" სამხედრო თვალსაზრისით უძლურმა ევროკავშირმა ბედის ანაბარად მიატოვა საქართველო" - კვირის პალიტრა

" სამხედრო თვალსაზრისით უძლურმა ევროკავშირმა ბედის ანაბარად მიატოვა საქართველო"

"საქართველოში მოსკოვის სურვილებს უნდა დაელოდოთ მოთმინებით და ყურადღებით და არ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან, ბრიუსელში, საჩივლელად"

"ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა ვერ გაიგო მინიშნება - ”მიეცით კეისარს კეისრისა”

" ქართული რეალობა გვიჩვენებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით უძლურმა ევროკავშირმა ბედის ანაბარად მიატოვა საქართველო"

"უნდა გაკეთდეს არჩევანი - დაბრუნება განახლებულ ”საბჭოთა კავშირში”, სვლა ნელთბილი ევროკავშირისკენ, თუ რადაც არ უნდა დაჯდეს, საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება"

ექსპერტ იუჯინ კოგანის ნარკვევიდან - ”რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ევროკავშირის დამოკიდებულება”

”საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ პრეზიდენტ პუტინის პასუხის გადმოცემა ალბათ შესანიშნავად შეიძლება კრილოვის იგავ-არაკის, ”მუსიკოსების”, ბულბულის სიტყვების პერიფრაზით. პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ და არაორაზროვნად სწორედ იგივე თქვა, რაც ბულბულმა უთხრა კვარტეტს:

”რომ იყო მუსიკოსი, საჭიროა გქონდეს უკეთესი სმენა და მეტი გონებრივი მონაცემები და ის, თუ როგორ და სად დადგები, მნიშვნელობა არა აქვს - თქვენ ვერ გახდებით მუსიკოსები”, ანუ, ამ შემთხვევაში - ვერ გახდებით ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის წევრები და ”მე, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გავაკეთებ ყველაფერს, რისი ძალაც შემწევს, რომ შევაფერხო თქვენი ყველა მცდელობა ორივე ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად”. ამრიგად, პრეზიდენტ პუტინს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა აწმყოც და მომავალიც შემდეგნაირად წარმოუდგენია: საქართველომ ხელი უნდა აიღოს თავის მისწრაფებაზე, გაწევრიანდეს ორივე ორგანიზაციაში და უნდა შეურიგდეს რუსეთს პუტინის მიერ შემოთავაზებული პირობებით. და მაინც, საქართველოს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პუტინმა და მისმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტეს ახლად არჩეული მთავრობისათვის ყველაფრის ახლიდან დაწყების შანსი მიეცათ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ახალი მთავრობის საერთაშორისო პრიორიტეტები მიხეილ სააკაშვილის პრიორიტეტების მსგავსია და გულისხმობს ევროპულ ინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანებას. ბიძინა ივანიშვილი ხალხს ასევე დაჰპირდა რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებას, რომ შეეცდებოდა რუსეთი დაერწმუნებინა იმაში, რომ საქართველოს სტრატეგიული მისწრაფებები არ შეიცავდა საფრთხეებს რუსეთისთვის და რომ რუსეთი შეძლებდა ამ მისწრაფებებთან შეგუებას. საქართველოში 2013 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად შეცვლილი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ ვერ შეძლებენ შეცვალონ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. ამასთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ორმაგი პოლიტიკა, სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ და რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორება, კვლავაც რჩება ახალი ხელმძღვანელობის დღის წესრიგში.

რუსეთი მიესალმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თქვა, რომ შესაძლებელი გახდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომით შეწყვეტილი კავშირების განახლება.

დიმიტრი პესკოვმა, პუტინის წარმომადგენელმა, განაცხადა: ”ჩვენ ნამდვილად მოუთმენლად ველით ახალ, კეთილგანწყობილ, საღად მოაზროვნე ხელმძღვანელობას საქართველოში”. პესკოვმა დასძინა: ახალი ხელმძღვანელობა იქნება ”ძალიან კარგი და პოზიტიური ჩვენთვის. თუკი მეტ პოლიტიკურ სიბრძნეს გამოიჩენენ, ამ ქვეყნისთვის უამრავი ახალი გზა გაიხსნება”, ხოლო თუ ასე არ მოხდება, უამრავი დაბრკოლება შეიქმნება რუსულ-ქართულ გზაზე. პირველი ნაბიჯი მოსკოვთან გართულებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გადაიდგა 2012 წლის 1 ნოემბერს, როცა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ზურაბ აბაშიძე დანიშნა თავის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში. ივანიშვილმა აგრეთვე განაცხადა:

”ჩვენს ქვეყნებსაკავშირებს ხანგრძლივი ისტორია. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირის შექმნამდე დიდი ხნით ადრე, ასევე მისი არსებობის განმავლობაში და მისი დაშლის შემდეგაც. ახლა ჩვენ ჯერ უნდა მოვაგვაროთ საქმეები და შემდეგ გადავიდეთ ახალი ტიპის ურთიერთობებზე”. თუკი ივანიშვილი იმედოვნებდა, რომ მისი ინიციატივა მოსკოვის დადებით რეაქციას გამოიწვევდა, ის იმედგაცრუებული დარჩა [ავტორის ხაზგასმა]. ალექსანდრე ლუკაშევიჩი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ძალიან ფრთხილად გამოეხმაურა აბაშიძის დანიშნვას: ”მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ მას აქ იცნობენ, როგორც ელჩს, რომელიც მუშაობდა ჩემს ქვეყანაში და, ასევე - მისი აქ ჩამოსვლებით; ის პირადად კარგად იცნობს რუსეთს”. როცა თბილისიდან წამოსულმა განცხადებებმა მოსკოვის ყურადღება მიიქცია, ლუკაშევიჩმა განაცხადა: ”ჩვენ საქართველოს ახალი მთავრობისგან კონკრეტულ, პრაქტიკულ ნაბიჯებს ველოდებით”. ლუკაშევიჩმა, როგორც გაწაფულმა დიპლომატმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, არ განავრცო, თუ ზუსტად რას ნიშნავდა კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯები.

ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ პირველი საზღვარგარეთული მოგზაურობისას ივანიშვილმა გამოიყენა პრესკონფერენცია ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროზოსთან, რათა გამოეხატა თავისი სინანული მოსკოვის ნელთბილი რეაქციის გამო. ივანიშვილმა განაცხადა: ”ჩვენი მთავრობა იმედგაცრუებულია ამ განცხადებების გამო. ჯერ არ გამოთქმულა შესატყვისი პასუხი მოსკოვიდან. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება გააანალიზებს სიტუაციას და მის შესაბამისად იმოქმედებს”. იმავე პრესკონფერენციაზე ბაროზომ აღნიშნა: ”ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ისეთ მნიშვნელოვან მეზობელთან, როგორიც რუსეთია” ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - თქვენ, საქართველოში, მოსკოვის სურვილებს უნდა დაელოდოთ მოთმინებით და ყურადღებით და არ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან, ბრიუსელში, საჩივლელად. გულს ნუ აიცრუებთ მოსკოვის ნელთბილი რეაქციის გამო, კარგად მოიქეცით და ეს დაგიფასდებათ. რაც შეეხება ივანიშვილის იმედგაცრუებას მოსკოვის გამო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მას არ ესმის პუტინის პოლიტიკა კონკრეტულად საქართველოს მიმართ და ზოგადად სამხრეთ კავკასიის მიმართ. შესაძლოა ივანიშვილი კარგად იცნობს რუსული ბიზნესელიტის ქცევას და მენტალობას, მაგრამ მისთვის ნაკლებად ნაცნობია რუსი პოლიტიკოსების სამყარო.

რაც შეეხება კონკრეტულ და პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომელსაც მოსკოვი მოელის საქართველოს ახალი მთავრობისგან, სავარაუდოდ უნდა გულისხმობდეს იმ რიტორიკის შერბილებას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სწრაფვასთან ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებისაკენ; ამ მიზნებს უნდა მოჰყვეს სერიოზული ფიქრი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე რუსეთთან - როგორც უდიდეს მეზობელთან და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ღვინის, მინერალური წყლის და ლუდის ბაზართან. თბილისის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ავტომატურად არ მოჰყვება მოსკოვის შესაბამისი ქმედებები. როგორც ჩანს, ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა ვერ გაიგო ეს მინიშნება - ”მიეცით კეისარს კეისრისა”. როგორც ჩანს, არც ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, არ ესმის, რომ რუსეთი არ არის თანაბარი პარტნიორი, რადგან მაშინ არ იტყოდა, რომ ”ჩვენ საქართველოში ავაწყობთ რუსეთთან ურთიერთობებს თანაბარ და პოზიტიურ საფუძველზე და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია”.

როგორც ჩანს, გარკვეული დროის შემდეგ საქართველოს ახალმა ხელმძღვანელობამ, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების კეთილი განზრახვის მიუხედავად, გააღიზიანა კრემლი. საპასუხო მოქმედების ნაცვლად, რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დაეჩქარებინა მცოცავი ოკუპაცია სამხრეთ ოსეთის დაკარგულ ქართულ ტერიტორიაზე. ეს პრობლემა ფართოდ და ღიად გაშუქდა პრესაში. როგორც ეს ჩვენთვის დღეისათვის არის ცნობილი, მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკა დაიწყო 2009 წელს და განსაკუთრებით დაჩქარდა 2013 წლის ივნისსა და ოქტომბერში. მცოცავი ოკუპაციის სიმძაფრის შერბილების მიზნით ვლადიმერ პუტინმა ოფიციალური განცხადება გააკეთა 2013 წლის 11 ივნისის ინტერვიუში სოფო შევარდნაძესთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილთან. პირველ რიგში, პუტინმა დაადასტურა ორი ”წითელი ხაზის” არსებობა, რომლის გადალახვა არც ერთ მხარეს არ შეუძლია: რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ”დამოუკიდებლობა” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პირისპირ. მან დაამატა, რომ მას ”ვერ წარმოედგინა” რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება, მაგრამ ასევე აღიარა, რომ საქართველო ”იბრძვის, როგორც ამას თბილისი უწოდებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის”. როგორც პუტინმა აღნიშნა, სათანადო მიდგომა ”მოითხოვს ყურადღებით განხილვას, კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღებას და სურვილს, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს ყველა იმ ადამიანის ინტერესების საფუძველზე, ვინც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს”.

ამგვარად, პუტინი თითქოს სვამს თანაბარი დისტანციის საკითხს ან, ყოველი შემთხვევისთვის, აღვიძებს ამის იმედს თბილისში; აშკარაა, რომ ის არაფერს არ გამორიცხავს. ყველაფერზე შეიძლება შეთანხმება. პუტინი ცდილობს გაატაროს აზრი, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოო სტატუსი არ არის დახურული საკითხი და, სავარაუდოდ, შესაძლოა მომავალში გაიხსნას. იგი გარეგნულად ცდილობს პრობლემის ოპტიმალურ ან საბოლოო გადაჭრასთან დაკავშირებით სკეპტიკოსად წარმოჩინდეს. მთელი თავისი ბუნდოვანებით და ორაზროვნებით პუტინის ინტერვიუ წარმოადგენს უპრეცედენტო წინადადებას თბილისისთვის. იმის მინიშნებით, რომ ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება, მოსკოვი თითქოს უბიძგებს თბილისს თავის მიზნებს შორის აირჩიოს [ავტორის ხაზგასმა] ერთერთი:

ერთი მხრივ, ეს არის დასავლურ ორიენტაციასთან, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებული მიზნები და, მეორე მხრივ, დაარეგულიროს ურთიერთობები რუსეთთან და აღადგინოს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა რაიმე ახალი ფორმით, მოლაპარაკებების საშულებით, რაც მოითხოვს რუსეთთან თანამშრომლობას, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის უსიტყვო მორჩილებას. ივანიშვილის მთავრობა ჯერ კიდევ ცდილობდა შეენარჩუნებინა ის ორი მიზანი და არ გაეკეთებინა არჩევანი რომელიმე მათგანზე. როგორც ცნობილია, პუტინს არ უყვარს, როცა ასულელებენ. აქამდე რუსეთის ტექნიკამ თავი შეიკავა მასიური პროვოკაციისგან, რასაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა იძულებული გაეხადა საქართველო და დასავლეთი პასუხი გაეცათ მისთვის. სამაგიეროდ, მცოცავი მიდგომა თითქოსადა უადვილებს საქართველოს მთავრობას (ყოველ შემთხვევაში, მის ნაწილს) და მის დასავლელ პარტნიორებს, რომ იყვნენ პასიურად და პერიოდულად პრო ფორმა, დაიჩივლონ [ავტორის ხაზგასმა], რასაც არანაირი შედეგი არ მოაქვს. ადგილზე გამოთქმული სიტყვიერი განცხადებები შედგეს ვერ მოიტანს, თუკი ვაშინგტონი და ბრიუსელი არ წამოწევენ ამ საკითხს პირდაპირ მოსკოვში, მაგრამ მოსკოვი დარწმუნებული ჩანს, რომ ეს არ მოხდება და ამიტომაც დაუბრკოლებლად განაგრძობს მოქმედებებს.

პრემიერ-მინისტრობიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა: ”ის, რაც ხდება, კერძოდ, მცოცავი ოკუპაცია, ძალიან უსიამოვნო და გაურკვეველია, რადგან მე ვფიქრობდი, რომ განსხვავებული ტიპის ურთიერთობა ჩამოყალიბდებოდა ახალ მთავრობასა და რუსეთს შორის. ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ სიტუაცია დაგველაგებინა. ეს ჩემთვის გაუგებარია და ჩვენ ახლაც ვცდილობთ გავარკვიოთ, საიდან მოდის ეს ყოველივე”. ვასილი რუხაძემ მკაფიოდ განმარტა რუსეთის განზრახვა: საოკუპაციო ზოლის მუდმივი გადაწევით რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს კონფლიქტის გასაღვივებელი ნაპერწკალი და პრაქტიკულად იწვევს საქართველოს ღია შეჯახებისკენ. როგორც ჩანს, მოსკოვი ფიქრობს, რომ თუკი საჭიროდ მიიჩნევს, შეუძლია გაააქტიუროს ეს კონფლიქტი ნებისმიერ დროს და ჩაითრიოს საქართველო ახალ, ფართომასშტაბიან, გამანადგურებელ კონფლიქტში, რითიც ის შეარყევს ყველაზე შორეულ ოცნებას გაერთიანებული, სტაბილური და აყვავებული საქართველოს შესახებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საქართველო თავიდან აიცილებს აგრესიულ რიტორიკას და კონფრონტაციას რუსეთთან, რაც მის ინტერსებში არ შედის, ისევე შეიძლება საქართველოს პროვოცირება, როგორც ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების წინ და კვლავ ქართული მხარე იქნება დადანაშაულებული და არა რუსეთის პროვოკაციულ-მაპროვოცირებელი საქციელი. ის, თუ რა ისწავლა დასავლეთმა რუსეთის წარმატებული, ბინძური პიარკამპანიის მაგალითებზე, რომლებიც წინ უძღოდა 2008 წლის აგვისტოს ომს, და რა იქნება დასავლეთის რეაქცია შემდეგ ჯერზე, მომავალში გამოჩნდება.

სამწუხაროდ, საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის ივანიშვილის რწმენა, რომ კრემლთან ურთიერთობები შეიძლება გამოსწორდეს რუსეთისადმი დადებითი ჟესტების გამოხატვით, მაგრამ, ამასთანავე, ევროპული ინტეგრაციისაკენ და ნატოსკენ ლტოლვით, არარეალისტური აღმოჩნდა. პუტინის თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელმძღვანელობის იძულებას დათმოს თავისი სუვერენობა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არათუ შეიცვალა, არამედ უფრო მყარიც გახდა. რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისთვის. მართალია, მოსკოვი მუდმივად აცხადებს, რომ ის არის სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი, მაგრამ მისი სამხედრო შენაერთების აქ ყოფნა სინამდვილეში ერთადერთ უდიდეს გამოწვევად რჩება მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არა მარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის მთელ რეგიონში. ეს შეფასება მთლიანად უარყოფილია რუსეთის ოფიციალური პირების მიერ, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ და მოვლენათა განვითარებისა და ომის გაჩაღების მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებენ. იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი რბილად დაელაპარაკება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს, რუსეთი დარჩება მთავარ სამხედრო ძალად სამხრეთ კავკასიაში და პირიქით - თუ რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ რეგიონში გამაგრებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები კვლავაც მოუგვარებელი დარჩება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპისთვის (ან, უფრო სწორად, ევროკავშირისთვის) ივანიშვილის გამარჯვება და რუსეთთან ურთიერთობაში მისი კურსის შეცვლა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროპელი ლიდერები შეჩვეული იყვნენ პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი საგარეო პოლიტიკის პროდასავლურ კურსს, რომელიც მხარს უჭერდა ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციას რუსეთთან ურთიერთობების ხარჯზე. ოფიციალურად [ავტორის ხაზგასმა] ევროკავშირი რუსეთთან დაკავშირებით მხარს უჭერს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ახალ პოლიტიკურ კურსს. შტეფან ფულემ, ევროკავშირის

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა, არაერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა გაუმჯობესება ასევე ემსახურებოდა ევროკავშირის ინტერესებს. მაგრამ შინაგანად [ავტორის ხაზგასმა] წევრი სახელმწიფოები შეშფოთებული არიან, რომ შესაძლოა განვითარდეს მეორე ”უკრაინის სცენარი”, ანუ საქართველომ შესაძლოა საბოლოოდ შეცვალოს თავისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა რუსეთთან დათმობების ხარჯზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებში. აქედან გამომდინარე, საქართველო-რუსეთის დაახლოებას სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირი და მუდმივად ცდილობს, რომ საქართველოს მთავრობამ დაარწმუნოს ის, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება არ მოახდენს ზეგავლენას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაზე.

შენელებული ინტერესისა და ორაზროვანი შეხედულებების გათვალისწინებით, საქართველო არ უნდა ელოდოს ევროპისგან რაიმე მნიშვნელოვან მხარდაჭერას რუსეთთან მისი ურთიერთობების გრძელვადიანი ნორმალიზაციის საკითხში. არც იმის პერსპექტივა ჩანს, რომ ახლო მომავალში ევროპა ინიციატივას გამოიჩენს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის მოგვარებაში.

საქართველომ თვითონ უნდა გაიაროს ეს გზა და მან ეს უნდა გაიგოს. კერძოდ, უნდა გაკეთდეს არჩევანი - დაბრუნება განახლებულ ”საბჭოთა კავშირში”, სვლა ნელთბილი ევროკავშირისკენ, თუკი ევროკავშირი ჯერ კიდევ ახლოსაა, თუ რადაც არ უნდა დაჯდეს, საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ჩვენს ამ მტკიცებას მთლიანად უარყოფენ ევროკავშირის ოფიციალური პირები, თუმცა ქართული რეალობა გვიჩვენებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით უძლურმა ევროკავშირმა ბედის ანაბარად მიატოვა საქართველო. ამასთანავე, ევროკავშირს არ სურს რუსეთთან დაპირისპირება საქართველოს მიზეზით და ამის გამო საქართველოს მძიმე მდგომარეობაში ტოვებს. ამას თითქოს აცნობიერებენ საქართველოს ოფიციალური პირები, მაგრამ იმავდროულად არ სურთ ამის აღიარება.

აშკარაა, რომ საქართველოს პოლიტიკური წრეები თავიდანვე შეცდნენ, როცა ივარაუდეს ან, შესაძლოა, წარმოიდგინეს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ორმაგი პოლიტიკის განხორციელება შეიძლებოდა. ყოველ შემთხვევაში, გამოიყენეს ეს მიდგომა, რამაც საბოლოო შედეგი ვერ გამოიღო. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვერ განსაზღვრა, რომ ორმაგი პოლიტიკა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ატარებდა, უპერსპექტივო აღმოჩნდა. სხვა შემთხვევაში, ის არ განიზრახავდა ისეთივე ორმაგი პოლიტიკის გატარებას.

ორმაგ პოლიტიკასთან ერთად, რუსეთთან დაკავშირებით ე. წ. პატარა ნაბიჯების პოლიტიკამ, კერძოდ კი, ზურაბ აბაშიძის დანიშვნამ და ამის მომდევნო შეხვედრებმა ზ. აბაშიძესა და გრ. კარასინს შორის, მცირე ცვლილებები გამოიწვია, უფრო ფართო მასშტაბით კი სტაბილურად ჩანს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესება. ამავე დროს ევროკავშირის წარმომადგენლებმა დატოვეს საქართველო ბედის ანაბარად და ფაქტობრივად თქვეს: ”ჩვენ გეხმარებით თქვენ საქართველოში, რომ გააუმჯობესოთ ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ თვით პროცესთან დაკავშირებით. ასე განაგრძეთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!” ამრიგად, საქართველომ კარგად უნდა აწონ-დაწონოს და გააკეთოს სამიდან ერთ-ერთი არჩევანი:

ა. გაჰყვეს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, რადგან ევროპული ოცნება შესაძლოა ვერ ასრულდეს და ნატოში გაწევრიანების მიზანი თანდათანობით მინავლულ მოგონებად იქცეს;

ბ. შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მარტომ, ყველა ფასად, რადგან მეზობელი თურქეთი არ აპირებს საქართველოს მიმართ შეიარაღებული მხარდაჭერა გამოხატოს

რუსეთის წინააღმდეგ;

ანდა

გ. დანებდეს პუტინის სურვილებს და გახდეს საბაჟო კავშირის და, შესაბამისად, ევრაზიის კავშირის წევრი.

თითოეულ არჩევანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც დიდი სიფრთხილით უნდა შეფასდეს. აღარ უნდა განმეორდეს უკანასკნელი 12 თვის მანძილზე მიღებული გაკვეთილები. ერთ რამეს კი უნდა გაესვას ხაზი: დღესდღეობით პუტინსა და მის ადმინისტრაციას არ სურთ მისცენ საქართველოს მთავრობას მოსაფიქრებელი დრო პოლიტიკური არჩევანის გასაკეთებლად. წყალობის პერიოდი დასრულდა. წერტილი დასმულია. რაც შეეხება რუსეთის მხარეს, ”დავიცადოთ და შევხედოთ”-ის პოლიტიკა დასრულდა. პუტინმა მკაფიოდ განაცხადა: ”მე არ ვაპირებ ავიტანო საქართველოს მთავრობის სიჯიუტე და ცუდი საქციელი. არ იფიქროთ, რომ კვლავაც შეძლებთ ჩემს მოტყუებას. მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკა გაგრძელდება სრული სვლით და თქვენ, საქართველოში, შეგიძლიათ დაიჩივლოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგინდებათ. თქვენი მხარდამჭერები ევროკავშირიდან კვლავაც მოკრძალებით მოიქცევიან და ფრთხილადაც ილაპარაკებენ. დაბოლოს, გაიხსენეთ ჩემი ინტერვიუ სოფო შევარდნაძესთან და გამოიტანეთ სწორი დასკვნა. არჩევანი თქვენს ხელშია. თუ თქვენ აირჩევთ მართებულ გზას, ეს თქვენთვის იქნება სასიკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგზე პასუხისმგებლობა თქვენვე დაგეკისრებათ.