"ნაციონალური მოძრაობა" 3-0 "ქართული ოცნება" (ადგილობრივი თვითმმართველობის თასი) - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" 3-0 "ქართული ოცნება" (ადგილობრივი თვითმმართველობის თასი)

1:0 მერაბიშვილი, 2:0, 3:0 ფარცხალაძე (ავტოგოლი), წითელი ბარათი: უგულავა

დეკემბრის თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის თასისსათვის დაწყებული ტურნირის ფარგლებში, ერთმანეთს და საქართველოს მოქმედი მოქმედი ჩემპიონი "ქართული ოცნება" და მეორე ადგილოსანი "ნაციონალური მოძრაობის" გუნდები დაუპირისპირდნენ.

საზოგადოებისათვის მოულოდნენლად ნაციონალურმა მოძრაობამ იოლ გამარჯვებას მიაღწია.

გოლი პირველი: ვანო მერაბიშვილის განცხადება, ციხიდან მის გაყვანაზე

შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის კაპიტნის, ვანო მერაბიშვილის, აქტიურობით დაიწყო. მან, მოულოდნელად შეუტია ოთარ ფარცხალაძის ფლანგს, ადვილად მოატყუა იგი და კარში გადაგზავნა ბურთი. ასე გაიხსნა ანგარიში ამ შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ ფარცხალაძის დაზღვევა ვერ შეძლო მისმა თანაგუნდელმა სუბარმა. მას, ერთი შეხედვით, ძალიან იოლად შეეძლო მერაბიშვილის განეიტრალება, თუმცა მან ეს არ მოიმოქმედა და მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანს გოლი გაატანინა. მართალია პირველ გოლში ყველაზე მეტად ფარცხალაძე და სუბარი არიან დამნაშავეები, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არც წულუკიანს ან რომელიმე სხვა თანაგუნდელს შეუწუხებია თავი ამ ეპიზოდის განსამუხტავად.

გოლი მეორე: ოთარ ფარცხალაძის დიპლომი

მეორე გოლი "ნაციონალურმა მოძრაობამ" კომპლექსურად გაიტანა. მასში მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ეს გაშვებული გოლი ფარცხალაძის სინდისზეა, რომელმაც ულამაზესი მაკრატელით საკუთარი კარის ცხრიანში გადაგზავნა ბურთი ანუ საზოგადოებას აცნობა, რომ საქართველოში, ახდენილი ოცნების ქვეყანაში, მთავარ პროკურორი შეიძლება უდიპლომო სასიძო იყოს.

უგულავას წითელი და დისკვალიფიკაცია

ორი უპასუხო გოლის შემდეგ "ქართული ოცნება" "გააქტიურდა", მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. "ოცნების" ერთ-ერთი შეტევის ჩაშლისთვის, მატჩის არბიტრმა, დალი მეტრეველმა, ნაციონალური მოძრაობის საყრდენი უგულავა გააძევა, ფედერაციამ კი უგულავას უვადო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ეს ფაქტი დიდი განხილვის საგანი გახდა. ძნელი სათქმელია, სამართლებრივად რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო არბიტრმა, თუმცა, ერთი რამ ცხადია, ასეთი ფაქტი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ დაფიქსირებულა და ეჭვი მაქვს, არც დემოკრატიული სამყაროს ქვეყნების ისტორიაა განებივრებული ასეთი ფაქტებით. უგულავას დისკვალიფიკაციაზე კომენტარები გააკეტეს უცხოელმა სპეციალისტებმა და აღნიშნეს, რომ გულშემატკივრების მიერ პირდაპირი წესით არჩეული მოთამაშის დისკვალიფიცირება არბიტრის მიერ არასწორი საქციელია. ყველაფერი ეს დადებითად ნამდვილად არ აისახება "ქართული ოცნების" შემდგომ შეხვედრებში, თანაც, მიუხედავად დისკვალიფიკაციისა, უგულავა მინდვრის გარედანაც შეძლებს "ნაციონალური მოძრაობის" დახმარებას.

გოლი მესამე: ფარცხალაძის ნასამართლეობა

უგულავას დისკვალიფიკაციით "ქართულმა ონებამ" რომ დიდად ვერ იხეირა, ეს მესამე გოლითაც დამტკიცდა. გაფრთხილებიდან მოკლე დროში, ამ მომენტისათვის უკანასკნელი გოლი სწორედ მოედანზე შემოვარდნილმა გიგი უგულავამ "გაიტანა". მან ეფექტურად შეუტია, ისევ და ისევ, ოთარ ფარცხალაძის ფლანგიდან და პირდაპირ ცხრიანში გაისროლა. ვერც მეკარემ და ვერ სხვა თანაგუნდელებმა ვერ შეძლეს ფარცხალაძის დაზღვევა, თუმცა წინა ეპიზოდებისგან განსხვავებით, ამჯერად სცადეს, მაგრამ ამაოდ. გოლი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ უგულავას დისკვალიფიკაციას ყურადღება აღარავინ მიაქცია და იგი ჩაითვალა.

დეკემბრის შეხვედრამ დაანახა მაყურებელს, რომ "ქართულ ოცნებას" მობილიზება სჭირდება და რომ დაცვაში აშკარა პრობლემებია. ფაქტია, კბილაშვილის შემცვლელი ამ დაპირისპირებაში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ფარცხალაძე შესაცვლელია.

ძნელი სათქმელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ქართული ოცნების" სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა, თუმცა ერთი რამ ცხადია, ასეთი თამაშითა და შემადგენლობით მათ ძალიან გაუჭირდებათ "თვითმმართველობის თასის" მოგება და თუ კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები 2014 წელს არ გამოსწორდა, დიდი ალბათობით, ჩემპიონობასაც დაემშვიდობებიან.

დაველოდოთ როგორი იქნება ამ გუნდების შემდეგი დაპირისპირება, რომელიც სავარაუდოდ იანვრის მეორე ნახევარში შედგება.