"სააკაშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება დიპლომატიურ ომს ნიშნავს..." (ექსკლუზივი)
"სააკაშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება შოვინისტისა და რუსეთის აგენტის, ცარიოვის ინიციატივა იყო"
"მსგავს ფაქტს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს"
გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს 29 მოქალაქე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. თავისთავად ცხადია, ამ ახალმა ამბავმა საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია...
ამ და სხვა საკითხებზე უკრაინის საგანგებო დავალებათა ელჩი რაულ ჩილაჩავა გვესაუბრა.
- ბატონო რაულ, როგორი სიტუაციაა ამ ეტაპზე უკრაინაში?
- ამ დროისთვის ვითარება დროებით ჩაწყნარდა, მეიდანზე ათასზე მეტი ადამიანი რჩება, მაგრამ შაბათ-კვირისთვის ელოდებიან ხალხმრავლობას. უკვე იყო მოწოდებები ოპოზიციური ლიდერებისგან, რომ ახალ წელს მეიდანზე შეხვდნენ. რაც შეეხება დათმობას, ნებისმიერ საკითხზე, ეს იანუკოვიჩისგან წარმოუდგენელია, რადგან მას უკანდასახევი გზა არ აქვს. იცით ალბათ, რომ 9 წლის წინ მან წააგო მეიდანზე და ახლა მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი მასზე რევანშია. გარდა ამისა, ბოლო წლებში, ის და მისი გარემოცვა ისე გამდიდრდნენ, რომ გადადგომის შემთხვევაში, მის სიმდიდრეს კი არა, თავად თავისუფლებას ემუქრება საფრთხე. შესაძლოა, ის გადადგომის დღესვე მისცენ პასუხისგებაში, ისევე, როგორც მან გაუყენა ტიმოშენკო ციხის გზას. იგი მზადაა სრულ იზოლაციაშიც მოაქციოს უკრაინა, თუ ეს ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი და კიდევ 29 მოქალაქე უკრაინაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს...
- არ არის ეს ფაქტი დამტკიცებული. ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა დეპუტატმა, პირწავარდნილმა შოვინისტმა, გვარად ცარიოვმა გაავრცელა, რომელიც პრაქტიკულად რუსეთის აგენტია უკრაინაში და ამას არც მალავს. მისი ინიციატივა იყო, რომ 36 ადამიანის სია წარედგინა საგარეო საქმეთა სამინისტროს. გუშინვე კი, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მან ეს სია ინტერნეტში ნახა. ერთიცაა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება საგარეო საქმეთა სამინისტროსი კი არა, უშიშროებისა და საემიგრაციო სამსახურების პრეროგატივაა. მათგან მსგავსი გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გახმოვანებულა. ეს უბრალოდ, სასურველის სინამდვილედ გასაღების მცდელობაა... ისე კი, აქ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აზრთა სხვავადასხვაობაა, ერთ ნაწილი, უფრო სწორად უმრავლესობა, მიიჩნევს, რომ ის არის პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოსთვის ბევრი რამ გააკეთა. ამიტომაც, მიედანზე მის გამოსვლას კეთილგანწყობით შეხვდნენ. პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი მის მიმართ აგრესიულად არის განწყობილი, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილის მიმართ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს მათ იმიჯზე ცუდად იმოქმედებს. რამდენადაც ვიცი, საქართველოს საელჩომ ოფიციალური შეკითხვა გაუგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამის პასუხს ელოდება. თუმცა, პასუხი ჯერჯერობით არ არის... ამასთან, დიპლომატიაში ცნობილია, რომ მსგავს ფაქტს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს. ანუ ასეთი ნაბიჯი, პრაქტიკულად, დიპლომატიურ ომს ნიშნავს და უკრაინას, მგონი, არ უნდა უღირდეს ამის გაკეთება...
- როგორ აღიქმება იქ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესები?..
- ამასთან დაკავშირებითაც აზრთა სხვადასხვაობაა, ერთ ნაწილს მოსწონს და მიაჩნია, ეს ასეც უნდა ხდებოდეს, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებს ვგულისხმობ, მეორენი ამას ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი რეფორმატორები იყვნენ და გუნდი, რომელიც დღეს ქვეყნის სათავეში მოვიდა, პრორუსულია და 9 წლის განმავლობაში გაკეთებულის დანგრევას ცდილობს.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)