"თქვენ ვერ გახდებით მუსიკოსები ანუ ნატოს და ევროკავშირის წევრები" (ექსკლუზივი)
"საქართველოში მოსკოვის სურვილებს უნდა დაელოდოთ მოთმინებით და ყურადღებით და არ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან, ბრიუსელში, საჩივლელად"
"ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა ვერ გაიგო მინიშნება - ”მიეცით კეისარს კეისრისა”
" ქართული რეალობა გვიჩვენებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით უძლურმა ევროკავშირმა ბედის ანაბარად მიატოვა საქართველო"
"უნდა გაკეთდეს არჩევანი - დაბრუნება განახლებულ ”საბჭოთა კავშირში”, სვლა ნელთბილი ევროკავშირისკენ, თუ რადაც არ უნდა დაჯდეს, საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება"
ექსპერტ იუჯინ კოგანის ნარკვევიდან - ”რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ევროკავშირის დამოკიდებულება”
”საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ პრეზიდენტ პუტინის პასუხის გადმოცემა ალბათ შესანიშნავად შეიძლება კრილოვის იგავ-არაკის, ”მუსიკოსების”, ბულბულის სიტყვების პერიფრაზით. პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ და არაორაზროვნად სწორედ იგივე თქვა, რაც ბულბულმა უთხრა კვარტეტს:
”რომ იყო მუსიკოსი, საჭიროა გქონდეს უკეთესი სმენა და მეტი გონებრივი მონაცემები და ის, თუ როგორ და სად დადგები, მნიშვნელობა არა აქვს - თქვენ ვერ გახდებით მუსიკოსები”, ანუ, ამ შემთხვევაში - ვერ გახდებით ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის წევრები და ”მე, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გავაკეთებ ყველაფერს, რისი ძალაც შემწევს, რომ შევაფერხო თქვენი ყველა მცდელობა ორივე ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად”. ამრიგად, პრეზიდენტ პუტინს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა აწმყოც და მომავალიც შემდეგნაირად წარმოუდგენია: საქართველომ ხელი უნდა აიღოს თავის მისწრაფებაზე, გაწევრიანდეს ორივე ორგანიზაციაში და უნდა შეურიგდეს რუსეთს პუტინის მიერ შემოთავაზებული პირობებით. და მაინც, საქართველოს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პუტინმა და მისმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტეს ახლად არჩეული მთავრობისათვის ყველაფრის ახლიდან დაწყების შანსი მიეცათ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ახალი მთავრობის საერთაშორისო პრიორიტეტები მიხეილ სააკაშვილის პრიორიტეტების მსგავსია და გულისხმობს ევროპულ ინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანებას. ბიძინა ივანიშვილი ხალხს ასევე დაჰპირდა რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებას, რომ შეეცდებოდა რუსეთი დაერწმუნებინა იმაში, რომ საქართველოს სტრატეგიული მისწრაფებები არ შეიცავდა საფრთხეებს რუსეთისთვის და რომ რუსეთი შეძლებდა ამ მისწრაფებებთან შეგუებას. საქართველოში 2013 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად შეცვლილი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ ვერ შეძლებენ შეცვალონ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. ამასთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ორმაგი პოლიტიკა, სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ და რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორება, კვლავაც რჩება ახალი ხელმძღვანელობის დღის წესრიგში.
რუსეთი მიესალმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თქვა, რომ შესაძლებელი გახდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომით შეწყვეტილი კავშირების განახლება.
დიმიტრი პესკოვმა, პუტინის წარმომადგენელმა, განაცხადა: ”ჩვენ ნამდვილად მოუთმენლად ველით ახალ, კეთილგანწყობილ, საღად მოაზროვნე ხელმძღვანელობას საქართველოში”. პესკოვმა დასძინა: ახალი ხელმძღვანელობა იქნება ”ძალიან კარგი და პოზიტიური ჩვენთვის. თუკი მეტ პოლიტიკურ სიბრძნეს გამოიჩენენ, ამ ქვეყნისთვის უამრავი ახალი გზა გაიხსნება”, ხოლო თუ ასე არ მოხდება, უამრავი დაბრკოლება შეიქმნება რუსულ-ქართულ გზაზე. პირველი ნაბიჯი მოსკოვთან გართულებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გადაიდგა 2012 წლის 1 ნოემბერს, როცა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ზურაბ აბაშიძე დანიშნა თავის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში. ივანიშვილმა აგრეთვე განაცხადა:
”ჩვენს ქვეყნებსაკავშირებს ხანგრძლივი ისტორია. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირის შექმნამდე დიდი ხნით ადრე, ასევე მისი არსებობის განმავლობაში და მისი დაშლის შემდეგაც. ახლა ჩვენ ჯერ უნდა მოვაგვაროთ საქმეები და შემდეგ გადავიდეთ ახალი ტიპის ურთიერთობებზე”. თუკი ივანიშვილი იმედოვნებდა, რომ მისი ინიციატივა მოსკოვის დადებით რეაქციას გამოიწვევდა, ის იმედგაცრუებული დარჩა [ავტორის ხაზგასმა]. ალექსანდრე ლუკაშევიჩი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ძალიან ფრთხილად გამოეხმაურა აბაშიძის დანიშნვას: ”მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ მას აქ იცნობენ, როგორც ელჩს, რომელიც მუშაობდა ჩემს ქვეყანაში და, ასევე - მისი აქ ჩამოსვლებით; ის პირადად კარგად იცნობს რუსეთს”. როცა თბილისიდან წამოსულმა განცხადებებმა მოსკოვის ყურადღება მიიქცია, ლუკაშევიჩმა განაცხადა: ”ჩვენ საქართველოს ახალი მთავრობისგან კონკრეტულ, პრაქტიკულ ნაბიჯებს ველოდებით”. ლუკაშევიჩმა, როგორც გაწაფულმა დიპლომატმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, არ განავრცო, თუ ზუსტად რას ნიშნავდა კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯები.
ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ პირველი საზღვარგარეთული მოგზაურობისას ივანიშვილმა გამოიყენა პრესკონფერენცია ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროზოსთან, რათა გამოეხატა თავისი სინანული მოსკოვის ნელთბილი რეაქციის გამო. ივანიშვილმა განაცხადა: ”ჩვენი მთავრობა იმედგაცრუებულია ამ განცხადებების გამო. ჯერ არ გამოთქმულა შესატყვისი პასუხი მოსკოვიდან. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება გააანალიზებს სიტუაციას და მის შესაბამისად იმოქმედებს”. იმავე პრესკონფერენციაზე ბაროზომ აღნიშნა: ”ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ისეთ მნიშვნელოვან მეზობელთან, როგორიც რუსეთია” ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - თქვენ, საქართველოში, მოსკოვის სურვილებს უნდა დაელოდოთ მოთმინებით და ყურადღებით და არ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან, ბრიუსელში, საჩივლელად. გულს ნუ აიცრუებთ მოსკოვის ნელთბილი რეაქციის გამო, კარგად მოიქეცით და ეს დაგიფასდებათ. რაც შეეხება ივანიშვილის იმედგაცრუებას მოსკოვის გამო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მას არ ესმის პუტინის პოლიტიკა კონკრეტულად საქართველოს მიმართ და ზოგადად სამხრეთ კავკასიის მიმართ. შესაძლოა ივანიშვილი კარგად იცნობს რუსული ბიზნესელიტის ქცევას და მენტალობას, მაგრამ მისთვის ნაკლებად ნაცნობია რუსი პოლიტიკოსების სამყარო.
რაც შეეხება კონკრეტულ და პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომელსაც მოსკოვი მოელის საქართველოს ახალი მთავრობისგან, სავარაუდოდ უნდა გულისხმობდეს იმ რიტორიკის შერბილებას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სწრაფვასთან ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებისაკენ; ამ მიზნებს უნდა მოჰყვეს სერიოზული ფიქრი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე რუსეთთან - როგორც უდიდეს მეზობელთან და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ღვინის, მინერალური წყლის და ლუდის ბაზართან. თბილისის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ავტომატურად არ მოჰყვება მოსკოვის შესაბამისი ქმედებები. როგორც ჩანს, ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა ვერ გაიგო ეს მინიშნება - ”მიეცით კეისარს კეისრისა”. როგორც ჩანს, არც ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, არ ესმის, რომ რუსეთი არ არის თანაბარი პარტნიორი, რადგან მაშინ არ იტყოდა, რომ ”ჩვენ საქართველოში ავაწყობთ რუსეთთან ურთიერთობებს თანაბარ და პოზიტიურ საფუძველზე და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია”.