ვიყავი და ჩემი ვაჟიც. მაშინ ეჭვი გვაქვს, რომ ეს წმინდა ნაწილი დაგვიმალეს. ქეთევან დედოფლის წმინდა ნეშტის ნაწილი სხვა წმინდანის ნაწილთან ერთად არის კოლოფში და მაშინ ვერ მოვიძიეთ. პირველად 15 წლის წინ ვიყავით და იმის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე. შემდეგ იქ სხვებიც ჩადიოდნენ. კონკრეტული ექსპედიცია არ ყოფილა, მაგრამ ყოველ სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ უცებ ეპიდემიასავით იფეთქებდა, რაღაც აღმოვაჩინეთო და ეს რაღაც ყოველთვის თეორიულ ვერსიად რჩება... წმინდა დედოფლის ნეშტის ზოგიერთი ნაწილის ადგილმდებარეობა დანამდვილებით ცნობილია - ვატიკანი, ბელგია, რუსეთი... მაგრამ არავინ გვაძლევს. რუსეთში ერთ-ერთ მუზეუმში აქვთ... ღმერთმა ქნას, მართლა აღმოეჩინოთ, ეს დიდი მადლი იქნება საქართველოსთვის. თუმცა ვინ გამოატანთ?! არ დაგვითმობენ, ჩვენ მთელი ომი გვქონდა ინდოელებთან, მაგრამ ვერაფერს გავხდით... რეზომ დააწყებინა ეგ გათხრები, როდესაც იქ ტურისტად იყო ჩასული. როდესაც სასაფლაო გასუფთავდა, ჩავედით და დავიწყეთ ძიება ძველ ნანგრევებში. ვაჟა ლორთქიფანიძე იყო ჩვენთან ერთად, მამაც თავდადებულად, ნახევრადმშიერი ეძებდა, ოღონდ რამე ეპოვა, მაგრამ ამაოდ... საერთოდ ინდოეთში ავი დამოკიდებულებაა ყველა მაძიებლის მიმართ, ვინც კი იქ რამე რელიქვიას ეძებს. რაც არ უნდა აუხსნა, რომ შენი დედოფალია, იმეორებენ, მერე რა, მთელი ინდოეთი გაზიდეს ბრიტანელებმაო... ისე, ბრიტანულ მუზეუმში რომ შეხვალ ინდოეთში, მართლა ნაყაჩაღარს ჰგავს იქაურობა. ინდოელები ძალიან დაიჩაგრნენ ამ მხრივ და გაუჩნდათ პროტესტი, ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან და ჩვენი კულტურა გაიძარცვაო.

- ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ინდოელების კულტურა ხომ არ არის..

- საქმე იმაშია, რომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილთან ერთად არის სხვა წმინდანების ნაწილებიც... ღმერთმა ხელი მოუმართოს, ვინც აღმოაჩენს და გამოიტანს. ჯერ ჩამოტანა არ გამიგია, თორემ როგორც მოგახსენეთ, აღმოჩენაზე ყოველ სამ წელიწადში მესმის და იბეჭდება კიდეც. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის აღმოჩენა უკანასკნელი გედის სიმღერა იყო მამასი. ავადმყოფობა რომ შეეყარა და გარდაიცვალა, შემდეგღა შევუსრულეთ ნატვრა და ჩავედით ინდოეთში. თუმცა სადაც მამას ეჭვი ჰქონდა და ეძებდა, იქ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი უკვე ნაპოვნი იყო და გადამალული, (როგორც იქაურებმა გვითხრეს კიდეც)... არც ვატიკანი იძლევა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს. მტკივნეულია, მაგრამ ფაქტია, სიწმინდეებს არ გვაძლევენ. შენ თუ თვლი რომ შენი დედოფალია, იტალიელი მისიონერი თვლის, რომ მათი მოძიებულია. რუსეთი რას თვლის, ღმერთმა უწყის, ან საერთოდ როდის რა ჩაუთვლია...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)